დიდგორი - 900 წლის წინანდელი დიდი ბრძოლა

900 წლის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორი მოიგო. საქართველოს ისტორიაში ეს დღე „ძლევაი საკვირველისსახელით შევიდა.

ამ ბრძოლისთვის ორივე მხარე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. საბოლოოდ, 12 აგვისტოს ერთმანეთის პირისპირ დადგა ქართული ჯარი, დავით აღმაშენებლის მეთაურობით და თურქ-სელჩუკების გაერთიანებული ლაშქარი, რომელსაც გამოცდილი სარდალი ილღაზი უძღვებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდგორის ბრძოლაზე რამდენიმე ისტორიკოსი მოგვითხრობს, დღემდე ზუსტად არავინ იცის კონკრეტულად რამდენი ადამიანი გამოვიდა ბრძოლის ველის ან ერთ ან მეორე მხარეს. წყაროები ქართველების მხრიდან დაახლოებით 40-56 ათას მეომარს ითვლიან, მათ შორის არიან ალანებიც, ყივჩაღებიც და 100 „ფრანგიც“, ანუ ევროპელი ჯვაროსნები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ დიდგორის ბრძოლაში.

ისტორიკოსი შოთა მესხია თავის წიგნში „ძლევაი საკვირველი“ სწავლობს დავით აღმაშენებლის პირისპირ გამოსულ არმიას და ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ქართული ჯარის წინააღმდეგ უზარმაზარი ლაშქარი დაძრულა: „სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქვეყანა...“

  • სომეხი ისტორიკოსის მათე ურჰაელის გადმოცემით, მაჰმადიანი ლიდერების გაერთიანებული ლაშქრის რიცხვი 560 ათასს აღწევდა.
  • ანტიოქიის სამთავროს კანცლერი გოტიე ასახელებს 600 ათასს.
  • არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის თხზულების არაბულ დედანში მხოლოდ „ათასი“ წერია, მაგრამ რამდენი ათასი, აღნიშნული არ არის. ზოგი მკვლევარი ამ ნაკლულ ტექსტს 30 ათასით აღადგენს, ზოგი - 300 ათასით.
  • სომეხი ისტორიკოსის სმბატ სპარაპეტის მონაცემებით, ამირა ილღაზს საქართველოში 150 ათასიანი ჯარით ულაშქრია.
  • ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 ათასი მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.

ანუ წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ კოალიციური ლაშქრის რაოდენობა სულ მცირე 30 ათასი იყო, მაქსიმუმ კი - შეიძლება ნახევარ მილიონზე მეტიც. ამ ორ რიცხვს შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელი ხდება.

„რამდენი იყო ჩვენი ჯარი და რამდენი მოწინააღმდეგის, სადაო საკითხია. შეიძლება ათჯერ და ოთხჯერ მეტი არ იყვნენ, მაგრამ შუასაუკუნეებში 10-15 ათასით მეტიც რომ ყოფილიყო, ესეც დიდ უპირატესობად მიიჩნეოდა. ქართული ჯარი დაახლოებით 50-55 ათასი იქნებოდა. რაც შეეხება მუსლიმთა კოალიციურ ლაშქარს, ჩემი აზრით, მაქსიმუმი რაც შეეძლო ილღაზს მაშინ გამოეყვანა 70-75 ათასი ადამიანია.

დავითის, როგორც სამხედრო სტრატეგის გენიალურობა ის იყო, რომ ილღაზი, საკმაოდ გამოცდილი სარდალი, რომელსაც მანამდე ჯვაროსნები ჰყავდა დამარცხებული, აიძულა ბრძოლა მიეღო იქ, სადაც ის თავის რიცხობრივ უპირატესობას ვერ გამოიყენებდა“, - ამბობს ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე.

სამსაათიანი ომი

დიდგორი არ არის გაშლილი ველი, ის მთაგორიანი ადგილია, სადაც დიდი ლაშქარი სრულად თავის შესაძლებლობებს ვერ გამოავლენდა.

მაშინდელი ლაშქრის შემადგენლობა ტრადიციულად ასეთი იყო: აბჯარში ჩამჯდარი და შუბით შეიარაღებული მძიმე კავალერია, მსუბუქი კავალერია, რომელიც მშვილდ-ისრით და ხმლით იბრძოდა და ქვეითები: შუბით, ხმლით და ფარით.

ბრძოლა დავითის მიმართვით დაიწყო: ჩვენ ყველამ, ხელების ცისაკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ“.

შოთა მესხია წერს, რომ დავითი მხოლოდ მეომრების პატრიოტიზმის იმედად ვერ იქნებოდა, ამიტომ მან ჯარს უკან დასახევი გზა მოუჭრა და ხეობა ჩახერგა. დიღმის ხეობის თავში, რომელიც ბრძოლების ერთ-ერთი ასპარეზი იყო, დღემდე დაცულია ტოპონიმი, „ჩახერგილა“, რაც შესაძლოა სწორედ მაშინდელი ხერგილის გამოძახილი იყოს.

