სექტემბრიდან ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლოა მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები დაუშვან

შემოდგომიდან შესაძლოა დაწესდეს არასასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულებებში შესვლაზე შეზღუდვები არავაქცინირებული პირებისთვის. შეზღუდვა, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ უნდა განიხილოს, შეეხება საკვებ ობიექტებს, სპა-სალონებს, ფიტნესდარბაზებს და მათში შესვლა შესაძლებელი გახდება ვაქცინირებული პირებისთვის ან მათთვის, ვინც წარადგენს ტესტის უარყოფით პასუხს - ამგვარი პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე მოქმედებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა-სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის კანცელარიაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ არ მიუღია.

„სანამ არ ავცილდებით 10%-ს, მანამდე ჯერჯერობით დავუშვებთ, რომ ერთჯერადად აცრილი ადამიანიც დაშვებული იყოს დახურული ტიპის შენობაში ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე. ან თუ ის აცრილი არ არის, ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაკეთებული და უარყოფითი PCR ტესტი, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ეს საკითხი დღეს ჩვენ დავაყენეთ და საბჭო ამაზე კიდევ იმსჯელებს.

ამავე დროს, ხაზი მინდა გავუსვა, 24-საათიანი და 72-საათიანი PCR და ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე ნახეთ მთავრობა 3 კვირით შეზღუდვებს აწესებს
ასევე ნახეთ 3 კვირით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება