მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის ქეიფის შეფასების დროს ამბობს, რომ შეიძლება სუბიექტური იყოს

"ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე დღის წინ ქეიფში ყოფნის შეფასების დროს შესაძლოა სუბიექტური იყოს. მან ბრიფინგზე არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დაარღვია თუ არა ქვეყნის პრემიერმა კოვიდრეგულაციები.

"რაც მე ვნახე კადრები, ღია სივრცე იყო. ბუნებრივია, შეიძლება სუბიექტური ვიყო და ჩვენი გუნდის პრემიერ-მინისტრის და ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გამართლებას ვცდილობდე, მაგრამ ამაშიც რომ არ ჩამითვალოთ, ფაქტებს ვიტყვი - იყო ღია სივრცეში, ასეთი ღონისძიებები ეწყობოდა და ასეთი ღონისძიებების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა თავად პრემიერ-მინისტრი და საკოორდიონაციო საბჭოზე ასეთი ღონისძიებების აკრძალვის და შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს...

რაც არ უნდა სუბიექტურად ჩამთვალოთ, ასეთი ღონისძიებები ეწყობოდა და პირიქით, მაღალი რისკი გაცილებით მეტ ღონისძიებაზე იყო, მაგალითად, საკურორტო ზონებში..." - თქვა მდინარაძემ.

საქართველოში მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა რამდენიმე თვეა მოქმედებს, თუმცა მდინარაძემ თქვა, რომ "მასობრივი ღონისძიებები გუშინდელი დღიდან არის აკრძალული ჩვენს ქვეყანაში".

საქართველოში აკრძალულია ღონისძიებების გამართვა, თუმცა საქართველოს პრემიერი რამდენიმე დღის წინ მთავრობის დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლით ხალხმრავალ სუფრაზე იყო. ამ დროს ის ვაქცინირებული ჯერ კიდევ არ იყო. ვაქცინის პირველი დოზა მან მეორე დღეს გაიკეთა.

ამ ფაქტის შეფასებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა თავი აარიდეს.

ასევე ნახეთ გამყრელიძე და გაბუნია პრემიერ-მინისტრის მიერ ხალხმრავალ სუფრაზე დასწრების ფაქტის შეფასებაზე უარს ამბობენ

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია კორონავირუსის 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი.