ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ ჩატარდება

მწერალთა სახლი ლიტერატურული კონკურს „ლიტერას“ წელს აღარ ჩაატარებს. ამასთან დაკავშირებით მწერალთა სახლმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადების საფუძველზე კონკურსიდან დღეისათვის 92 წიგნია მოხსნილი. მწერალთა სახლის შეფასებით, არსებულ ვითარებაში წელს შეუძლებელი ხდება ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება.

„წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 (03.06.2021) ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს. შესაბამისად, „ლიტერას“ ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე მწერალთა სახლი ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია.

მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა.

ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92 წიგნი“, - აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მწერალთა სახლი იმედს გამოთქვამს, რომ სამინისტროსა და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის.

ყოველწლიურ კონკურსს, რომელიც "მწერალთა სახლის" ორგანიზებით ტარდება, თავდაპირველად ტორესა მოსმა და მათე სარალიშვილმა გამოუცხადეს ბოიკოტი მინისტრ წულუკიანის ხისტი პოლიტიკის გამო, სხვა ავტორებმა კი კონკურსში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი მას შემდეგ თქვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მის 5-კაციან ჟიურიში ერთი წევრი მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამინისტრომ ჩასვა. „ლიტერას“ 5-კაციან ჟიურიში ამ დროისათვის მხოლოდ ერთი წევრი, კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე რჩება.

ასევე ნახეთ მწერლები კულტურის მინისტრს: დაუყოვნებლივ გაიწვიეთ სამინისტროს დანიშნული წევრი "ლიტერას" ჟიურიდან

"ლიტერა" იყო და არის მწერალთა სახლის პასუხისმგებლობა", - უთხრეს რადიო თავისუფლებას კულტურის სამინისტროში, სადაც "ლიტერას" კონკურსის ჩაშლასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვეს. სამინისტროს თანახმად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მხოლოდ ურიცხავს კონკურსის ჩასატარებელ თანხას მწერალთა სახლს და ხუთკაციან კომისიაში კომისიის ერთ წევრს ასახელებს. "თუკი მწერალთა სახლმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენთვის ეს მხოლოდ დასანანია და ვწუხვართ", - აღნიშნავენ სამინისტროში.