ვინ არის ეს ბავშვი?! ვინ არის ეს ბიჭი?! საიდან მოვიდა?! - შეკითხვებს სვამდნენ სოციალურ ქსელებში 12 აგვისტოს, როცა 24 წლის ცოტნე კობერიძე დედაქალაქის ვიცე-მერის პოსტზე ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატად დასახელდა. მანამდე კი, ამ გზაზე ცოტნე კობერიძემ თავისი პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ შიდა პრაიმერიზში გაიმარჯვა. ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს? რის გაკეთებას აპირებს? როგორი იქნება საქართველო 10 წლის შემდეგ? - რადიო თავისუფლებამ ცოტნე კობერიძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
რადიო თავისუფლება: თქვენს ფეისბუკგვერდზე ერთგან თვალი მოვკარი მოწოდებას - დაგუგლეთო... ჰოდა, ვინც არ გიცნობთ, ვიდრე დაგუგლავენ, რას ეტყოდით - ვინ არის ცოტნე კობერიძე?
ცოტნე ვინ არის, ასე დავიწყო?! მე ვარ. 24 წლის ვარ. განათლებით - პოლიტიკის მეცნიერი. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი პოლიტიკით ... 19 წლის ვიყავი, „გირჩში“ რომ მივედი პირველად.
მაშინ ბევრს ვკითხულობდი პოლიტიკაზე. დავინტერესდი ერთი ავტორით, რომელიც მცირე სახელმწიფოს იდეას ქადაგებდა და მერე დავინახე, რომ პოლიტიკაში იმავეს ლაპარაკობდა ზურაბ ჯაფარიძე.
უბანში ჩემთან, მუხიანში, ჩემს ძმაკაცს შევხვდი და ვილაპარაკეთ ამაზე. ავდექით და ასე გულუბრყვილოდ მივედით „გირჩში“. მაშინ „ილიაუნის“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტუდენტი ვიყავი. დილით ლექციებზე მივიდოდი ხოლმე და მერე - „გირჩში“.
მერე მაგისტრატურაზეც ჩავაბარე, ასევე პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. ახლა სამაგისტრო ნაშრომი მაქვს დასაწერი.
„გირჩში“ ცვლილებები რომ მოხდა და პარტია გაიყო, მე ზურაბ ჯაფარიძეს დავუჭირე მხარი და ამჟამად ვარ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პოლიტიკოსი. პარტიის წევრი.
თავიდან აქტივისტი ვიყავი - ბუკლეტებს ვარიგებდი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოორდინატორი ვიყავი მთაწმინდის საარჩევნო უბანზე. უბრალოდ, მსიამოვნებდა ადამიანების კარზე კაკუნი და მათთან საუბარი.
რადიო თავისუფლება: რას გაიხსენებდით პარტიაში გაკეთებული საქმეებიდან?
„გირჩში“ რომ მივედი, დავიწყე ბლოგებისა და სტატიების წერა. საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მერე პარტიაში თქვეს - ამ ბიჭს, მგონი, ჭკუა მოეკითხება და იქნებ ეთერებშიც წავიდესო.
მახსოვს, „კავკასიაზე“ დებატები მქონდა კულტურის ყოფილ მინისტრთან, ნიკა რურუასთან. რომ მივედი, გაოცებული სახე ჰქონდა - ეს ბავშვი ვინ არისო? ვიცი, ასაკთან შედარებით ჩემი ჰაბიტუსი კიდევ უფრო ახალგაზრდულია. რაღაცნაირად უპატივცემულობას ვგრძნობდი დასაწყისში, მაგრამ როცა დასრულდა ეთერი, ყველამ სხვანაირად შემომხედა. „გირჩში“ პარტიის სპიკერის ფუნქციასაც ვასრულებდი.
