ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

  • გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;
  • გიორგი სანტურიანს კი - 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.

დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

წევრობის მსურველებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • გია ცაცაშვილი - 81 მომხრე, 3 წინააღმდეგი;
  • ლელა ტალიური - 8 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
  • თამარ სართანია - 8 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
  • მაია ზარიძე - 81 მომხრე, 1 წინააღმდეგი.

საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა, თუ მას პირველ ან მეორე კენჭისყრაზე 100 დეპუტატი დაუჭერს მხარს. თუ ამ შემთხვევაში თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, იგივე გადაწყვეტილების მისაღებად 90 დეპუტატის ხმაც საკმარისია. იმ შემთხვევაში, თუ ეს სამი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, ცესკოს თავმჯომარე 6 თვის ვადით აირჩევა, ამისთვის საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი.

თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს, ცესკოს თავმჯდომარე კი 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იქნებოდა.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს 2018 წლის 24 დეკემბერს. თამარ ჟვანიას გადადგომას აქტიურად ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2020 წლის არჩევნების შედეგების გაცნობისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მიზეზით თითქმის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთი ნაწილი არ იწყებდა საპარლამენტო საქმიანობას. საკითხის გასარკვევად მმართველმა პარტიამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ენდობა.