"დანის პირზე სიარული" - სამედიცინო სექტორი კოლაფსის ზღვარზე

პაციენტი გადაჰყავთ გამოკვლევების ჩასატარებლად, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, 30 ნოემბერი, 2020 წ.

დღეში კორონავირუსის ათასობით ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არ მალავენ - პიკში ჯერაც არ შევსულვართ. კიდევ რამდენს გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა და რა მოხდება, როცა ვეღარ გაუძლებს?

ახალი რეკორდი! საქართველოში კორონავირუსი 47 ათასზე მეტ ადამიანს სჭირს. ეს დადასტურებულად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აღიარებს, რომ სინამდვილეში მათი რიცხვი „20-25%-ით უფრო მაღალია”. ამ დროისთვის, „ყოველი 50-ე, მე-60 მოქალაქე არის ინფიცირებული”, - განაცხადა მან დღეს გამართულ ვებინარზე.

„ორი კვირაა, დანის პირზე დავდივართ, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძე, - გაჩერებული გვაქვს გეგმური ოპერაციები და ამ ფონზე, რესურსების 99% მიმართულია კორონასკენ”.

ალექსი ვაჩაძე

მისი თქმით, 250-ვე საწოლი დაკავებულია. ახალ პაციენტებს მხოლოდ იმის წყალობით იღებენ, რომ ყოველდღიურად ზოგი კოვიდინფიცირებული ეწერება, ზოგი კი იღუპება. კლინიკა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, სრულად იყენებს რესურსს და „ერთი ექთანიც რომ დაგვიავადდეს, უკვე ახლოს ვიქნებით კატასტროფასთან”.

ადგილები ილევა სხვა საავადმყოფოებშიც. 12 აგვისტოს ლევან რატიანმა ტვ პირველს დაუდასტურა, რომ ადგილების არქონის გამო მისმა კლინიკამ უარი უთხრა მიღებაზე 31 წლის ფეხმძიმე ქალს, რომელსაც ნაყოფი დაეღუპა.

10 აგვისტოს თბილისელ სალომე კვირიკაშვილს ბაბუა დაეღუპა, „ონკოპაციენტი იყო, სუნთქვა გაუჭირდა და უჟანგბადობა ჰქონდა”. 112-ის ოპერატორთან დაკავშირებას სალომე 4 წუთი ელოდა, სასწრაფო კი საათ-ნახევრის დაგვიანებით მოვიდა.

„ბაბუას შანსი არ ქონდა, როგორც აგვიხსნეს და ნუ, კი ბატონო, ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ სანამ მოვიდოდნენ, მათ ხომ ეს არ იცოდნენ, იცოდნენ, რომ ადამიანი კვდებოდა, სუნთქვა უჭირდა და სისხლჩაქცევები გაუჩნდა სხეულზე უჟანგბადობით”, - ამბობს სალომე.

რატომ ვართ კატასტროფის პირას?

„დელტა შტამი”, - ასე პასუხობს ამ კითხვას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე. ამასთანავე, მისი თქმით, გვერდს ვერც ხელისუფლების არაკომპეტენტურობას ავუვლით.

სანდრო ურუშაძე განმარტავს - მმართველი გუნდის შეცდომა ისაა, რომ ქვეყანაში პანდემიაზე რეაგირების გეგმა არ არსებობს. უფრო სწორად, არსებობს, მაგრამ „მხოლოდ ფურცელზე”. სახელმწიფო რეაგირებს „სიტუაციიდან გამომდინარე”, ეს კი საკმარისი არ არის.

სანდრო ურუშაძე

„კვლევა უნდა ტარდებოდეს შემთხვევების, სამედიცინო სექტორის დატვირთვის, ინფიცირების გავრცელების გზების და ამის მიხედვით უნდა ხდებოდეს რეაგირება, - ამბობს იგი, - გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგიული მართვის ინსტრუმენტები არა გვაქვს ქვეყანაში და მთლიანად დამოკიდებული ვართ საკოორდინაციო საბჭოს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე”.

თუმცა, რამდენად არაკომპეტენტურიც არ უნდა იყოს ხელისუფლება და რა სახიფათოც არ უნდა იყოს კორონავირუსის მუტირებული ვარიანტი, მთავარი პრობლემა მაინც აუცრელობაა.

„ჩვენთან [სრულად] ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა ძალიან მწირია - 5%-ზე ნაკლებია. ანუ, თუ შევადარებთ, რატომ აქვთ სხვა ქვეყნებს უფრო ნაკლებად დატვირთული ჰოსპიტალური სექტორი და ნაკლები ადამიანია გარდაცვლილი ბოლო პერიოდში, ამის მთავარი პასუხი არის ვაქცინაციის მაჩვენებლები, მათ შორის, ორჯერ ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა”, - ამბობს სანდრო ურუშაძე.

