საქართველოს პარლამენტმა "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 91 მომხრე და არცერთი წინააღმდეგ არ ჰყავდა.
"რეზოლუცია ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მასში მკაფიო ჩანაწერია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები უნდა დაეყრდნონ სწორედ ამ გადაწყვეტილებას როდესაც ისინი წარმართავენ თავიანთ პოლიტიკას როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - აღნიშნულია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია პრობლემები, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუცია:
- "რეზოლუციის მიზანია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა კვლავ დაადასტუროს, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საქართველოს უმთავრეს ამოცანას და პრიორიტეტს წარმოადგენს";
- "იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესის გაძლიერებამ და ჰიბრიდული საომარი იარაღების გააქტიურებამ მნიშვნელოვნად გაამწვავა უსაფრთხოების გარემო და ჰუმანიტარული მდგომარეობა COVID-19-ის კონტექსტში, იკვეთება აღნიშნული საგანგაშო პროცესების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებისა და მისი ყურადღების მიპყრობის საჭიროება";
- "რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად";
- "რეზოლუციაში ასახულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − ოკუპაციისა და მათი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხაზგასმა, საქართველოს პარლამენტის მზაობა, იმუშავოს საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით და სხვა";
- "რეზოლუცია კარგი შესაძლებლობაა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი საქართველოს პარლამენტის ერთიანი ხედვისა და ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ერთსულოვნების წარმოსაჩენად".