„ქალი კი არა, ხორცის ნაჭერია“ - პროსტიტუცია სხვადასხვა ქვეყანაში

განსხვავდება თუ არა პროსტიტუციაში ჩართული ქალების გამოცდილება ქვეყნების მიხედვით? რატომ ყიდულობენ კაცები სექსს და თუ არსებობს ნებაყოფლობითი პროსტიტუცია? Current Tame პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს ესაუბრა.

მანანა ქვემო ქართლში, მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. პროსტიტუციის სფეროში 17 წლის მოხვდა. ახლა ის 32 წლისაა, აქედან 15 წელი პროსტიტუციას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში ეწეოდა. პანდემია რომ დაიწყო, მანანა ისევ საქართველოში დაბრუნდა. აქ პროსტიტუციით დაკავებულებს ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრებათ, სუტენიორებს კი - სისხლის სამართლის. თურქეთში პროსტიტუცია ლეგალურია, მაგრამ მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მეგონა, ეს მხოლოდ ერთხელ იქნებოდა

ძალიან მჭირდებოდა ფული, მინდოდა ოჯახს დავხმარებოდი. ნაცნობმა მითხრა, რომ კლიენტს საათში 60 ლარს უხდიდნენ. დავთანხმდი. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ნაცნობი მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ასეთ ფულს სხვაგან ვერსად ვიშოვიდი.

პირველი კლიენტი უხეში არ იყო. მაშინ მეგონა, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდებოდა, მაგრამ ფული ისევ დამჭირდა და მისი შოვნის სხვა გზა არ მქონდა.

რომ მცოდნოდა, მომავალში ჩემზე ოჯახი უარს იტყოდა, კლიენტები იძალადებდნენ და დამამცირებდნენ, ამ საქმიანობას არაფრის დიდებით არ გავაგრძელებდი, მაგრამ 17 წლის ვიყავი, ცხოვრების არაფერი მესმოდა.

მე პროვინციაში დავიბადე, ძალიან ღარიბ მრავალშვილიან ოჯახში. შვიდნი ვიყავით და მშობლებს ჩვენი გამოკვება უჭირდათ. 17 წლისამ ნაცნობისგან გავიგე, რომ ადვილია პროსტიტუციით ფული იშოვო. მან ამიხსნა, რა როგორ ხდებოდა.

მშობლებმა მალე შეიტყვეს და სახლიდან გამომაგდეს. დმანისიდან საგარეჯოში გადავედი, ის თბილისსა და კახეთს შორის არის. მუშაობა უფრო მოსახერხებელია. პროსტიტუციიდან წამოსვლა ჯერ არ შემიძლია, ჩემთვის ძნელია ისეთი სამსახურის შოვნა, სადაც კარგი შემოსავალი მექნება.

ხორცის ნაჭერი

მინდა ის დღე დავივიწყო, როცა ჩემს სახლში ერთის ნაცვლად ხუთი მამაკაცი მოვიდა. გამაუპატიურეს, შემდეგ მცემეს და წავიდნენ. მათთვის ქალი კი არა, უბრალოდ ხორცის ნაჭერი ვიყავი. ფიქრობდნენ, რადგან პროსტიტუციაში ვიყავი ჩაბმული, შეეძლოთ ჩემთვის ყველაფერი ექნათ. ეს ყველაზე ცუდი დღე იყო, მისი გახსენება ახლაც მიმძიმს.

მინდა ჩემს კლიენტებს ვუთხრა, რომ მეც ადამიანი ვარ და ნორმალურ მოპყრობას ვიმსახურებ. ეს ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროა. ვერ შევძელი პოლიციისთვის მიმემართა, რადგან საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია და დამნაშავე ისევ მე გამოვდივარ. ჩემი ნაცნობი ქალები, რომლებიც ასევე პროსტიტუციაში არიან ჩაბმული ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ ხოლმე და მიმართავდნენ პოლიციას, მაგრამ საქმე არავის აღუძრავს. ხანდახან თავად პოლიციელებიც კი ძალადობდნენ მათზე.

