კვლევის თანახმად, გამოკითხულებს ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ და წინასაარჩევნო პერიოდში მათი ინტერესიც ამ მიმართულებით იქნება გამძაფრებული. ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია მზარდი პოლარიზაცია; ძლიერია პოლიტიკაში ახალი სახეების ხილვის სურვილი და მრავალპარტიული მმართველობის მხარდაჭერა. IRI პოლიტიკურ ძალებს ურჩევს, რომ კვლევა - გზამკვლევად, ხოლო არჩევნებამდე დარჩენილი დრო სწორი ნაბიჯების გადასადგმელად გამოიყენონ.
- რა მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს და რა მიზნებით მივა ის 2 ოქტომბერს საარჩევნო ურნასთან?
- როგორ გამოიყურებიან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები არჩევნების წინ?
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) გამგეობის თავმჯდომარე - იაგო კაჭკაჭიშვილი, IRI-ის კვლევის მიხედვით, ამომრჩევლებს 5 ჯგუფში აერთიანებს, ესენი არიან:
- „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი - 26% (წინა, აპრილში გამოქვეყნებული კვლევის შედეგი -35%);
- „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის ამომრჩეველი - 14% (წინა კვლევის შედეგი - 18%);
- გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ – 9% (წინა კვლევის დროს გახარიას ჯერ პარტია არ ჰქონდა);
- პროდასავლური ოპოზიციის ამომრჩეველი - ჯამში 15% (წინა კვლევის შედეგი - 13%)
- ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების ამომრჩევლები (ვასაძის „ერი“, „პატრიოტთა ალიანსი“) - ჯამში 3%.
თუკი დავაკვირდებით, IRI-ს ახალი კვლევით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, წინა კვლევასთან შედარებით, 9%-ით არის შემცირებული - ზუსტად იმდენით, რამდენიც გიორგი გახარიას პარტიამ მიიღო.
იაგო კაჭკაჭიშვილი ექსპრემიერის პარტიის ამომრჩევლებს პირობითად „ოცნების ალტერნატივის მხარდამჭერებს“ უწოდებს და თვლის, რომ ამ ნაწილს „გახარიას პარტიის სახით სურს დაინახოს ისეთი „ქართული ოცნება“, როგორიც მას უნდა, რომ ეს პარტია იყოს“.
თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ფლანგის შევსებას იაგო კაჭკაჭიშვილი უფრო ლევან ვასაძის „ერის“ მხარდამჭერების ხარჯზე ვარაუდობს და მით უფრო 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალების მიმართ ლოიალობა გამოიჩინა. გახარიას ამომრჩევლებში კი, სოციოლოგს ნაკლებად ეგულება ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, „ევროკავშირის დროშას დაწვავდნენ“.
- ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით „იპსოსის“ (IPSOS) მიერ ივნისში გამოქვეყნებული კვლევით შედეგებით რეიტინგი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 32%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 23%; გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 8%.
- ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ (Edison Research) მიერ ივნისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად: „ოცნება“ – 25%, ენმ - 19%, გახარიას პარტია - 10%.
იაგო კაჭკაჭიშვილი გვეუბნება, რომ წელს პირველად გამოჩნდა შედარებით უფრო ფართო და მკაფიო არჩევანი მათთვის, ვისაც ხმის მიცემა არც „ქართული ოცნებისთვის“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ე.წ. ორპოლუსიანობის გარკვეული შესუსტების ნიშნებს სოციოლოგი დიდწილად ისევ გახარიას ფაქტორს უკავშირებს.
„ამ არჩევნებზე ამომრჩეველი პარტიულ-ინსტიტუციურად უფრო ჭრელია, ვიდრე ყველა სხვა წინა არჩევნებზე. ამას ხელი შეუწყო, ცხადია, გახარიას გასვლამ „ქართული ოცნებიდან“. უფრო მრავალფეროვანი გახდა სპექტრი.
ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დამოუკიდებლად არცერთი პოლიტიკური ჯგუფი თავის რჩეულ პარტიას ხელისუფლებაში ერთპიროვნულად ვერ გაიყვანს. ეს არის მაინც წინაპირობა კოალიციური ხელისუფლებისა. სხვათა შორის, კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობების შესახებ თავად „ქართული ოცნებისგანაც“ გაისმა ბოლო პერიოდში“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი IRI-ის კვლევაზე: არ ვენდობით "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებსკოალიციური მთავრობის ფორმირების თეორიულ შესაძლებლობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს ილაპარაკა; ზუსტად იმ დღეს, როცა გამოაცხადა გადაწყვეტილება „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივად ანულირების შესახებ.
ექსპერტების ერთმა ნაწილმა ეს სვლა გახარიას პარტიას დაუკავშირა, თუმცა კობახიძემ მალევე განმარტა, რომ „მოღალატეებთან“ კოალიციას არ შექმნიან.
სხვათა შორის, IRI-ის კვლევის თანახმად, „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაფორმებას სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერდა გამოკითხულთა 78%. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში ეს მაჩვენებელი 83%-ს შეადგენს.
კვლევის ჩატარებისას, ეს შეთანხმება ჯერ არ იყო „ოცნების“ მიერ „ანულირებული“.
ასევე ნახეთ IRI-ის კვლევა: "ქართული ოცნება" - 26%; "ნაციონალური მოძრაობა" - 14%; გახარიას პარტია - 9%მრავალპარტიული მმართველობის მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულება IRI-ის კვლევამაც გამოავლინა. ასევე იკვეთება ამომრჩევლების მკაფიოდ უარყოფითი დამოკიდებულება პოლარიზაციის ზრდასთან მიმართებით:
- სრულად (51%) ან ნაწილობრივ (26%), სულ 77% იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის სასარგებლოა მრავალპარტიული მმართველობა. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში ასეთ პოზიციას (სრულად ან ნაწილობრივ) 77% იზიარებს.
- გამოკითხულთა 61% თვლის, რომ ქვეყნის პოლიტიკა პოლარიზაციისკენ მიდის; 22%-ის აზრით კი - კონსენსუსისკენ.
- გამოკითხულთა 97% თვლის, რომ პოლარიზაცია ცუდია და ის მხოლოდ 1%-ს მოსწონს.
- ვადამდელ არჩევნებს სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა გამოკითხულთა 51%.
- გამოკითხულთა 89% ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიიღებს.
უიმედო და აპათიური?
„სამწუხაროდ, საქართველო არის უიმედო და აპათიური ამომრჩევლის ქვეყანა“ - IRI-ის ბოლო კვლევამ ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ (EECMD) აღმასრულებელ დირექტორს, პოლიტოლოგ ლევან ცუცქირიძეს. მისთვის აშკარაა, რომ ამომრჩეველი ყველაზე მეტად ეკონომიკური პრობლემებით არის დამძიმებული.
„ეს ჩანს საზოგადოების შეფასებებში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მხოლოდ 1% ამბობს, რომ - მისი ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; ხოლო მხოლოდ 7% ამბობს - გარკვეულწილად გაუმჯობესდაო...
ეს ნიშნავს იმას, რომ 1%-ის ქვეყანაში ვცხოვრობთ... დანარჩენ ამომრჩეველს ხელი აქვს ჩაქნეული პოლიტიკაზეც, საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც და, როგორც ჩანს, საკმაოდ უიმედოდ უყურებს მომავალს“, - გვეუბნება ლევან ცუცქირიძე.
ჩვენ მას ვეკითხებით - არის თუ არა ეს მაჩვენებელი შესაბამისობაში „ქართული ოცნების“ რეიტინგთან (26%)? უკავშირებს თუ არა ამომრჩეველი ამ პრობლემას ხელისუფლებას?
„შესაძლოა, უკავშირებს კიდეც. მაგრამ რადგანაც ოპოზიციის მიმართაც საკმაოდ დიდი იმედგაცრუებაა, ამიტომ ეს არ აისახება პარტიულ რეიტინგებში. უიმედობა ამისკენაც უბიძგებს საზოგადოებას - ვინაიდან მას ზოგადად ხელი აქვს ჩაქნეული პოლიტიკურ კლასზე...
ბევრი ამომრჩევლის თვალში ყველა პოლიტიკოსი ერთი და იგივეა. ბოლო 7 თვეა ხალხი უყურებს მხოლოდ პარტიების ჩხუბს ძალაუფლებისთვის და ამ კვლევითაც ჩანს, რომ ამომრჩევლების დიდ ნაწილს ახალი პარტიების გამოჩენა უნდა“, - გვპასუხობს ცუცქირიძე.
კვლევის თანახმად:
- ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენა უნდა - 61%-ს; ძველებით კმაყოფილია - 31%.
- თუმცა ჯამში 65% თვლის, რომ სულ მცირე ერთი პარტია საქართველოში სრულად (21%) ან ნაწილობრივ (44%) წარმოადგენს მის ინტერესს.
- პარტიებზე მხარდაჭერას ამომრჩევლების უმეტესობაში განსაზღვრავს მათი ეკონომიკური პროგრამა - 67%; ჯანდაცვა და სოციალური დაცვის მიმართულება 48%; საგარეო პოლიტიკა - 14%.
ლევან ცუცქირიძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება და ის ამომრჩევლების მკაფიო სურვილს, მხარდაჭერისკენ სწრაფვასა და მონდომებას ვერ ასახავს.
„უფრო ასეთ განწყობას ასახავს - რაც არის, ეგ არის... მაგრამ მერე მაინც ამას მივცემ ხმას, ან იმას მივცემ ხმას... ცუდი კი არ არის სკეპტიკური დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ, ეს ჯანსაღია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ახლა ცუდი სურათი გვაქვს ამ მხრივ...
მეორე მხრივ, ჩანს, რომ აღელვებს ხალხს თავისი ბედი და მაღალია არჩევნებზე წასვლის მსურველთა მაჩვენებელი, მაგრამ ამომრჩევლების განწყობები, მიზნები, პრობლემები ვინც პოლიტიკაში უნდა თარგმნოს, ანუ პარტიები - ძალიან სუსტი ორგანიზაციები არიან“, - გვეუბნება ცუცქირიძე.
მისი შეფასებით, გიორგი გახარიას ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალი პიროვნული და პარტიული რეიტინგი აქვს, „რაც სასურველი იქნებოდა ბევრი დამწყები პოლიტიკური ძალისთვის“, თუმცა მისთვის არ არის ცალსახა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი.
ცუცქირიძე ფიქრობს, რომ გახარიასა და მის პარტიას ჯერ კიდევ დიდი გამოცდები ელით „პოლიტიკურ დებატებში, პოლიტიკურ ბრძოლაში და საქმეში“.
- IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51%-ისთვის პარტიაზე მეტად (28%) მნიშვნელოვანია - ამა თუ იმ კანდიდატის პლატფორმა და პროგრამა და სწორედ ამით იხელმძღვანელებს ხმის მიცემისას.
- დაპირებებს მხოლოდ 16% ენდობა.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 15-30 ივნისის შუალედში ჩატარდა. პირისპირ გამოკითხვის გზით, მასში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1500 რესპონდენტმა.
IRI-ის თანახმად, კვლევის ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტს შეადგენს.