დასავლეთის ქვეყნები აჩქარებენ ქაბულიდან საკუთარ საელჩოთა პერსონალის გაყვანას

აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი აშშ-ის საელჩოს შენობასთან. ქაბული, 15 აგვისტო.

დასავლეთის ქვეყნები აჩქარებენ ქაბულიდან საკუთარ საელჩოთა პერსონალის გაყვანას მაშინ, როცა ავღანეთის დედაქალაქის გარეუბნებში თალიბი მებრძოლები შევიდნენ თითქმის მთელ ქვეყანაზე კონტროლის დაწესების შემდეგ.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 15 აგვისტოს განაცხადეს, რომ დიპლომატები აშშ-ის საელჩოდან ვერტმფრენებით მიჰყავთ აეროპორტში.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და აეროპორტს შორის ვერტმფრენები და დაჯავშნილი ავტომობილები მოძრაობენ.

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს განკარგულება გაეცათ, გაანადგურონ მგრძნობიარე მასალები, ასევე საელჩოსა და უწყებათა ემბლემები, აშშ-ის დროშები ან სხვა ნივთები, რომლებიც შეიძლება „პროპაგანდისტული მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული“. ამის თაობაზე CNN-ი იუწყება საელჩოს პერსონალისთვის დაგზავნილ შეტყობინებაზე დაყრდნობით.

ავღანეთში 13 აგვისტოს დაიწყეს ჩასვლა აშშ-ის დამატებითი 3000 ჯარისკაცის პირველმა შენაერთებმა. მათი ამოცანაა საელჩოს ევაკუაციაში დახმარება და ქალაქის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კერბის თქმით, დამატებითი ჯარების ქაბულში ჩასვლა 15 აგვისტოს დასრულდება და „მათ შეეძლებათ დღეში ათასობით ადამიანი გამოიყვანონ“ ქალაქიდან.

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ზამირ ქაბულოვის თქმით, მოსკოვს ასეთი გეგმა არ მოეპოვება. როგორც ქაბულოვმა უთხრა რუსეთის მედიას, მას „პირდაპირი კავშირი“ აქვს ქაბულში რუსეთის ელჩთან და საელჩოს თანამშრომლები „მშვიდად“ მუშაობენ.