რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ "ქართული ოცნება" დატოვა და გოგაშვილის პარტიას შეუერთდა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა „ქართული ოცნება“ დატოვა და „სახალხო პარტიას“ შეუერთდა. ლევან ონიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაცია და რუსთავის აღმასრულებელი ხელისუფლება არ ითვალისწინებდნენ მის რჩევებს და წინადადებებს რუსთავში სხვადასხვა პროექტების დაგეგმვისას, ამასთან, ტარდებოდა „უცნაური“ საკადრო პოლიტიკა ტარდება.

ონიანმა თქვა, რომ მისთვის მიუღებელია მმართველი პარტიის მიერ ადგილობრივი არჩევნებში დასახელებული კანდიდატები.

"არ შეიძლება ერთი ადამიანი ზედიზედ ორ არჩევნებში იყოს კანდიდატი, სასაცილოა", - განაცხადა ონიანმა და იგულისხმა პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატად რუსთავისა და გარდაბნის 10 სოფლიდან, სადაც გაიმარჯვა.

ნინო ლაცაბიძე ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში რუსთავის მერობის კანდიდატად დაასახელეს. ლევან ონიანმა რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ ის მონაწილეობას მიიღეს ადგილობრივ არჩევნებში „სახალხო პარტიის“ სახელით.

"სახალხო პარტიას სოსო გოგაშვილიც შეუერთდა, ჩვენ ერთნაირი ღირებულებები გვაქვს, და არჩევნებში ამ ღირებულებებით გავალთ", - თქვა ონიანმა.

სახალხო პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ონიანს უკვე ესაუბრა, გაეცნო მის პოზიციას, მიმოიხილეს რუსთავში წინასაარჩევნო გარემო.

"ქართულ ოცნება" რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წარმომადგენლების ხელში აღმოჩნდა. ონიანისთვის ეს მიუღებელია. ისევე როგორც ჩვენთვის", - თქვა გიორგაძემ.

გუშინ სახალხო პარტიაში გაწევრიანების შესახებ განაცხადა სოსო გოგაშვილმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მან თანამდებობა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დატოვა. ამ სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.