თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აქციას მართავენ

"თბილსერვისის" თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კომპანიის შენობასთან აქციას მართავენ. კომპანია თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და თბილისში დასუფთავება მას ევალება.

თანამშრომლების ნაწილი კომპანიის ტერიტორიიდან მანქანებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. თანამშრომლები ითხოვენ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ხელფასის მიცემას და პირობების გაუმჯობესებას - მანქანების შეკეთებას, ნაგვის ურნების გამოცვლას და უნიფორმების გადაცემას.

"მანქანა არის, ხან ბოლტი ძვრება, ხან მოტორის პროპელერი; წყალი გასდის ნაგვის ყუთებს, ხალხი ქუჩა-ქუჩა გვლანძღავს, ფუჰ, რა სუნიაო - ამ მდგომარეობაში ვმუშაობთ და ხელფასის მომატება რომ მოვინდომეთ, თურმე, მერია ყოფილა უკმაყოფილო ჩვენით.

რადგან მერია, [თბილისის მერი] კალაძე უკმაყოფილოა ჩვენით, გამობრძანდეს. არ მეშინია, გამაგდებს, აგერ ტელევიზიიდან მივმართავ, აქვე გამოვიჭრი ყელს. გადმოვიდეს კალაძე თავის ლამბორჯინებიდან და ქალაქში ნახოს, კარტოფილი რა ღირს. ამ 744 ლარით [ხელფასით] რა ვქნა?" - ამბობს კომპანიის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე.

თანამშრომლების ნაწილი, ასევე, ამბობს, რომ მათთვის განკუთვნილი ფეხსაცმელები ბაზრობებზე იყიდება.

რადიო თავისუფლებას კომპანიაში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე თანამშრომლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მედიისთვის კომენტარი ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.