როგორ ვუთხრათ ბავშვს, რომ მისი ახლობელი გარდაიცვალა

კოვიდპანდემიის გამო მხოლოდ საქართველოში 6 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. ბავშვებმა დაკარგეს მშობლები, ბებია, ბაბუა ან სხვა ახლობელი ადამიანი. როგორ უნდა შევატყობინოთ ბავშვს მომხდარის შესახებ ისე, რომ მან ტრაგედია შედარებით ადვილად გადაიტანოს? რადიო თავისუფლება ბავშვთა ფსიქოლოგ მაია ცირამუას ესაუბრა.

უნდა დავუმალოთ, თუ უნდა ვუთხრათ?

ხშირად ხდება, როცა ბავშვს ახლობლის სიკვდილს უმალავენ, ეუბნებიან, რომ ის სამოგზაუროდ წავიდა, ან ცაშია, ღრუბლებში, რაც გამართლებული არ არის. ამ დროს ფიზიკურად ადამიანი მაინც არ არსებობს. მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, „უცხოეთში წასული“ დარეკვასაც ვერ ახერხებს და ბავშვსაც უჩნდება განცდა, რომ რაღაც ისე არ არის.

მქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვმა 7 წლის შემდეგ გაიგო მომხდარი. ვერაფრით უთხრეს. რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო რთული ხდებოდა მოყოლაც და დამალვაც. შემდეგ ეს ძალიან სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდა მასა და ოჯახს შორის.

როგორ ვუთხრათ ბავშვს ახლობლის გარდაცვალების შესახებ?

ეს უნდა უთხრას იმ ადამიანმა, ვისაც ბავშვი ენდობა და ვისთანაც ემოციურად ახლოსაა. ამ ადამიანისგან უნდა მოდიოდეს რწმენა, რომ, მიუხედავად მომხდარისა, ცხოვრება გრძელდება. ბავშვი უნდა დარწმუნდეს საკუთარ უსაფრთხოებაში და იმაშიც, რომ სამყაროში მარტო არ დარჩა.

რა რეაქციას შეიძლება ველოდოთ?

პირველი რეაქცია შოკია, დაუჯერებლობა, ამის გამო ბავშვმა თავიდან შეიძლება ჩვეულებრივად გააგრძელოს თამაში, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი აღიარებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა და დაუჯერებლობას ბრაზი შეცვლის. შეიძლება საკუთარი თავიც დაიდანაშაულოს, ისიც კი შეიძლება იფიქროს, აი, ფაფა რომ არ შევჭამე, იმიტომ მოკვდაო. შემდეგ მოდის გლოვის ფაზა. ამ დროს ბავშვი ცუდ ხასიათზეა, ტირის, გარდაცვლილს იხსენებს... ბოლოს კი ბავშვი დანაკარგს ეგუება.

უფროსი მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს ბავშვს ამ ემოციების გადალახვაში: როცა აგრესიულია, არ უნდა გაუბრაზდეს; როცა გლოვობს, აცალოს გამოტირება; თუ სურვილი აქვს, შეძლება ჩართონ იმ რიტუალებშიც, რომლებშიც უფროსები თავად მონაწილეობენ.

რატომ არ შეიძლება დიდხანს გლოვა?

როგორც გადაიტანს უფროსი, ისე გადაიტანს ბავშვი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გლოვამ დიდხანს არ გასტანოს. პირიქით, ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ცხოვრება გრძელდება. ამასთან, არაფრით არ შეიძლება ბავშვი მსხვერპლად გამოვიყვანოთ, არ შეიძლება ვუთხრათ, „ახლა შენ რა გეშველება“, „შენი ცხოვრება დამთავრდა“, „დაიღუპე“ და ასე შემდეგ.

ბავშვი უნდა იყოს თუ არა ჩართული დაკრძალვის რიტუალში?

ბავშვისთვის არ არის აუცილებელი გლოვის ყველა რიტუალში მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ რიტუალებში, რომლებიც განსაკუთრებით შიშის მომგვრელია. მან უნდა იცოდეს, რომ ადამიანი გარდაიცვალა; შეიძლება ნახოს, როგორ წევს სასახლეში. ნახავს თუ არა უშუალოდ გარდაცვლილს, ეს ბავშვზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანი მკვდარია და მას დამარხავენ.

როგორ უნდა გაუმკლავდეს ბავშვი მონატრებას?

ხშირად ცდილობენ ბავშვები რაღაცას „გადაახტუნონ“, გლოვას ააცილონ. ეს სწორი არ არის. როდესაც ბავშვს გარდაცვლილი ახლობელი ენატრება, მას უფროსები უნდა დაეხმარონ. ძალიან კარგად მოქმედებს მოგონებების ალბომის ან მოგონებების კედლის გაკეთება. ეს ბავშვს დარდის გადატანაში ეხმარება. დროთა განმავლობაში ტკივილის ინტენსივობა მცირდება და ბავშვი საკუთარ დანაკარგთან ერთად ცხოვრებას ახერხებს.