„ამ სამყარომ არაფერი იცის იმაზე, რაც იქ ხდება“ - კოვიდპაციენტები რეანიმაციაში, მარინე ბერიძის მონათხრობი 

Georgia Cover Covid

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე ერთ-ერთია, ვინც Covid-19 მძიმე ფორმით გადაიტანა. მას დაავადება ნოემბერში შეხვდა, როდესაც აცრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არსებობდა. რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მუდმივად რამდენიმე ათეული ადამიანი ებრძოდა სიკვდილს, რამდენიმე დღის განმავლობაში ის ფაქტობრივად ერთადერთი კონტაქტური ავადმყოფი იყო (ასე უწოდებენ რეანიმატოლოგები პაციენტს, რომელიც არ არის ინტუბირებული და, შესაბამისად, ფხიზელ გონებაზეა).

მარინე ამბობს, რომ იქ სხვა სამყაროა, რომლის შესახებაქეთ ცხოვრებაშიარაფერი იციან. რა შეიძლება გვიამბონ გადარჩენილებმა? რა ხდება, როდესაც კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმდება?

სულიერი არსება შენს კვალდაკვალ

ყველას თავისი გამოცდილება აქვს… თავიდან გაქვს ძვლების, თავის ტკივილი, ხველა... აქედან თითქოს არც ერთი არაა ის სიმპტომი, რომელსაც კატასტროფის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ მერე მდგომარეობა ელვისებურად მძიმდება. ჟანგბადს კი გაწვდიან, მაგრამ სუნთქვას მაინც ვეღარ ახერხებ, რადგან ფილტვები, ფაქტობრივად, აღარა გაქვს.

როგორც კი თვალს მივლულავდი, ვგრძნობდი, რომ დაავადება მერეოდა. იქ, პაციენტი რომ გამოაფხიზლონ და მოდუნების საშუალება არ მისცენ, კარნახობენ: ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ამოისუნთქე!...

უმეტესობას ჰგონია, რომ რაკი ჟანგბადის ნიღაბს მოარგებენ, სუნთქვის პრობლემა უმალ მოიხსნება, დაახლოებით ისე - ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმისას სითხე თავისით რომ გააჯერებს ორგანიზმს. ეს დაავადება იმიტომაც არის ძალიან ვერაგი, რომ ექიმის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად „თანამშრომლობს“ პაციენტი.

შენი სიცოცხლის პულტი თავადვე გიჭირავს ხელში - შენ უნდა ჩაისუნთქო და შენ უნდა ამოისუნთქო. სუნთქვა შენი მთავარი საქმე უნდა გახდეს - ყველა კუნთი, სასიცოცხლო ენერგიის ყველა იმპულსი სუნთქვისთვის უნდა იყოს მობილიზებული.

მქონდა განცდა, რომ ავადმყოფობას კი არა, ცოცხალ არსებას ვებრძოდი. სხვებიც ამასვე ამბობენ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ სუბიექტური აღქმა არ არის. როგორც კი თვალს მივლულავდი, ვგრძნობდი, რომ დაავადება მერეოდა. იქ, პაციენტი რომ გამოაფხიზლონ და მოდუნების საშუალება არ მისცენ, კარნახობენ: ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ამოისუნთქე!..

რაღაცნაირად მივხვდი, რომ ეს რიტმი, ექთნებისგან ნაკარნახევი, არ იყო საკმარისი და რამენაირად უნდა მეცვალა. ახლობელს დავურეკე. ვთხოვე, ეგალობა. მახსოვს დიდი პაუზა და შეკავებულ ტირილნარევი ხმა მეორე მხარეს. ალბათ ეგონა, ვკვდებოდი. მე კი დაჟინებით ვითხოვდი, რამე ეგალობა. თუნდაც „ღირს არსი“. დაიწყო გაბზარული ხმით. მეც ავყევი ჩუმად. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გამითბა და დამიამდა ზურგი, რომელსაც მანამდე თითქოს ზუმფარის ქაღალდით მიხეხავდნენ. მართალია, უძილო, ტკივილით გატანჯული, უჰაერობით გადაქანცული ვიყავი, მაგრამ გონება მქონდა აბსოლუტურად კაშკაშა. დავიწყე ანალიზი: რა იყო ეს? რითი მეხმარებოდა გალობა? მარტო მლოცველის ეგზალტაციად ამას ვერ ჩავთვლიდი, არა ვარ მაგ ყაიდის ადამიანი და არც მაგ სიმაღლის მორწმუნე... მივხვდი, რომ სუნთქვის რიტმი, რომელსაც გალობა მთავაზობდა, მეხმარებოდა ჟანგბადის მეტი ნაკადის მიღებაში. რამდენიმე ადამიანი მირეკავდა და მიგალობდა დღის განმავლობაში, ჩემი თანამშრომლის შვილებმა, არაჩვეულებრივმა გოგონებმა ჩანაწერიც კი გამომიგზავნეს.

