ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარი ვერ იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე

ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ საუბარი ვერ იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვაქვს, არსებობს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან. ამ წითელი ხაზის ფარგლებში ყველაფერზე შეიძლება ზოგადად მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, ვერ გადაიკვეთება, დანარჩენზე, ვნახოთ, რაზეა საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატი ცალკე გამოყოფს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის საკითხს. „რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს. ფრენებიც არის ეკონომიკური საკითხი და არა მარტო ეკონომიკური, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს საინტერესო საკითხია. თავის დროზე, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს პრობლემა შექმნოდათ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საკითხს შეეხო.

„ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის (იმ დონეზე), რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე", - თქვა ბიკანტოვმა.

ასევე ნახეთ მოსკოვი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე - რუსეთის საგარეო უწყება

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.

პირდაპირი ავიამიმოსვლა კი საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეები აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის „კომუნისტი" დეპუტატის სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.