სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდა

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობა

ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება. დოკუმენტი 13 აგვისტოს ოფიციალურად გამოქვეყნდა ბელარუსის შესაბამისი ორგანოს ვებსაიტზე.

როგორც იუწყება reform.by, შეთანხმება შემუშავებული იყო ხუთ წელზე მეტი ხნის წინ და მხარეებმა მას ხელი მოაწერეს ჯერ კიდევ 2016 წელს, მაგრამ ამას მოჰყვა შიდა პროცედურების დამტკიცება, რომელმაც ხუთ წელიწადს გასტანა.

ახლა კი შეთანხმება შევიდა ძალაში და მისი მოქმედება 2021 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო.

2016 წელს დოკუმენტის ხელმოწერის დროს სუს-ს ხელმძღვანელობდა ვახტანგ გომელაური, ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი.

შეთანხმება ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და სუს-ს შორის თანამშრომლობის რეგლამენტირებას ახდენს. ეს ეხება ინფორმაციის გაცვლას, ხელშეწყობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ტერორიზმი და კიბერტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, კორუფცია, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და სხვ.

ასევე ნახეთ ბელარუსმა აშშ-ს მოსთხოვა, ხუთამდე შეამციროს მინსკში თავისი საელჩოს თანამშრომლების რიცხვი

თანამშრომლობის ფორმები ითვალისწინებს მოთხოვნების შესრულებას და პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, ერთობლივი ღონისძიებების გამართვას, გამოცდილების გაზიარებას და ა.შ.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლების ან ატაშეების ერთობლივად გაგზავნას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე კონკრეტული ან განუსაზღვრელი ვადით.

ასევე ნახეთ ევროკავშირი ლუკაშენკას ახალი ზომებით დაემუქრა საპროტესტო გამოსვლების დაწყების წლისთავზე

ბელარუსს ანალოგიური შეთანხმებები გაფორმებული აქვს სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, უკრაინასთან.