დეკლარირებული ანექსიის მცდელობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ეს არის საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი - ასეთ შეფასებას აძლევენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ განკარგულებას როგორც საქართველოს ხელისუფლებაში, ისე ექსპერტულ წრეებში. ოკუპირებული ცხინვალის მოქალაქეები მანამდეც ფლობდნენ რუსეთის მოქალაქეობას, თუმცა, როგორც კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა ბოლო წლებში გართულებული იყო, ეს გადაწყვეტილება კი კრემლში ცხინვალის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მიიღეს. ბენდიანიშვილის თქმით, რუსეთის მოქალაქეობა ცხინვალის მცხოვრებლებს სოციალურ შეღავათებს, უკეთეს პენსიას და სხვა დივიდენდებსაც სთავაზობს. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებსაც, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებაში თანამდებობებს იკავებენ, უფრო მეტად გაეხსნებათ ხელ-ფეხი, როცა ისინი ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობასაც მიიღებენ.

ასევე ნახეთ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ პროექტი დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და „რესპუბლიკის“ მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. პუტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

„მიღებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ სტრუქტურებთან რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“, - წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, „ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე“. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები, რომლებმაც სამხედრო სამსახური ერთ მხარეს უკვე გაიარეს, ხელშეკრულების მიხედვით, მეორე მხარის გაწვევისგან თავისუფლდებიან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაავალა ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის სახელით.

პუტინის ამ გადაწყვეტილებას 5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა:

„საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს პრეზიდენტ პუტინის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ შეთანხმების პროექტის“ დამტკიცებას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ ამ არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და ამ პროცესს მიიჩნევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად. ანალიტიკოსი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება ერთგვარი ზეწოლაა აფხაზეთზე, რადგან იქ უფრო მეტად ცდილობენ იდენტობის შენარჩუნებას და აცნობიერებენ რუსულ საფრთხეს. ამიტომ, კანაშვილის აზრით, ცხინვალისთვის დაშვებული ეს პრეცედენტი სამაგალითო უნდა იყოს სოხუმისთვისაც.

რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ე. წ. დამოუკიდებელ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად“ აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, აღიარა.

რუსეთის მთავრობამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის - მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიცემა ოკუპაციამდე და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. საქართველოს ამ ორი რეგიონის მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა უკვე აქვს. ისიც აღსანიშნავია, რომ კრემლი სწორედ აგვისტოს ომის დღეებში აქტიურდება ხოლმე საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის თვალსაზრისით. მაგალითად, 2019 წელს რუსეთის მესაზღვრეებმა „ბორდერიზაციის“ ახალი ტალღა ზუსტად 7 აგვისტოს დაიწყეს, როცა სოფელ გუგუტიაანთკარში მათ მიერვე დადგენილი ე. წ. საზღვარი კიდევ ერთხელ შეცვალეს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრება - სახლები, მიწის ნაკვეთები - ახალი ოკუპაციის ხაზის მიღმა მოაქციეს. ამ პროცესის გამო კიდევ ერთხელ დაზარალდნენ სოფელში მცხოვრები გუგუტიშვილები და რაზმაძეები. გუგუტიაანთკარში დაწყებული მცოცავი ოკუპაციის ახალი ტალღა ამ დრომდე გრძელდება ატოცში, დირბში, კოდაში, ჩორჩანასა და შიდა ქართლის კიდევ სხვა მრავალ სოფელში.