ჩინეთში თვეების განმავლობაში ყველაზე უარესი ვითარებაა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც ქალაქ ნანკინთან დაკავშირებული შემთხვევები გავრცელდა რამდენიმე სხვა რეგიონზე, მათ შორის დედაქალაქ პეკინზე.
ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი გამოვლენილი შემთხვევა უკავშირდება ნანკინს, მაგრამ ინფექცია, რომლის უკანაც დგას კორონავირუსის ძალზე გადამდები „დელტა“ ვარიანტი, სწრაფად ვრცელდება. აქამდე ჩინეთი სხვა ქვეყნებზე უკეთ ახერხებდა „დელტა“ ვარიანტის თავიდან აცილებას.
ამჟამად ასიათასობით ადამიანი ლოკდაუნში იმყოფება პროვინცია ჯიანსუში, ნანკინში კი 9,2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა ტესტი.
31 ივლისს ახალი შემთხვევები გახდა ცნობილი პროვინცია ფუჯიანში და ჩონკინის მუნიციპალიტეტში.
ქვეყნის მასშტაბით დღემდე 1,6 მილიარდი დოზა ვაქცინა იქნა გამოყენებული. ამავე დროს იზრდება კითხვები ჩინური წარმოების ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ, რაც 50-დან 80 პროცენტამდეა. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ჩინური ვაქცინები ხელს უშლის სერიოზულ გართულებებს და სიკვდილიანობას. ამავე დროს იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ ნანკინის საერთაშორისო აეროპორტის დამლაგებელთაგან, რომლებიც ინფექციის ახალი გავრცელების მთავარ წყაროს წარმოადგენენ, თითქმის ყველა აცრილი იყო.