დაახლოებით 2 წლის წინ, დავაფუძნე „გირჩი TV“ და მქონდა ჩემი გადაცემაც... ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ აი, ასე, უბრალოდ ვსაუბრობდით მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე. ამ დროს გავიცანი პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ძალიან კარგად.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება: ახლა თქვენ ხართ ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვიცე-მერის პოსტზე. პარტიამ თქვენ პრაიმერიზის გზით შეგარჩიათ. როგორ ფიქრობთ, რატომ გამოგიცხადეს ამხელა ნდობა?
ერთი მხრივ, პარტია ძალიან კარგად მიცნობს, სულ მაკვირდება და მენდობა. პარტიის მიზანია მეტი თავისუფლების მცირე სახელმწიფოს როლის იდეის გატანა. ჩვენთვის ინსტიტუციურ თანამდებობაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფიქრებს - რომ ადამიანებს მოსწონდეთ ის იდეები, რაც ჩვენ გვაქვს.
ვფიქრობ, პარტიაში ადამიანები ენდნენ ჩემს გამოცდილებას, რაც მე ამ იდეებზე საუბრის მხრივ მაქვს და ასევე, საკუთარ თავზე მუშაობის პრაქტიკას, რაც მე მაქვს.
გარდა ამისა, განსხვავებული ტიპის კანდიდატი ვიქნები. როგორც მინიმუმ, რომ შემომხედავენ, გაბრაზდებიან მაინც - ეს ბავშვი ვინ არისო... და მერე მოსმენას დამიწყებენ... თუ მომისმენენ, გაბრაზებული გულით თუ ოპტიმისტურად, ჯამში, ხინჯს ვერ იპოვიან. შეიძლება ბევრიც მაკრიტიკონ, მაგრამ იმედია, ბოლოს მოეწონებათ.
რადიო თავისუფლება: თუკი დედაქალაქის ვიცე-მერის პოსტზე მოხვდებით, რას გააკეთებთ?
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები საქართველოში. თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ იმ დათქმით ვიღებთ მონაწილეობას. თუ მოვახერხეთ გამარჯვება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში მთელი პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება.
წინასაარჩევნო კამპანიაში ხალხთან რა კონტრაქტსაც გავაფორმებთ, ანუ რა იდეებითაც მივალთ, შემდეგ უკვე, მხარდაჭერას თუ მოვიპოვებთ და ლეგიტიმაცია გვექნება, დავიწყებთ უკვე კომუნიცირებას საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების მისაღწევად.
რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რა იდეებია? რამდენიმეზე რომ გვითხრათ.
მაგალითად, გვაქვს თვითმმართველობის დონეზე საგადასახადო დეცენტრალიზაციის იდეა, რაც მოიტანს მეტ კონკურენციას თვითმმართველ ქალაქებს შორის. შესაძლოა, ზოგს უფრო დაბალი საგადასახადო წნეხი ჰქონდეს და მეტი ინვესტიცია მოიზიდოს.
ასევე, მაგალითად, გვინდა პოლიციაში შერიფის ტიპის ინსტიტუტის შემოღება. შეიძლება უცბად ვერ მოესწროს, რომ არჩევითი იყოს, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება დამოუკიდებლად არ უნდა წყვეტდეს - ჩვენს ქალაქში ვინ იქნება პოლიციის უფროსი.
გვაქვს პროექტები ეკონომიკური რეფორმების კუთხით. მაგალითად - საკუთრების პროექტი, პრივატიზაციის პროექტია მნიშვნელოვანი. თვითმმართველ ორგანოს უფრო მარტივად შეუძლია აღწერა - რა საკუთრებას ან რესურსს ფლობს ქალაქი ან მუნიციპალიტეტი და შემდეგ მოახერხოს ამ რესურსების კერძო საკუთრებაში გადაცემა.
სასამართლო სისტემაში გვჭირდება ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები. მაგალითად, მოსამართლეები უნდა იყვნენ არჩეული, ზედა პალატაში უნდა იყვნენ უცხოელი მოსამართლეები, უნდა გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ამასაც ასევე სჭირდება ცვლილებები ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
რადიო თავისუფლება: თქვენც იცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ანულირება გაუკეთა „შარლ მიშელის შეთანხმებას“ და აღარ აღიარებს 43%-იან ზღვართან დაკავშირებულ დათქმას. ხელისუფლებამ თქვა, რომ - რიგგარეშე არჩევნები არ იქნება 2024 წლამდე. თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ იქნება?
