ფესტივალის ორგანიზატორების ზარალი ასი ათას ლარს აღემატება და ამ დროისთვის ზუსტად დათვლილი არ არის.
ფესტივალი 14-15 აგვისტოს რაჭაში, შოვში უნდა ჩატარებულიყო, იმგვარი რეგულაციებით, რომელსაც სახელმწიფო სამომავლო მოდელად განიხილავს. ღონისძიებებზე დაიშვებოდა მხოლოდ ვაქცინირებული აუდიტორია ან ისინი, ვინც ტესტის ნეგატიურ პასუხს წარადგენდა. ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა ფესტივალის შესასვლელთანაც, აკრედიტებულ, მობილურ ლაბორატორიაში, ასევე იმ ავტობუსების გამშვებ პუნქტებთან, რომელსაც ფესტივალზე დასწრების მსურველები ორგანიზებულად უნდა წაეყვანა.
„პანდემიური ვითარების ადეკვატური მართვის ნაცვლად, უკანასკნელ მომენტში კერძო სექტორის ერთადერთი დარჩენილი ღონისძიებისთვის საქმიანობის შეზღუდვა ცალსახა ბუტაფორიული ნაბიჯია და ამას ეწირება არა მხოლოდ ჩვენი ROKVA ფესტივალი, არამედ მთელი ინდუსტრია”, - ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა 12 აგვისტოს განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცხადი გახდა, რომ ფესტივალის ჩატარების არანაირი გზა აღარ არსებობდა.
მანამ, სანამ ამ განცხადებას გაავრცელებდნენ, ფესტივალის ორგანიზატორებს კომუნიკაცია ჰქონდათ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე და განიხილავდნენ ფესტივალის ჩატარების სხვადასხვა გზას. მათგან ერთ-ერთი იყო ჯარიმის გადახდა, რომელიც რეგულაციის არდაცვის გამო დაეკისრებოდათ და ამ გზით ფესტივალის გადარჩენა, თუმცა მათ უთხრეს, რომ ჯარიმა არ იქნებოდა ერთადერთი სასჯელი რეგულაციის დაუცველობის შემთხვევაში და სხვა შესაძლებლობებსაც გამოიყენებდნენ.
- პოლიცია ჩაკეტავდა ხეობის შესასვლელს;
- დალუქავდნენ ფესტივალის ტექნიკას, სცენას და ქონებას რამდენიმე თვის განმავლობაში.
მიანიშნეს იმაზეც, რომ ტერიტორიის მეპატრონეს, რომლისგანაც „როკვისთვის“ მიწა იჯარით ჰქონდათ აღებული, პრობლემები შეექმნებოდა.
„იმ ადგილას, სადაც ფესტივალს ვატარებთ, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის. საფესტივალო ქალაქის მოსაწყობად ჩვენ გაგვყავს ყველაფერი, მათ შორის, წყალი, დენი და სხვა კომუნიკაციები. ფესტივალის ორგანიზებას რამდენიმე თვე მაინც სჭირდება და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვაქვს საოპერაციო ხარჯები, მაგრამ მაგაზე ახლა რომ არ ვილაპარაკოთ, უშუალოდ ფესტივალის ორგანიზების თითქმის ყველა ხარჯი გაწეული გვაქვს. გადახდილი გვაქვს უცხოელი არტისტების ჰონორარი, რომელსაც ევროში ვიხდით და არსებულ ეკონომიკურ ვითარებაში კიდევ უფრო რთული გადასახდელია, ვიდრე ოდესმე. ჩვენი გუნდის ნაწილი მესამე კვირაა აქ არის და ამ საქმე აკეთებს. გვყავს არაერთი პარტნიორი, იქნება ეს ბარი თუ კვების ობიექტი, რომელსაც უნდა ემუშავა ფესტივალზე და მოგება ენახა. ადგილობრივებს სახლები ჰქონდათ უკვე გაქირავებული ჩვენს სტუმრებზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ხარჯი გვქონდა გაწეული იმ რეგულაციებზე, რომლის დაცვასაც კოვიდის გამო ვაპირებდით. ათამდე ტესტირების პუნქტი იქნებოდა ფესტივალთან - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამატებითი ხარჯი და საზრუნავი იყო, მაგრამ ჩვენ ერთი წუთით არ გვიყოყმანია, გაგვეწია თუ არა ეს ხარჯი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნატა ბეშიძემ, ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ნატამ ჯერ არ იცის, შეძლებს თუ არა ფესტივალის გუნდი სახელმწიფოსგან ზიანის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებას და არც იმ კითხვაზე აქვს პასუხი, როგორ დაფარავს დამწყები ფესტივალის გუნდი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ათობით ათასი ლარის ფინანსურ ვალდებულებებს.
კულტურის სამინისტრომ, მუნიციპალიტეტებმა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ ასობით ათასი ლარი დახარჯეს ამ ზაფხულში სხვადასხვა ხალხმრავალი ღონისძიების ორგანიზებისთვის - მათ უმეტესობაზე დასწრება უფასო იყო, რეგულაციები ყველგან ირღვეოდა.