ასე „მივხვდი“, რომ სუნთქვის სტრატეგიები უნდა „დამემუშავებინა“ და ამ ხერხით „მომეტყუებინა“ საშინელი არსება, რომელიც თითქოსდა გაუჩერებლად მომდევდა და რომელსაც მეც ასევე გაუჩერებლად გავურბოდი. და აი, სწორედ მაშინ, როცა ის „წამომეწეოდა“ და თითქოს მისი სუნთქვა ყურში მესმოდა, მე ვიწყებდი რამე ახალი, მისთვის უცნობი მელოდიის რიტმით სუნთქვას.

მერე მითხრეს ექიმებმა, რამდენჯერმე მოვამზადეთ ინსტრუმენტები თქვენი ინტუბირებისთვის, მაგრამ რაღაც სასწაულით მდგომარეობიდან გამოდიოდითო.

ერთი ღამე, გათენებამდე ვცეკვავდი წარმოსახვით ვალსს ჩემს ვაჟიშვილებთან, მონაცვლეობით - ხან ირაკლისთან, ხან - ალექსანდრესთან. ისინი ძალიან განსხვავდებიან ხასიათით, შესაბამისად, რიტმიც იცვლებოდა... დიდი ცეკვის მოყვარული არა ვარ. რაც ცეკვის წრიდან გამოვედი, ჩემს ქორწილშიც კი არ მიცეკვია. ის ღამე კი სულ ცეცხლოვან ვალსებსა და ტანგოებს ვბზრიალებდი. ცეკვის თუ მუსიკის მოსმენის დროს აღმოვაჩინე, რომ ფილტვში რაღაც მოულოდნელი ადგილები მეხსნებოდა, წამიერად მიადვილდებოდა სუნთქვა, ძალ-ღონის მოკრების საშუალება მეძლეოდა.

მე არ მიგრძვნია, რომ ვკვდებოდი. არ დამიშვია. არ გამიფიქრია, რომ მეტი არ შემიძლია. უბრალოდ, დიდი მობილიზებით წარვმართავდი ჩემს სუნთქვას.

მერე მითხრეს ექიმებმა, რამდენჯერმე მოვამზადეთ ინსტრუმენტები თქვენი ინტუბირებისთვის, მაგრამ რაღაც სასწაულით მდგომარეობიდან გამოდიოდითო.

8 საათი პირდაღმა

როგორც ვთქვი, რეანიმაციაში ერთ-ერთი გამონაკლისი ვიყავი, ვინც ბოლომდე კონტაქტური დარჩა. ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვგრძნობდი და ახლაც იგივე განცდა მაქვს - ეს იყო ძალიან მძიმე ომის ეპიცენტრი.

მე ვნახე ათეულობით ადამიანი, რომელიც ვერ გადარჩა. ვფიქრობ ხოლმე, ცოტა რომ მოენდომებინათ, მეც უფრო კარგად ამეხსნა, რომ ეგრძნოთ საკუთარი ძალა...

დღესაც მიკვირს, რატომ უჭირდათ პაციენტებს მუცელზე წოლა და რატომ აღიქვამდნენ ასე მტკივნეულად, როცა პერსონალი მათ პირდაღმა გადაბრუნებას სთხოვდა. როცა პირდაღმა წევხარ, ფილტვები თავისუფლდება ზეწოლისაგან და სუნთქვა გიადვილდება. შემიძლია დავიფიცო, რომ ასე სუნთქვა კოვიდიანისთვის დაახლოებით 80%-იანი შეღავათია, როგორც იმ კონკრეტულ მდგომარეობაში, ისე გადარჩენის შანსების მხრივ. მახსოვს, ლევან რატიანმა თავისებურად დამიმარცვლა: 8 საათი პირ-ჩა-ღმა! და მე ვიწექი 12 საათი ასე. ხელები წინ გაშლილი, მკერდქვეშ ბალიშამოდებული.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჩემი სუბიექტური განცდების განზოგადება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანები ჩემს ირგვლივ კი არ კვდებოდნენ, უბრალოდ, ნებდებოდნენ... აღარ აგრძელებდნენ ბრძოლას. მეც ბევრჯერ მომინდა თავის დადება, გატრუნვა და ბალიშისთვის მინდობა სიცოცხლის ნარჩენების.