„თითქოს თურქეთში ნაკლებად სახიფათო იყო

რამდენიმე წელი თურქეთში ვიმუშავე, სადაც ეს საქმიანობა თურქეთის მოქალაქეებისთვის ლეგალურია. მე არალეგალი ვიყავი, მაგრამ თავს იქ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ იქ რისკი ნაკლებია.

თუმცა ძალადობა იქაც ხშირი იყო. ერთხელ კლიენტს ფულის გადახდა არ უნდოდა, მე ხელი ვტაცე, მან კი დამარტყა, გაიქცა და გატეხილი ცხვირით დამტოვა. თურქეთში ბევრი არ იხდიდა. ერთხელ ერთმა მითხრა, წავალ, ფულს გადავახურდავებო და არ დაბრუნებულა. ჰგონიათ, ეს საქმე სიამოვნებას გვანიჭებს და ფულის გადახდა აუცილებელი არ არის.

ჩემზე ყველამ უარი თქვა

მარტოობა - ეს არის ყველაზე რთული, რისი გადატანაც მიწევს იმის გამო, რომ პროსტიტუციას მივსდევ. თუკი ვინმეს ვიცნობდი, ჩემზე ყველამ უარი თქვა, თან ისე, რომ არც ცდილან დამხმარებოდნენ. უბრალოდ გამრიყეს, თქვეს, რომ მათთვის აღარ ვარსებობ.

ვფიქრობ, სახელმწიფომ პროსტიტუცია ლეგალური უნდა გახადოს, რადგან ბევრი ქალისთვის ეს თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. კარგი ცხოვრების გამო არ ვაკეთებ ამას. მინდა, რომ თუ კლიენტი ჩემზე იძალადებს, სახელმწიფომ ჩემი უფლებები დაიცვას.

მასაჟის სალონები ჩეხეთში

28 წლის სვეტლანა რუსეთიდანაა. რამდენიმე წლის წინ ჩეხეთში ჩამოვიდა, ორი წლის წინ კი მუშაობა დაიწყო სამასაჟო სალონში, რომელიც ეროტიკული მასაჟით არის დაკავებული. პროსტიტუცია ჩეხეთში არ ისჯება, კანონი „პროსტიტუციას“ საერთოდ არ განმარტავს. ამიტომ სექსმუშაკები აქ საკანონმდებლო ვაკუუმში იმყოფებიან.

სულელი ვირი

უკიდურესად არაადეკვატური კლიენტები მე არ შემხვედრია. ეგ არის, რომ ხანდახან რაღაცას გთხოვენ, მაგალითად, „მოდი, ოთხით ვირბენ და შენ „სულელი ვირი“ მეძახე“. მაგრამ ეს უფროს სასაცილოა, ვიდრე საშიში. კლიენტები ძირითადად უცხოელები არიან, უცხოელებს კი ეშინიათ სხვა ქვეყანაში რამე დააშავონ.

მინდა ჩემს კლიენტებს ვუთხრა, უფრო გულდასმით დაიბანონ. ყოველი მეორე ყარს, მაგრამ ამის გამო მომსახურებაზე უარს ვერ ვეუბნებით. უარის თქმის უფლება მხოლოდ მაშინ გვაქვს, თუ კლიენტი აგრესიულია, ან სხეულზე რამე ისეთი გამონაყარი ატყვია, რომელიც შეიძლება გადამდები იყოს.

ჩეხეთში სამუშაო ვიზით ჩამოვედი. თავიდან მაღაზიაში ვმუშაობდი საათში 30 კრონად (3.7 დოლარი). საცხოვრებელი, დაზღვევა, გადასახადები უნდა გადამეხადა და ფული საერთოდ აღარ მრჩებოდა. შემდეგ სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებდი, ძირითადად ვალაგებდი - პრაღაში ცხოვრება სულაც არ არის იაფი.

