„ჩემი გვარია მამედლი და არა მამედოვი“ - ეთნიკურად აზერბაიჯანელები გვარების დასაბრუნებლად ხელმოწერებს აგროვებენ

„ჩემი გვარის 20% ოკუპირებულია“, - ეს გვარის დაბრუნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ამ წუთებშიც გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არიან და ხელმოწერებს აგროვებენ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების დასარეგისტრირებლად. საჭიროა 25 000 ხელმოწერა იმისათვის, რომ ყველამ, ვისაც ამის სურვილი ექნება, გვარის რუსული დაბოლოება თავისი ძველი, ავთენტური აზერბაიჯანული გვარით შეცვალოს.

მამედოვი გახდეს ისევ მამედლი.

სადიკოვი - სადიკ.

კასიმოვი - კასიმოღლუ.

ისმაილოვი - ისმაილ.

ალიევი - ალისოი და ა.შ.

საგარეჯოს რაიონი, კამპანია "გვარი დამიბრუნე"

სანამ ხელმოწერების მოსაგროვებლად ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები სოფელ-სოფელ სიარულს დაიწყებდნენ, მათ გვარები სოციალურ ქსელ ფეისბუკში გადაიკეთეს - რუსული დაბოლოებები აზერბაიჯანულით შეცვალეს და ასე დაიწყო კამპანია „გვარი დამიბრუნე“.

Your browser doesn’t support HTML5

კამპანია "გვარი დამიბრუნე"

ჯერ კიდევ მაშინ, პლატფორმა „სალამის“ წევრი ქამრან მამედლი რადიო თავისუფლებისათვის დაწერილ ბლოგში ხსნიდა, რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი მათთვის.

„იმპერიის მიერ ოკუპირებული გვარების საკითხი მართლაცდა რომანტიზებულად არის დამახსოვრებული ჩვენს თემში. ჩვენთან, ვისაც არ უნდა ელაპარაკო, თითქმის ყველას პასუხი იქნებოდა, რომ „ოვი და ევი ჩვენი გვარის ავთენტური დაბოლოება არ არის, ეს უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენს თემს ამის გაკეთების რესურსი არ აქვს“, რაც პროდასავლურ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოში არასწორ დამოკიდებულებად მიმაჩნია. მიუხედავად ამისა, ძალზე საინტერესოდ მესახება დღევანდელი ქართული საზოგადოების პოზიცია, რომელიც ყველგან ებრძვის რუსულ ოკუპაციას, მაგრამ არასდროს შეუმჩნევია საკუთარი თანამოქალაქეების ეს წუხილი“.

ფეისბუკში გვარები კი შეიცვალეს, მაგრამ ამ დრომდე პასპორტში მათ ისევ „ოვ“ და სხვა რუსულდაბოლოებებიანი გვარები უწერიათ.

მაშინ აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა იუსტიციის სახლსა და სამოქალაქო რეესტრსაც მიმართეს თხოვნით, რომ სასურველი ცვლილება მათ პირად დოკუმენტაციაშიც ასახულიყო, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებოდა ჩანაწერი, რომელიც მათ გვარის ასე შეცვლის შესაძლებლობას მისცემდა.

"სალამის" წევრები, კამპანია "გვარი დამიბრუნე" - გარდაბანში.

ამიტომაც გადაწყვიტეს კანონის შეცვლა იმგვარად, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს, ვისაც, ცხადია, ამის სურვილი ექნება, გაუჩნდეს გვარის დაბოლოების შეცვლის კანონით მინიჭებული უფლება.

2021 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა პლატფორმა „სალამის“ ინიციატივის რეგისტრაციას. ამ 25 000 ხელმოწერის შეგროვებაც პროცესის ბოლომდე მისაყვანად არის საჭირო.

გვარის დაბრუნების კამპანია თბილისიდან დაიწყეს და რეგიონებში გადაინაცვლეს.

კამპანია "გვარი დამიბრუნე" - უნდა შეგროვდეს 25 000 ხელმოწერა

პირველ ორ დღეს თბილისში ათასამდე ხელმოწერა მოგროვდა და მასში ეთნიკურმა ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. პლატფორმა „სალამის“ წევრები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს რუსულდაბოლოებიანი გვარის მქონე ქართველებისთვისაც იყოს საინტერესო და მათაც დაიბრუნონ ძველი გვარები.

თუმცა, მეტი ინტერესი, ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანულ თემში არსებობს და აი, რატომ:

„ჩვენ არ ვართ ეთნიკურად რუსები. თუმცა საბჭოთა პერიოდში, კავკასიაში, ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად, ძალიან ბევრმა ეთნიკურმა ჯგუფმა შეიცვალა გვარი. დღეს კი გვინდა ჩვენი იდენტობის, ავთენტური გვარების დაბრუნება. ეს ერთი. მეორე და მთავარი: ჩვენ ვამბობთ, რომ მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაცია არ ხდება, არამედ, სწორედ გვარების, ცნობიერების, აზროვნებისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეოკუპაციის პროცესი სწორედ ჩვენი აზროვნებიდან და ყოველდღიურობიდან უნდა დაიწყოს - ჩვენი გვარები, რუსული დაბოლოებებით, სწორედ ამ ყოველდღიურობის ნაწილია და ეს უნდა შევცვალოთ“, - უთხრა ქამრან მამედლიმ რადიო თავისუფლებას.

აზერბაიჯანული გვარები ჯერ რუსეთის იმპერიის პერიოდში შეიცვალა, თუმცა ტოტალური ხასიათი ამ პროცესმა გასაბჭოების შემდეგ მიიღო, პასპორტიზაციის პროცესის გააქტიურების შემდეგ. მას შემდეგ, ფაქტობრივად, თითქმის ყველა ეთნიკურად აზერბაიჯანელის გვარმა მიიღო რუსული ჟღერადობა.

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ახლა სწორედ ამ თითქმის საუკუნის წინ შეცვლილი რეალობის დაბრუნებას ცდილობენ.