ბრძოლის წინ დავითის ლაშქარს 200 მეომარი გამოეყო და მტრისკენ გაემართა. ისინი თითქოს დანებებას აპირებდნენ, მაგრამ როგორც კი ლაშქრის შუაგულში აღმოჩნდნენ, ბრძოლაზე გადავიდნენ. ამის შემდეგ მომხდარს არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი ასე აღწერს: წინა რაზმები აირივნენ. უკან მდგომ რაზმებს ეგონათ დავმარცხდითო და გაიქცნენ. თავდავიწყებით გარბოდნენ მუსლიმნი და ისე ეჩქარებოდათ განსაცდელიდან თავის დაღწევა, რომ ერთმანეთზე გადადიოდნენ და ბევრიც დაიხოცა“.

შოთა მესხია წერს, რომ ქართველ სარდლებს დავითის შემდეგაც მიუმართავთ ასეთი ტაქტიკისთვის; მაგალითად, ერეკლე მეორემ დიდი ბრძოლა აზატ-ხანთან 1751 წელს ამგვარად მოიგო.

ბრძოლა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, დიდი იყო როგორც მსხვერპლის, ასევე ტყვედ ჩარდნილების რაოდენობა. დავითის ისტორიკოსის მონათხრობით, გლეხებმაც კი ნახეს, როცა ქართველ მოლაშქრეებს არაბთა მეფეები მოჰყავდათ ტყვედ, ხოლო ტყვედ წამოყვანილ სხვა გოლიათებზე სიტყვის თქმა რაღა საჭიროაო.

მწერალი ლევან გოთუა აღნიშნავდა, რომ დიდგორის ქედზე, სათოვლიასა და ნაბაღრების თავზე აღმართულ მთას ხალხი დღესაც „დავითის მთას“ ეძახის. გოთუა ფიქრობდა, რომ ეს სახელწოდება დიდგორის ბრძოლას უკავშირდებოდა. ამას გარდა, შოთა მესხია წერს, რომ: დიდგორის უმაღლესი წერტილის ხელოვნურობის უტყუარი ნიშნების მქონე ყორღანი, ხალხში შემონახული გადმოცემით, „დიდგორის ბრძოლაში დაღუპულ ძმათა საერთო სამარეა“.

გათხრები ბრძოლის ველზე

საქართველოში, არქეოლოგიური თვალსაზრისით, ბრძოლის ველები ნაკლებად არის შესწავლილი, ეს ეხება არა მხოლოდ დიდგორს, არამედ მარაბდას და მარტყოფსაც.

მსოფლიოში არის ასეთი პრაქტიკა, უბრალოდ, საქართველოში საბჭოთა პერიოდში ეს რატომღაც არ ხდებოდა. ბოლო წლებში 1921 წლის ბრძოლებთან დაკავშირებით ტაბახმელაში ჩატარდა გათხრები, მაგრამ ბრძოლის ადგილების არქეოლოგიური შესწავლა მაინც მომავლის საქმეა“, - ამბობს მიხეილ ბახტაძე.

დიდგორის შემდეგ

რა მოხდა დიდგორის ბრძოლის შემდეგ? აღმაშენებელმა შემოიერთა თბილისი, რომელიც 400 წლის განმავლობაში მტრის ხელში იყო. მისი გათავისუფლების მერე დავითმა დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა.

დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში

„მაგრამ ამით არ შემოიფარგლება დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობა. დიდგორით ყველასთვის ცხადი გახდა, რომ აღმოსავლეთში ახალი, მძლავრი ქრისტიანული სახელმწიფო წარმოიქმნა. იერუსალიმის სამეფოს, ანტიოქიის სამეფოს უკვე უჭირდათ თურქ-სელჩუკებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ ქართველების გამარჯვება მათაც საერთო ქრისტიანულ გამარჯვებად აღიქვეს.

იმ პერიოდში მუსულმანებს ფაქტობრივად ორი ფრონტი ჰქონდათ, ერთი დასავლეთით - ჯვაროსნებთან და მეორე კავკასიაში. თუ სამხრეთ კავკასიაში ქართველები დამარცხდებოდნენ, ზურგს გაიმაგრებდნენ და ჯვაროსნული სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდნენ. მაგრამ ქართველების გამარჯვებით მათ ზურგში ისევ დარჩათ პრობლემები“.

მიხეილ ბახტაძე ამბობს, რომ სამხედრო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, არანაკლებ წარმატებული იყო შამქორის, ბასიანის ბრძოლები, ასევე ლაშქრობა ჩრდილოეთ ირანში, მაგრამ დიდგორი ბოლომდე გამარჯვების სიმბოლოდ დარჩა, რადგან სწორედ დიდგორით დაასრულა დავითმა იმ ქვეყნის მშენებლობა, რომლის გარეშეც შემდეგ აღმოსავლეთში არაფერი არ კეთდებოდა.