ასევე ნახეთ მღერიან და ხუმრობენ ესტრადის ვარსკვლავები - ზეიმი პანდემიის დროს„როკვა“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, იმ არტისტებისთვისაც, ვინც მასში მონაწილეობდა. 2 სცენაზე ორი დღის განმავლობაში 15 ადგილობრივი და საერთაშორისო მუსიკალური ჯგუფი და 50-მდე მუსიკოსი უნდა გამოსულიყო. მათი უმეტესობა პანდემიის გამო სცენის, მსმენელისა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. თუკი სახელმწიფო კერძო სექტორს არ მისცემს საშუალებას, მოსინჯოს ძალები და ისწავლოს როგორ ჩაატაროს კონცერტები უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, მაშინ საფესტივალო და საკლუბო სცენა, რომელიც ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა პანდემიის გამო, მოკვდება.
„ამდენი შრომა წყალში ჩაიყარა. უპასუხისმგებლო და ჩამყაყებული ხელისუფლების გამო”, - ასე გამოეხმაურა ფესტივალის გაუქმებას მუსიკოსი და ავტორი, ერეკლე დეისაძე. ის ერთ-ერთი იყო იმ შემსრულებლებს შორის, ვინც ფესტივალში იღებდა მონაწილეობას.
„ასეთ დროს ხელისუფლება უკვე გაწეულ ხარჯებს უნდა უნაზღაურებდეს ფესტივალებს. ჩვეულებრივ ინგრევა ეს ინდუსტრია და ამ ნგრევის შედეგებს მოვიმკით, როცა ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან დასრულდება. ასე არ შეიძლება. არტისტები, რომლებიც ამ ქვეყანაში მხოლოდ ამ საქმით ირჩენენ თავს, მათაც უნდა მიიღონ დაპირებული ჰონორარები და კი, ეს ხარჯი ახლა უნდა გაიღოს სახელმწიფომ”, - მიიჩნევს მწერალი, ტორესა მოსი.
ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ წინასწარი გათვლებით შოვში ფესტივალზე ასვლას 5 ათასამდე ადამიანი აპირებდა. მათი უმრავლესობა 2 დღიდან ერთ კვირამდე ფიქრობდა რეგიონში დარჩენას.
რაჭისთვის ეს ერთადერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება იქნებოდა, რომელიც კერძო ინიციატივით ტარდებოდა და ადგილობრივებს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა. ყველა ის ბინა, სასტუმრო, ჰოსტელი, საკვები ობიექტი თუ მაღაზია, რომლის მომსახურებითაც ფესტივალის სტუმრებს უნდა ესარგებლათ, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე შოვში სახლების და ოთახების ქირაობა ფაქტობრივად უკვე შეუძლებელი იყო და ფესტივალის სტუმრები მეზობელ სოფლებში ეძებდნენ ღამის გასათევს.
„იმის მაგივრად, რომ მსგავსი შეზღუდვები სახელმწიფოს დროულად დაეწესებინა სხვა ორგანიზაციებისთვის და დაწესებულებებისთვის და ერთეულების კეთილ ნებაზე არ მიეშვათ ქვეყანაში პანდემიის მართვა, გადაწყდა საერთოდ შეიზღუდოს მსგავსი ღონისძიებები. უამრავი დრო ჰქონდათ, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიებისთვის, ინფორმირებულობის გაზრდისთვის, რეგისტრაციის გამარტივებისთვის და ყველა სოციალური ჯგუფისთვის ადვილად ხელმისაწვდომობისთვის. ჯანდაცვის მინისტრიც კი ანტივაქსერული განცხადებების კეთებით იყო დაკავებული. დრო ჰქონდათ შეზღუდვების დროულად გამოცხადებისთვისაც, მაგრამ ამაშიც უხერხემლოები აღმოჩნდნენ. იმის თქმასაც ბედავენ, რომ ქვეყანაში აღმასვლა გვაქვს და პანდემიასაც არაჩვეულებრივად მართავენ”, - წერს ფეისბუკზე ქრისტინა საბაშვილი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ფესტივალზე დასასწრებად შოვში აპირებდა წასვლას და ვინც ფიქრობს, რომ წინდახედული დაგეგმვის წყალობით ფესტივალი უსაფრთხო იქნებოდა.
უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით მუსიკალური ღონისძიება უკვე გაიმართა თბილისში, „მზესუმზირას ეზოში” - 7 აგვისტოს ამ ივენთზე მხოლოდ აცრილები ან ტესტირებულები დაიშვებოდნენ. მუსიკალური ღონისძიებების ამ ფორმატს იმედით უყურებენ სფეროს წარმომადგენლები - თუ ეს გაამართლებს, შეიძლება გადარჩნენ, თუ აიკრძალება, პანდემიის დასრულებამდე მათ საქმისა და ფულის გარეშე მოუწევთ ყოფნა.
ასევე ნახეთ ნაჯა ორაშვილი და ვახუნა ქავთარაძე ქართული საკლუბო ცხოვრების გაგრძელების გზებს ეძებენსაქართველოში 3-კვირიანი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს მიიღო და ისინი 14 აგვისტოდან ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღით ადრე, 8 აგვისტოს ამბობდა, რომ შეზღუდვები და რაიმეს ჩაკეტვა არ იგეგმებოდა, 13 აგვისტოს კი ირწმუნება, რომ ეკონომიკის ზრდაზე გუშინ გამოცხადებული შეზღუდვები გავლენას არ იქონიებს.
„ეკონომიკა დუღს, მუშაობს”, - ასე აფასებს პანდემიის მეორე წელს, მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრემიერი ვითარებას.