თუკი „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ისე უსუსტდება ლეგიტიმაცია, რომ დათქმის გარეშეც გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მიზანი უნდა იყოს, რომ ხელახლა მოიპოვოს ლეგიტიმაცია და ბუნებრივია, ამისთვის უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
თუ ჩვენ, ოპოზიცია, ხალხის მხარდაჭერით მოვახერხებთ „ქართული ოცნების“ დამარცხებას, დასავლური ინსტიტუტების წნეხი გაიზრდება ხელისუფლებაზე, რადგან გამოჩნდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ მოახდინა ამ შეთანხმების („შარლ მიშელის შეთანხმება“) ანულირება, რომ მართლა აგებდნენ და, შესაბამისად, სიტყვა იმიტომ გატეხეს, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება უნდოდათ.
ასეთ შემთხვევაში, გაიზრდება როგორც საგარეო წნეხი, ასევე წნეხი ქვეყნის შიგნითაც.
რადიო თავისუფლება: „გირჩის“ იდეები ხშირად ხდებოდა კრიტიკის სამიზნე, განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანების მხრიდან... მაგალითად, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მოთხოვნილი მეტი თავისუფლება და ასე შემდეგ... თქვენც ყოფილხართ მსგავსი საჯარო მწვავე დისკუსიების მონაწილე... რას ვერ გიგებენ?
კი, წინააღმდეგობა არის და არ არის ისეთი მიმღებლობა, როგორიც მე გამიხარდებოდა. ერთ-ერთი მთავარი, რაშიც ერთმანეთს ვცდებით, არის ადამიანების მიმართ ნდობა. ადამიანი ხშირად ფიქრობს - მე კი გამოვიყენებ თავისუფლებას სწორად, მაგრამ აი, სხვები არ მოიქცევიან კარგად და ამ შიშის გამო ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება - სხვებს ცხოვრება პოლიციის ძალით ასწავლონ. ჩემი აზრით, აი, ეს იდეაა გადასატეხი.
თუკი ადამიანები გავიაზრებთ, რომ ამ ცხოვრებაში ოპერირების ერთადერთი საშუალებაა თავისუფლება, შეცდომის დაშვების უფლება და მიღებული გამოცდილება, ეს ჩვენ განვითარების საშუალებას მოგვცემს.
ეს შიშები ასაკოვან ხალხს უფრო მეტი აქვს, რადგან ბევრად უფრო კონსერვატიულები არიან. მთელი ცხოვრება რაღაც ეთიკით იცხოვრეს და სიახლის შეტანა ამ ეთიკურ ღერძს რევოლუციას უწყობს.
რადიო თავისუფლება: ანუ უფრო ახალგაზრდების მხარდაჭერის იმედი გაქვთ? თუ ცდილობთ უფრო ასაკოვანი ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებასაც?
ხშირად მიფიქრია, რადგან ახალგაზრდა ვარ, ჩემგან მოსმენილს უფრო ახალგაზრდები მიიღებდნენ... მაგრამ ხშირად ვხედავ ხოლმე ასევე ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც ჩემს მიმართ სიმპათია და ემპათია უჩნდებათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ის არის, რომ ნიჰილისტურად უყურებენ მათთვის ნაცნობ პოლიტიკურ სპექტრს.
რაღაცნაირად, უცხო რომ ვარ და გამოუცდელი, ეს რაღაცნაირად თითქოს მეხმარება. ამიტომ ამ ბოლო დროს სულ უფრო ვერიდები ასაკობრივ დიფერენცირებას. „გირჩიც“ იზრდება და გვიწევს საუბარი ყველასთან, ყველა სეგმენტთან.
რადიო თავისუფლება: მოკლედ, როგორც ჩანს, პოლიტიკა მოსაწყენი არ არის 24 წლის ცოტნე კობერიძისთვის... მოგწონთ დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში? რას გვეტყოდით ნაკლზე? რას შეცვლიდით?
