ნინოწმინდის სოფელ ტამბოვკადან დაახლოებით 5 კმ-ში, აბულის მთაში თუშეთიდან ჩამოსულ მომთაბარე მწყემსს რამდენიმე ათეული ცხვარი დაეხოცა. ადგილობრივები მომხდარს უამინდობას უკავშირებენ. სოციალურ ქსელში ვიდეო ტელეკომპანია "ფარვანამ" გაავრცელა.
"სოფელ ასფარასა და ტამბოვკას შორის მდებარე მთაში იყვნენ. ადგილობრივს დავუკავშირდი, რომელიც ადგილზეა და მისი დათვლით, დაახლოებით, 150-მდე ცხვარი დაიხოცა, მომხდარს უამინდობას უკავშირებენ",- ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ ტამბოვკაში მასის აღაიანი.
მეორე ვერსიით, მთაში ნისლი და ძლიერი წვიმა იყო, რამაც მეხის ჩამოვარდნა გამოიწვია. ნინოწმინდის მერის მოადგილე ამბობს, რომ ცხვრების დახოცვის მიზეზი ვეტერინარმა უნდა დადგინოს. მიზეზი ხვალ გახდება ცნობილი.
"მეპატრონეს ვუთხარი, რომ ვეტერინართან წავიდეს, ყველა კითხვაზე პასუხს ის გასცემს. როგორც ვიცი, 1500-ზე მეტი სული ცხვარი იყო, აქედან 150-მდე დაიხოცა. მეპატრონის თქმით, ჭექა-ქუხილი იყო, მაგრამ არ გვაქვს დამადასტურებელი ფაქტი, რომ ნამდვილად უამინდობაა მიზეზი. თუ ასეა, ხორცი ვარგისია მხოლოდ 45 საათი. მიზეზებს ვეტერინარი დაადგენს, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ადგილი გამოვყოთ, სადაც დახოცილ ცხვრებს დამარხავენ", - განმარტავს ნინოწმინდის მერის მოადგილე არტავაზ ტონოიანი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ორი დღეა შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და მომხდარის დაზუსტებას ცდილობენ.
"დახოცილია არა 150, არამედ 530 სული ცხვარი, ღრუბლებში მეხს დაურტყამს და მათ შორის მწყემსიც კი რამდენიმე საათი შოკირებული, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სველ მიწაზე დავარდა და მოგვიანებით გამოფხიზლდა. მეხის დაცემით ამ შედეგის მიღება სავსებით შესაძლებელია, რადგან ზღვის დონიდან 2500-ზე მეტ მეტრ სიმაღლეზე, პირდაპირ ეპიცენტრში თუ იმყოფები, შეიძლება უარესიც მოხდეს", - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი.
დახოცილი ცხვრის ნაწილი ადგილობრივ ფერმერებს, ხოლო მეორე ნაწილი თუშეთიდან გადმოსულ მწყემსს ეკუთვნით. დაზარალებულმა მწყემსმა უკვე მიმართა ნინოწმინდის მერიას დახმარების თხოვნით.
აბულის მთაზე ცხვრის ფარას მეხი 9 აგვისტოს დაეცა. მეხის დაცემის დროს, მწყემსთან ერთად 1500-მდე სული ცხვარი იმყოფებოდა.