თბილისის მერობის კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია განცხადებით ეხმიანება ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის თბილისში მომხდარ მკვლელობას.
„დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, ვიმეორებ - სიცოცხლისათვის. თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება.
თბილისი საშიში ხდება თბილისელებისთვის, ჩამოსულებისთვის, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან ჩამოსულებისთვის, ისე უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის.
ფაქტია, თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს. მათ უსაფრთხოებას წერტილი უნდა დაესვას. თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის უნდა გახდეს უსაფრთხო! კრიმინალებთან შეხმატკბილებული "ქართული ოცნება" ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს. ასეც იქნება!“, - ვკითხულობთ ნიკა მელიას მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აწარმოებენ.