პოლიტიკა მოსაწყენი რომ არ გახდეს, ის ისეთი უნდა გახდეს, როგორიც მე მინდა. ყველა ადამიანმა ასე უნდა იფიქროს და უნდა ეცადოს, რომ პოლიტიკა გახადოს ისეთი, როგორც თავად მოსწონს. სხვა შემთხვევაში, მოუწევს გახდეს სხვისნაირი.
პოლიტიკა არ უნდა იყოს სამსახურივით, სადაც დადიხარ და იმედი გაქვს, რომ ფული იქნება ოდესმე - ან ხელფასის მხრივ, ან სხვა მხრივ. მკაფიოდ მაქვს გააზრებული, რომ ერთი ცხოვრება მაქვს მოცემული. „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“-ო და კაცმა არ იცის, რა არის ჩვენი იმ მომავალში.
ზუსტად ვიცი, რომ არ არის კარგი, როცა ამ ერთადერთ ცხოვრებაში ადამიანები ერთმანეთს ხელს ვუშლით - ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღებაში. ეს ძალიან მაწუხებს. ვფიქრობ, ყველა ადამიანს უნდა, რომ ბედნიერება მიიღოს ამ ცხოვრებიდან.
ჩემი აზრით, პოლიტიკოსის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ადამიანებს საკუთარი ფიქრები გაანდოს და მათთან ერთად იფიქროს. თუ უბრალოდ გისმენს, მაშინ აზრი არა აქვს. მან შენთან ერთად უნდა იფიქროს. იდეა უნდა გადასცე ადამიანებს, რასაც „გირჩი“ აკეთებს, და ამ იდეამ ის ადამიანი ისე უნდა შეაწუხოს, რომ ვერ მოისვენოს, ვერ დაიძინოს და მოუნდეს, რომ მეორე დილით სხვას მოუყვეს.
რადიო თავისუფლება: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ტიპის პოლიტიკოსის მოდელს ქმნით?
კი. ეს არის პოლიტიკოსი, რომელსაც, რა ვიცი, შეგვიძლია ინფლუენსერიც დავარქვათ. მთავარია, რომ ის იდეის გამავრცელებელი იყოს. როცა საზოგადოებაში იდეები არსებობს, პოლიტიკური დაკვეთებიც იცვლება.
„ქართული ოცნება“ დღეს რომ ისეთია, როგორიც არის, ცხადია, ამორალურობის ბრალიც არის; მაგრამ ამდენის უფლებას რომ აძლევენ თავის თავს, ნიშნავს, რომ ხალხში მკაფიო იდეები და წარმოდგენები არ არსებობს.
შეიძლება ხვდებიან, რომ გრძელვადიანად რაღაც ცუდს აკეთებენ, მაგრამ თუ ხვდებიან, რომ ეს შეიძლება პოპულისტური იყოს, ამ ნაბიჯს მაინც გადადგამენ. მაგალითად, მე ღრმად მჯერა, რომ [ირაკლი] კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რა არის სწორი და რა არასწორი და კონსტიტუცია იმ კაცს არავისგან ესწავლება, მაგრამ როდესაც თვითონ გახდა თანამდებობის პირი, ეს ყველასათვის ბუნჩულა, კარგი ლექტორი გადაიქცა იმად, რადაც გადაიქცა. ეს ყველაფერი რამ უქნა? ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა და ამ ფარგლებში უმრავლესობის დიქტატზე მინდობამ. ამიტომ ყველაფერს ხაზი გადაუსვა, რაც სწორია.
თუ გრძელვადიანად გვინდა ამ ქვეყანაში რაიმეს შეცვლა, ადამიანები უნდა შევიცვალოთ და მოვითხოვოთ, რომ ხელისუფლება იყოს პატარა და ცოტა იყოს სამართავი. როცა სამართავი ცოტაა, მერე ვინ მართავს, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ბევრის გაფუჭების ბერკეტები უნდა გამოვართვათ ხელისუფლებას და დაზღვეული ვიქნებით, რომ, რაც უნდა ცუდები მოვიდნენ, აღარ ექნებათ ჩვენს ცხოვრებაში ჩარევის საშუალება.