მსუქანი და აყროლებული

მახსოვს ჩემი პირველი დღე სალონში. კლიენტი მსუქანი და აყროლებული მამაკაცი გამოდგა. მიჭირდა შინაგანი კომპლექსების გამო, თავიდან მისი ასოც ვერ ვიპოვე, მხოლოდ შავი, ბანჯგვლიანი სამკუთხედი ჩანდა.

ჩემთვის ყველზე რთული შინაგანი ბარიერია. როგორ გინდა ადგე და უცხო კაცის წინაშე გაიხადო? ჩემმა ნათესავებმა არ იციან, აქ რითაც ვარ დაკავებული. მეგობრებმა იციან, მაგრამ მათი ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. მე რომ კარგი სამუშაოს შოვნა შევძლო, ამ სფეროდან წავიდოდი.

მოლდოვა, თურქეთი, გერმანია

ვიქტორია კ. რუსეთში გაიზარდა, მოგვიანებით მისი მშობლები მოლდოვაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მოლდოვაში პროსტიტუციის სფეროში 17 წელი გაატარა. ვიქტორია ამ საქმით თურქეთსა და გერმანიაშიც იყო დაკავებული. საბოლოოდ მან პროსტიტუციის დატოვება შეძლო, ახლა გერმანიაში ცხოვრობს და სხვა ქალებს ეხმარება.

გაუპატიურება ფულით ან უფულოდ

1991 წელი იყო, გაჩერებაზე ავტობუსს ველოდი, როდესაც ჩემთან მამაკაცი მოვიდა და მითხრა: „შენს უკანალში 100 დოლარს გადავიხდი“. თავიდან არაფერს ვპასუხობდი, ბოლოს დავთანხმდი და სასტუმროში წავყევი. ასე მოვხვდი პროსტიტუციაში. ვიხსენებ, სასტუმროში როგორ შევყევი და იქიდან როგორ გამოვედი, მაგრამ რაც იქ მოხდა, ბუნდოვნად მახსოვს. ადამიანის ფსიქიკა ასე იცავს თავს: როდესაც გვაუპატიურებენ ან გვაწამებენ, ითიშება.

იყო ეს ჩემი არჩევანი? გააჩნია, არჩევანს რას დაარქმევ! როდესაც ამ კაცმა ჩემთან ლაპარაკი წამოიწყო, მე უკვე მქონდა ძალადობის გამოცდილება - 16 წლისა ოჯახის ახლობელმა გამაუპატიურა. უბრალოდ, შემოვიდა ღამე ჩემს ოთახში, პირზე ხელი დამაფარა და გამაუპატიურა. როდესაც ასეთი რამ შეგემთხვევა, ძალადობას უკვე სხვა თვალით აღიქვამ. აღარ ელოდები, მოძალადე თავს როდის დაგაცხრება. ის სითავხედე, რომლითაც მამაკაცი ჩემს დაყოლიებას ცდილობდა, ჩემთვის სიგნალი იყო. დარწმუნებული ვიყავი, თუ „არას“ ვიტყოდი, ამედევნებოდა და გამაუპატიურებდა, ამიტომ „კი“ ვთქვი იმის იმედად, რომ აგრესიის გარეშე გამაუპატიურებდნენ. გაუპატიურება ფულის გარეშე ან გაუპატიურება ფულის გადახდით - ასე გამოიყურებოდა ჩემთვის არჩევანი. თუ სექსუალური ძალადობის გამოცდილება არ გაქვთ, შეიძლება მსგავს სიტუაციაში სხვანაირად მოიქცეთ.

თურქული გამოცდილება: ციხე, წამება, გაუპატიურება

მინდა დავივიწყო ის დღეები, რომლებიც თურქეთის ციხეში გავატარე. თურქეთში პროსტიტუცია ლეგალურია. სტამბოლში ვნახე ის ქუჩა, მძიმე სანახავი იყო. რაც ამ ქუჩის მიღმა ხდება, ყველაფერი უკანონოა. მეც „უკანონო“ ვიყავი.

პოლიცია დიდხანს არ რეაგირებდა იმაზე, რომ სუტენიორებმა და ადამიანით მოვაჭრეებმა მოლდოვადან, უკრაინიდან, რუმინეთიდან ქალების მასობრივი ჩამოყვანა დაიწყეს. ეს გრძელდებოდა მანამდე, სანამ სუტენიორებმა რამდენიმე ქალი ოთახში არ ჩაკეტეს. მათ საჭმელსაც არ აძლევდნენ. ისეთ სასოწარკვეთამდე მივიდნენ, რომ თავიანთი სუტენიორი მოკლეს და შეეცადნენ გვამი დაემალათ. ისინი დააპატიმრეს. ამის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე შემოწმება მოაწყო და მეც „ჩავვარდი“. თავიდან ციხეში ჩამაგდეს, შემდეგ ლაგერში, სადაც ქალებს აგროვებდნენ. ბოლოს ავტობუსში ჩამსვეს და დეპორტირებული ბულგარეთის საზღვარზე ჩამომსვეს.

ციხეში ყოფნისას ბეტონის ფილაზე გვეძინა. ისე ციოდა, ქვეშ გაზეთებს ვაფენდით. ერთ კამერაში 20-30 ქალი ვიყავით. არც სკამი, არც მაგიდა არ გაგვაჩნდა. დღეში ერთხელ მოდიოდა ვაჭარი, რომლისგანაც საკვებს და წყალს ვყიდულობდით. ვისაც ფული ჰქონდა, თავისთვისაც ყიდულობდა და სხვისთვისაც. მუდმივად ისმოდა, როგორ სცემენ ხალხს, მათი ყვირილის ატანა ძალიან მიჭირდა.

როდესაც ტუალეტში გვინდოდა გასვლა, დაცვისთვის უნდა დაგვეძახა. ერთხელ უკანა გზაზე მცველმა კამერის ნაცვლად კაბინეტში წამიყვანა. მეგონა, დამკითხავდნენ ან ფულს გამომძალავდნენ, მაგრამ არა, უბრალოდ ამოიღო პრეზერვატივი, შარვალი ჩაიხადა და გამაუპატიურა - სრულიად მშვიდად და უემოციოდ, რის შემდეგაც ისევ კამერაში დამაბრუნა.

ყველზე მძიმე საყურებელი სხვა ქალების წამება იყო. იატაკზე ვიჯექი და ვუცქეროდი, როგორ სცემდა პოლიციელი ორსულ რუსს. ეს ხმა, ყვირილი, კვნესა, დარტყმა ჩემი მეხსიერებიდან არ ამოდის. არ ვიცი, სადაა ის ქალი, გადარჩა თუ არა. სანთელიც არ შემიძლია დავუნთო, რადგან მისი სახელი არ ვიცი, მარტო ტირილი შემიძლია და დღემდე ვტირი.

ბევრი რამ, რაც ჩემს თავს ხდებოდა, არ მახსოვს. კიდევ ერთი, რაც კარგად დამამახსოვრდა, ის არის, რაც თურქეთში მორიგმა კლიენტმა მითხრა: „მინდა გიყიდო. დანარჩენს შენს სუტენიორთან მოვილაპარაკებ. თანახმა ვარ შენში 1000 დოლარი გადავიხადო. ემიგრანტებში წაგიყვან და იქ ხელახლა გაგყიდი“. საბედნიეროდ, ჩემს სუტენიორს მაშინ თავის პრობლემები ჰქონდა და ყიდვა-გაყიდვის ეს საზარელი პროცედურა არ შედგა. მაგრამ მე უკვე დამისახელეს თანხა, რომლის საფასურადაც მონად გამყიდიდნენ. ასეთი რამის დავიწყება შეუძლებელია.

გერმანია - პროსტიტუციიდან გამოსვლა

სახელმწიფო დონეზე პროსტიტუციის ლეგალიზება ქალებს თითქმის არაფერში არგიათ. ამით ყველაზე მეტად კლიენტები იგებენ. ბორდელების მეპატრონეებისა და სუტენიორებისთვისაც კარგია, რადგან დიდ ფულს შოულობენ. ბორდელში პატარა ოთახი დღე-ღამეში 150 ევრო ღირს. მიუხედავად იმისა, რამდენი კლიენტი ჰყავდა ქალს, ბორდელის მეპატრონემ ეს თანხა გარანტირებულად უნდა მიიღოს. გერმანიაში იკრძალება, ბორდელის მეპატრონემ ფულის 50 პროცენტზე მეტი წაიღოს, ან კლიენტმა მოითხოვოს პრეზერვატივის გარეშე სექსი, მაგრამ ვინ ამოწმებს? არავინ! მათთვის სულ ერთია. ქალების 90 %, რომლებიც გერმანიაში პროსტიტუციას ეწევიან, უცხოელები არიან. რას ნიშნავს ეს გერმანიის მთავრობისთვის? იმას, რომ თუ ეს ქალი მოკვდა, დაავადდა ან ძალადობის მსხვერპლი გახდა, ამაზე არ უნდა იდარდოს. ის სამშობლოში დაბრუნდება და უკანასკნელ დღეებს იქ განლევს, ისინი კი სექსტურიზმიდან და რეკლამიდან ფულს შოულობენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში პროსტიტუციას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ეს მხოლოდ გერმანიაში. ნიდერლანდებსა და ესპანეთში მსხვერპლი კიდევ უფრო მეტია.

პროსტიტუციაში სხვადასხვა დონეზე ვიყავი - პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან, პოლიციელებთან, სასტუმროში, კლუბში, ქუჩაში...

უზარმაზარ ქუსლებზე, კორსეტში გაჭედილი გაძალიანებას თითქმის ვერ ახერხებ. ერთმა კლიენტმა ამით ისარგებლა და გამაუპატიურა. მე, უბრალოდ, უდროო დროს ვუთხარი „არა“ და ეს მისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ყოველ შემდეგ კლიენტთან უკვე თავს ვერ შევიკავებდი. ზღვრამდე მივედი, აღარ შემეძლო ამის გაგრძელება. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ვერ ავიტანდი, ერთხელაც მოვკლავდი ჩემს კლიენტს, ციხეში ჩავჯდებოდი.

იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში პროსტიტუცია ლეგალურია, ქალისთვის რთულია პოლიციას მიმართოს. ჯერ ერთი, უნდა დაამტკიცო, რომ შენზე იძალადეს. და როგორ დაამტკიცებ, როცა ყველაფერი ერთი ერთზე ხდება? თან, თუ კლიენტი ფრთხილობს, ის ტანზე დალურჯებებს არ დატოვებს და თავის პრეზერვატივსაც წაიღებს. მეორე: თუ თქვენ პროსტიტუციაში ხართ, მსგავსი რამ იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. გერმანიაში უამრავი ინტერნეტსაიტია, სადაც კლიენტები ინფორმაციას ცვლიან, რეცენზიებს წერენ: მკერდი - ხუთიანი, ვაგინა - სამიანი... თუ ცუდ რეცენზიას დაგიწერენ, ფულის საკმარისად გამომუშავებას ვეღარ შეძლებთ. ვინ წავა ამაზე?! ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის შემთხვევები ხშირია, პოლიციას მაინც იშვიათად თუ ვინმე მიმართავს. ენობრივი ბარიერიც ართულებს საქმეს, პრობლემები ვიზასთან დაკავშირებით, დეპორტაციის შიში - გაჩუმების მიზეზი ბევრია.