ჩემ ირგვლივ ბევრმა წაართვა ექიმებს გადარჩენის შანსი იმით, რომ ისტერიკას მისცა თავი, არცერთი მითითება არ შეასრულა.

ექიმი არ უნდა დატოვო მარტო. ექიმს ყველაფერი აქვს შენს საშველად: ცოდნა, მონდომება, აპარატურა, მედიკამენტი... ერთადერთი, რისი მწვავე დეფიციტიც არის, ესაა დრო. ექიმი ცაიტნოტშია. მისთვის ნაცნობი სიმპტომები უმართავი არ არის, თუ დრო ექნება. ამ დროს კი მას პაციენტის გარდა ვერავინ მისცემს, ვერავინ წაუმატებს, ვერავინ დაუნიშნავს დამატებით „ტაიმს“. ამიტომაც ვამბობ, რომ საკუთარი სიცოცხლის პულტი თავად გიჭირავს ხელში. იმიტომაცაა ვერაგი ეს დაავადება, დაგცინის, გეუბნება, რომ შანსს გაძლევს, გინდა? - გამოიყენე, არადა...

ექიმისათვის პაციენტისგან ნაჩუქარი ყოველი წუთი მისი გადარჩენის გარანტიაა!

ყოველ შემთხვევაში, ჩემს შემთხვევაში ასე იყო: ჯარისკაცივით ვასრულებდი ყველა მოთხოვნას. გავზარდე დრო ჩემს გადასარჩენად.

ვიცი, მძიმეა ამის მოსმენა. არ არის სასიამოვნო და ბევრი ტკივილიც ახლავს მათთვის, ვინც ახლობლები დაკარგა. არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, 7 თვე გავიდა და გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს. იქნება ვინმეს გამოადგეს ეს გამოცდილება.

ჩემ ირგვლივ ბევრმა წაართვა ექიმებს გადარჩენის შანსი იმით, რომ ისტერიკას მისცა თავი, არცერთი მითითება არ შეასრულა, უძვირფასესი წუთები დაკარგა ჩხუბში, იმის მტკიცებაში, რომ თვითონ უკეთ იცის, როგორ ისუნთქოს, ასე ურჩევნია, ისე პირი უშრება, მუცელზე არ დაწვება და ა. შ.

ახლა რომ ამბობენ ხოლმე ვინმეზე, კოვიდით გარდაიცვალაო, ვიცი, სიტყვა „გარდაიცვალა“ ფაქტობრივად ქორწილია იმასთან შედარებით, რასაც რეალურად მათი წასვლა ნიშნავს. ეს არის დიდი ტანჯვით წასვლა.

მახსოვს, ერთი ჭარმაგი კაცი, შეძლებულიც, განათლებულიც (როგორც ჩანს, დაფასებულიც, რადგან უამრავი ვინმე რეკავდა „ზევიდან“ და მის ამბავს კითხულობდა), იგლეჯდა ჟანგბადის ნიღაბს, ებრძოდა ექთნებს, რომლებსაც ძალა აღარ ჰყოფნიდათ მის გასაკავებლად, ბოლოს ისე ჰკრა ფეხი საწოლის კიდეს, რომ მთლიანად მოგლიჯა და იყვირა: მოვკვდები და მუცელზე არ დავწვებიო. ეტყობა, მეც უკვე მომერია ისტერიკა და მთელი ხმით ვიყვირე: მეც სიამოვნებით მოვკვდები! რა უნდა სიკვდილს, მაგაზე ადვილი რაა. შვილები არ გეცოდება, „ზმეიკიანი“ ჩანთით რომ უნდა გაგვიყვანონ აქედან-მეთქი? არ დამავიწყდება, როგორ შემომხედა, მიყუჩდა. მოარგეს სახეზე ჟანგბადის ნიღაბი. მორჩილად გადაბრუნდა და დაწვა მუცელზე.

