ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ახალი ზომებით დაემუქრა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დაწყების წლისთავზე. საპროტესტო ტალღა მოჰყვა 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც ოფიციალურ გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოცხადდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები გააყალბეს.
„ევროკავშირი მზადაა, ახალი ზომები განიხილოს რეჟიმის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უხეშად უგულებელყოფის გამო“, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა.
დასავლეთი არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს ლუკაშენკას და სანქციების რამდენიმე რაუნდი დაუწესა მის რეჟიმს. ბელარუსის ლიდერისგან მოითხოვენ, შეწყვიტოს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ სისასტიკე, დაელაპარაკოს ოპოზიციას და უზრუნველყოს ახალი დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარება.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს ან დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ათიათასობით ადამიანი დააკავეს, ზომებს ახორციელებენ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ, აკრედიტაციაზე უარს ეუბნებიან ჟურნალისტებს.