საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაიხადონ ქორწილები და ქელეხები, რადგან ეს კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. პრემიერმა ამ განცხადებიდან ერთი კვირით ადრე თავად მიიღო ხალხმრავალ ღონისძიებაში მონაწილეობა.
"მინდა მოსახლეობას მივმართო, ეს პერიოდი, 2-3 თვე გავიჭირვოთ და ეს ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ, ეს არის მთავარი ბუსტერი", - თქვა ღარიბაშვილმა.
მაშინ, როცა პრემიერი კახეთში 7 აგვისტოს ხალხმრავალ ქეიფში იყო, საქართველოში კორონავირუსის 4216 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული და 38 ადამიანი გარდაცვლილი.
"მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?" - ასე უპასუხა პრემიერმა ქეიფიდან მეორე დღეს, 8 აგვისტოს ამ საკითხზე დასმულ კითხვას.
9 აგვისტოს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან კომენტარში უარი განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხალხმრავალ სუფრაზე ყოფნის ფაქტის შეფასებისგან.
„მე პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილი იყო პრემიერის ქმედება. „ამასთან დაკავშირებით ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თვითონ გააკეთა განცხადება. მე პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ“, - გაუმეორა მან მედიის წარმომადგენლებს.
ამავე კითხვაზე პასუხის დროს, თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ არ აპირებს ამ საკითხზე თავისი სუბიექტური აზრის გამოხატვას:
„ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თავად გააკეთა კომენტარი. ეხლა მე ჩემს სუბიექტურ აზრს აქ ნამდვილად არ გავაჟღერებ. პასუხი ცნობილია“.
ასევე ნახეთ გამყრელიძე და გაბუნია პრემიერ-მინისტრის მიერ ხალხმრავალ სუფრაზე დასწრების ფაქტის შეფასებაზე უარს ამბობენდღეს, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია: გამოვლენილია კორონავირუსის 5359 შემთხვევა, გარდაიცვალა 42 ადამიანი.