საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თანახმად, აკადემიური სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბრამდე აგვისტოს სამი კვირაა გასავლელი და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, დისტანციურად გაგრძელდება სწავლების პროცესი თუ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ იმედი გამოთქვა, რომ სექტემბრამდე დარჩენილი სამი კვირის განმავლობაში საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში. მისი თქმით, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაიწყო:
„დღეს დილით დაიწყო სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში [ვაქცინაცია] საგანმანათლებლო სისტემის პედაგოგიური პერსონალისთვის, ასევე სხვა პირებისთვის. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი მასიური ვაქცინაციის ცენტრში, სადაც დღეს პირველი ჯგუფი აიცრა რეგისტრაციის გარეშე წინასწარ ორგანიზებული აცრით. იგივე მოხდება ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის. შემდეგ ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ეპიდემიოლოგიური სურათი როგორ განვითარდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. კითხვაზე, ხომ არ განიხილება საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანების სავალდებულო აცრის საკითხიც, მან უპასუხა, რომ ქვეყანა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს მიჰყვება და შესაძლოა მეტი საგანმანათლებლო მუშაობა გახდეს საჭირო იმისთვის, რათა სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 3670 შემთხვევა, 2626-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
გასული დღის განმავლობაში აიცრა 20 845 ადამიანი. ეს ვაქცინაციის დაწყების შემდეგ აცრის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 15 მარტიდან გაკეთებულია 564 691 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 178 077.