არადამაიმედებელი პროგნოზები

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აღიარებენ - ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ყოველდღე, ინფიცირებულთა 13% ხვდება სტაციონარში”, - განაცხადა 11 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

არსებობს უფრო საგანგაშო პროგნოზებიც.

ამერიკული ორგანიზაცია, ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME), სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, პანდემიის განვიითარების შესაძლო სცენარებს ანგარიშობს. საქართველოს შესახებ მონაცემები, მათ ბოლოს 5 აგვისტოს განაახლეს.

ყველაზე უარესი სცენარის თანახმად, აგვისტოს ბოლოსთვის, დღეში 80 ადამიანზე მეტი დაიღუპება.

ამავდროულად, IHME-ის გამოთვლებით, საქართველოში კორონავირუსით დღეში იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე ჯანდაცვის სისტემა აფიქსირებს.

მათი ცხრილის მიხედვით, მხოლოდ 6 აგვისტოს, უკეთეს შემთხვევაში, 13 ათასი ადამიანი დაავადდა, უარეს შემთხვევაში კი - 16 ათასზე მეტი.

რას ნიშნავს კოლაფსი?

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კოვიდიანი პაციენტებისთვის ქვეყანაში სულ 8 ათასი საწოლია გამოყოფილი. ანუ მალე საავადმყოფოებს მოუწევთ, უარი უთხრან კრიტიკულ პაციენტებს? ბოკერიას კლინიკის კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძე შიშობს, რომ ეს გარდაუვალია.

„რამდენიმე დღეა, უკვე 5 ათასზე [შემთხვევაზე] ვართ. ამ ხუთი ათასების მიღებები ჯერ არ გვიგრძვნია, ეს მოვა რამდენიმე დღეში. ახლა წინა დღეების, უფრო დაბალი რიცხვების მიღებებს გავყავართ ამ წითელ ზოლზე და ახლა ხო წარმოგიდგენიათ…” - ამბობს იგი.

დელტა შტამის მქონე პაციენტები კლინიკაში საშუალოდ 12-14 დღეს ატარებენ. ალექსი ვაჩაძეს სწორედ ეგ აშინებს - პაციენტების ნაკადი რომ გაიზრდება, შესაძლოა, ყველა ადგილი დაკავებული დახვდეთ.

სანდრო ურუშაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, წესით, სახელმწიფო ახლა გადატვირთვის სავალალო შედეგის შემცირებაზე უნდა მუშაობდეს.

ასეთ დროს, საველე ჰოსპიტლების შექმნასთან ერთად, „ხდება რეზერვების შექმნა დაუსაქმებელი ექიმებისგან, სტუდენტებისგან მაღალი კურსის, ოღონდ მათი სწავლება მიმდინარეობს პარალელურად. ეს ხდება წინასწარ. როგორც ბრძოლის დროს ჯარი მზადდება და რეზერვი მზადდება, იგივე სცენარით ხდება მზადება პანდემიების და კრიზისული სიტუაციების მართვის დროს”.

პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ დამატებითი საწოლების დადგმა იგეგემება, და რომ პანდემიასთან ბრძოლაში მალე ჩაერთვებიან სამხედრო ექიმები და მაღალი კურსის მედიცინის სტუდენტები.

მაგრამ გადატვირთულობა მხოლოდ კოვიდინფიცირებულების სიკვდილიანობის ზრდას არ გამოიწვევს. საფრთხე სხვებსაც ემუქრებათ.

„არაინფიცირებული პაციენტები, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება, ქრონიკული პაციენტები გამწვავების დროს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტები, პაციენტები, რომლებიც დიალიზზე არიან, ონკოლოგიური პაციენტები… ამ ადამიანების მომსახურება ყოვნდება… მაგალითად, სასწრაფო, რომელიც იგვიანებს რამდენიმე საათი, ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ინსულტიანი პაციენტისთვის”, - ამბობს სანდრო ურუშაძე.

***

ალექსი ვაჩაძეს ეშინია, რომ მალე თავის კოლეგებთან ერთად, შესაძლოა, რთული მორალური დილემის წინაშე დადგეს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მათ მოუწევთ აირჩიონ, ვინ გადაარჩინონ და ვინ გაიმეტონ სიკვდილისთვის, როგორც ეს 2020 წლის მარტში იტალიაში ხდებოდა.

ექიმის თქმით, ამ დისტოპიური მომავლის თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეუძლიათ. ისინი უნდა აიცრან. რაც შეიძლება მალე.