2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
„კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას“ - წერია განცხადებაში.
ტექსტის თანახმად, „ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას“, რადგან ეს უფლებები „ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით“.
განცხადებაში ხაზი ესმება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ყოველდღიური ყოფის სიმძიმეს, რასაც პანდემია დამატებით პრობლემებს უქმნის.
„პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს“ - წერია განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ევროკავშირის აქტიური ჩართულობით, მათ შორის - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში და ასევე „სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით“.
განცხადებაში, რომელიც საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.