აი, ეს იდეა მინდა გავავრცელო მე. ვიცე-მერობის კანდიდატი მერქმევა თუ რა მერქმევა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ადამიანებმა მომისმინონ.
რადიო თავისუფლება: 5-6 ივლისის მოვლენებზე უნდა გკითხოთ, ჟურნალისტების მასობრივ ცემაზე... როგორ ფიქრობთ, რა მოხდა საქართველოში? რა კვებავს იმ ძალადობას, რაც საზოგადოებამ ნახა იმ დღეებში?
ვფიქრობ, მაინც არავის ესიამოვნებოდა, როცა ნახა, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეები სხვა მოქალაქეებს როგორ სცემენ. ეს იმდენად ცუდი რამ არის, რომ არ მჯერა - ეს უმრავლესობის განწყობები იყოს. ხელისუფლება ძალიან ეცადა იმის ჩვენებას, რომ თითქოს ეს იყოს უმრავლესობის დაკვეთა და ამიტომ იქცეოდნენ, როგორც იქცეოდნენ.
ჩემი აზრით, ეს იყო კონკრეტული ნეოფაშისტური ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქტივიზმი, სადაც ხელისუფლება იყო მისი სიტუაციური კოლეგა. ხელისუფლებას აწყობდა ოპოზიციური მედიის დასჯა, რუსთაველის გამზირიდან კარვების ალაგმვა და იმის ჩვენება - აი, ერთ მხარეს ვართ საპატრიარქო და მთავრობა, ხოლო მეორე მხარეს არის - ოპოზიცია, უმცირესობები და მედია. ეს იქნებოდა მათთვის, თითქოს, კარგი დიქოტომია.
მახსოვს, „გირჩის“ უწყინარ აქციებზე ათასობით პოლიციელი იკრიბებოდა ხოლმე და მათი ყურადღების გარეშე თითს ვერ გაატოკებდი და უცბად იმ დღეს, თურმე, ძალები არ ეყოთ. ეს ყველაფერი იყო მარტივი პოლიტიკური ამბავი - ხელისუფლება იმ დღეს თვალს დახუჭავდა, რადგან აწყობდა - რაც მოხდებოდა.
ერთი ეგ მამშვიდებს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ვფიქრობ, ეს არ იყო უმრავლესობა და იყო რადიკალური უმცირესობა. როგორც არსებობენ თავისუფლების რადიკალურად დამცველები, ასევე იქით არიან თავისუფლების რადიკალური მოძულეები.
რადიო თავისუფლება: და ბოლო შეკითხვა - როგორი იქნება საქართველო 10 წელიწადში?
მე ვფიქრობ, რომ უკეთესი ქვეყანა იქნება საქართველო. ზოგადად, სამყარო ხდება უკეთესი. ჩვენ შეიძლება ნელა ვიზრდებით, მაგრამ მკაფიო უკან დახევა არასოდეს მოგვითმენია. აქციებზე როცა დავდივარ, განცდა მრჩება, რომ იქ დგას ხალხი, რომელსაც ეს ქვეყანა ადარდებს.
თუკი ეს ხალხი არსად წასვლას არ აპირებს ამ ქვეყნიდან და არც მე ვაპირებ, ესე იგი 10 წელიწადში ბევრ რაღაცას უკეთესობისკენ შევცვლით. უმცირესობაც რომ ვიყოთ, სამყაროში არასოდეს, არასოდეს მომხდარა პროგრესი უმცირესობების გარეშე. ყოველთვის აქტიური უმცირესობა ცვლის ბევრ რამეს.
ამის რომ არ მჯეროდეს, 24 წლის ასაკში მე უკვე აქ აღარ ვიქნებოდი. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, დღეს საზღვრები მაინც არის გახსნილი. ამას არ ვაკეთებ, რადგან პროგრესი მეიმედება.