დღემდე მაწუხებს ის ულმობელი დაყვირება!

როცა მიდიან

წარმოიდგინეთ მიჯრით ჩაწყობილი საწოლები. რამდენი ვიყავით, არ დამითვლია, მეშინოდა დათვლა, მაგრამ რამდენიმე ათეული ვიქნებოდით. მიცვალებული რომ მეწვა გვერდით, სანამ გაიყვანდნენ, ცოტა მკვეთრი მოძრაობისას ლამის ხელით ვეხებოდი. მძიმე იყო, ადამიანებს ვესაუბრებოდი, მათ სახელს ვიგებდი და მერე ახლობლებს ვურეკავდი, ამ სახელზე ილოცეთ-მეთქი და უცებ... თან რეკავს ეს აპარატურა, მუდმივად რეკავს, რაღაც კოსმოსურ ხმებს გამოსცემს. ბოლოს ამ ხმაზეც ვხვდებოდი, ვისი მდგომარეობა მძიმდებოდა. შემდეგ ჩამოაფარებდნენ შირმას, რომ არაფერი დამენახა და მიყავდათ.

ახლა რომ ამბობენ ხოლმე ვინმეზე, კოვიდით გარდაიცვალაო, ვიცი, სიტყვა „გარდაიცვალა“ ფაქტობრივად ქორწილია იმასთან შედარებით, რასაც რეალურად მათი წასვლა ნიშნავს. ეს არის დიდი ტანჯვით წასვლა.

ერთადერთი შიში, რაც ამ ავადმყოფობამ დამიტოვა, არის შიში იმისა, რომ ვინმე ახლობელზე არ გავიგო, რომ რეანიმაციაშია კოვიდის გართულების გამო. სამწუხაროდ, ეს შიში უსაფუძვლო არ არის.

ასფიქსიის გვერდითი მოვლენები

აი, კედელზე რა წერიაო, - კახიმ და მივხვდი, რომ ისიც რაღაც ამდაგვარს ხედავდა.

თვალს რომ გავახელდი, ვხედავდი, თითქოს კედელზე იწერებოდა რაღაცები კომპიუტერის სქრინებივით. ჩემს თავს ვუთხარი, ახლა ამას არ უნდა აყვე-მეთქი და თვალები დავხუჭე. შემდგომშიც ასე „ვიგერიებდი“. არ მინდოდა ყურადღების გაფანტვა, თუმცა წაკითხვას კი ვცდილობდი. მეგონა, მარტო მე ვიყავი ამ დღეში და მერე ერთხელ კახი კავსაძემ, რომელიც ასევე ჩემს ბლოკში იწვა, ექთანს ჰკითხა, კედელზე რა წერია, ვერ ვკითხულობო. პერსონალისთვის წესები იყო გაკრული და გოგონამ ისინი წაუკითხა. არა, მაგაზე არ გეკითხებიო, აი, კედელზე რა წერიაო, - კახიმ და მივხვდი, რომ ისიც რაღაც ამდაგვარს ხედავდა.

მოგვიანებით, „ქვემოთ“, უკვე გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი წავაწყდი ასეთ შემთხვევას. ქალბატონი იწვა ჩემს პალატაში, რომელიც მთელი სერიოზულობით ყვებოდა, ჩემმა კოლეგებმა მომინახულეს და მომიყვნენ, ჩვენც გვქონდა კოვიდი და ძალიან იოლად გადავიტანეთო. ბრაზობდა კიდეც, მე რა დავაშავე, ასეთი რთული ფორმა რომ შემხვდაო. მსგავსი, რა თქმა უნდა, არაფერი ყოფილა.

როგორც მერე გავიგე, ჟანგბადის ნაკლებობამ, ე.წ. ჰიპოქსიამ იცის თურმე ასე. ამიტომაც არის ალბათ, რომ ხშირად კოვიდიანის ქცევა არაადეკვატურია და დამატებით სირთულეს ქმნის მკურნალობისთვის.

შემთხვევით შერჩენილი ტელეფონის სიკეთე

კიდევ იმან მიშველა, რომ ტელეფონი რეანიმაციაში თან მქონდა და სამყაროსთან კონტაქტი შევინარჩუნე. ყველა პატარა ნიუანსი, ყველა შემოძახება გავლენას ახდენდა. ერთხელ ფეისბუკის მეგობარმა თავისი ლექსი დადო, გარდაცვლილ მეუღლეზე წერდა. თარიღს რომ დავხედე, მივხვდი, რომ წინა დღეს დაიღუპა, როგორც ჩანს, კოვიდით.

სახლში შენი დადის ლანდი,

შრება მშრალი ცრემლის ღელე.

რატომ წადი, რატომ წადი,

რატომ...

დამაცარიელე“.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მე მეუბნებოდნენ ამ სიტყვებს. თავად არ მახსოვს, მაგრამ მერე ვნახე, რომ მიმიწერია, პირობა მომეცი, რომ გაუძლებ და მეც გავუძლებ-მეთქი.

აქეთ, სიცოცხლეში

ხანდახან მშურდა კიდეც მათი, ვინც გათიშული იყო და ამ ყველაფერს ვერ ხედავდა. ძალიან დიდი გაუცხოებაა შემდეგ სიცოცხლესთან, აქეთა ცხოვრებასთან, დაახლოებით ისეთი, რუსთაველზე რომ გაგანია ომი იყოს და „კოლმეურნეობის მოედანზე“ ვიღაც ქორწილს იხდიდეს. რომ გამოვედი, 24 დეკემბერი იყო, ხალხი ორ შობაზე და ორ ახალ წელზე კამათობდა ისევ... და უკან შებრუნება მომინდა, მივხვდი, ამ სამყარომ არაფერი იცის იმაზე, რაც იქ ხდება და არც არაფერი უნდა გაიგოს.

ძალიან მიჭირდა, იქ დარჩენილი ადამიანების გარდა სხვა რამეზე მეფიქრა.

მახსოვს, რეანიმაციიდან და ინტენსიური განყოფილებიდან გამოსული, ახალ პალატაში საწოლზე ვიჯექი და ვფიქრობდი, აი, ახლა გადავრჩი, ნამდვილად ვიცი, რომ აღარ მოვკვდები, მაგრამ ეს საკმარისია? როგორ ვიცოცხლებ? ვერაფრით წარმომედგინა, რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა გადამედგა პირველი ნაბიჯი. იმდენი საქმე დავტოვე, მაგრამ აღარაფერი მიზიდავდა და მოგონებაც კი არ შემეძლო. ვერაფერს ვეღარ ვპოულობდი ხელმოსაჭიდს. უცებ ვიფიქრე, მოდი, თავს გადავიპარსავ და მერე რაღაც გამოჩნდება. ყველაზე ადვილი, რაც შემეძლო გამეკეთებინა, ეს იყო. მეორე დღეს მეუღლეს ვკითხე, რა აზრის იქნები, თავი რომ გადავიპარსო-მეთქი. გადაიხარხარა: შენ ოღონდ ცოცხალი გამოდი და ტატუსაც დაგახატავ ჩემი ხელითო.

კოვიდის მთავარი სივერაგე

6 ათასზე მეტი ადამიანია უკვე გარდაცვლილი და თითოეულმა მათგანმა ეს გზა გაიარა. დაუშვებელია ყველანაირი დაუდევრობა ამ ავადმყოფობის მიმართ, მისი არაღიარება. არ ავიცრებიო, რომ ამბობენ, მგონია, ეს რაღაც თვითმკვლელობის ფორმაა, კოლექტიური თვითმკვლელობის. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არ ცნობდა კოვიდს, ძალიან მძიმედ დაავადდა. სამწუხაროდ, მათ აღარ მიეცათ დრო შეცდომის აღიარებისთვის, ახლობლების გაფრთხილებისთვის. არადა, ყველაზე დიდი ფიქრი, რაც კი იქ მყოფს გიჩნდება, არის შიში, რომ შენიანებს არ მოუწიოთ ამ გზის გავლა!

ყველაზე ცუდი, რაც ამ დაავადებას ახასიათებს, სწორედ ისაა, რომ დროს არ გიტოვებს. არ გრჩება დრო უკანასკნელი სათქმელის თქმის, ფიქრის, საქმეების მოგვარების...

და არც ექიმს არ რჩება დრო, დაგეხმაროს.