მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს - ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები სასამართლოში მიდიან

პანორამა თბილისი და ხელოვნების მუზეუმი

გეგმით, ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლას კულტურის სამინისტრო 5 აგვისტოდან იწყებს. ბუნდოვანია, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობიდან, რომლის აღდგენაც ექსპერტიზამ „არარენტაბელურად” მიიჩნია, სად წავა ეროვნული საგანძური. მოქმედი თანამშრომლები სამინისტრომ ამ პროცესიდან გამოთიშა. 

ეროვნული გალერეის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე ახლა ლაბორანტია. მინისტრ წულუკიანის მიერ დანიშნულმა დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა იგი მას შემდეგ ჩამოაქვეითა, რაც ეკა კინკაძემ ოფიციალურად მოითხოვა მუზეუმის დაცლის და ფონდებში დაცული ექსპონატების ევაკუაციის გეგმა.

„ევაკუაციის ახალი დოკუმენტი, სადაც პროცესი დეტალურად იქნება გაწერილი, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ეჭვი მაქვს, ასეთი უბრალოდ არ არსებობს. სიტყვიერად გაჟღერებული განზრახვები არის საგანგაშოდ არაპროფესიონალური და საფრთხისშემცველი, როგორც კოლექციების უსაფრთხოების, ისე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მათდამი დიდი ინტერესის გათვალისწინებით.

უცნობია კოლექციების განთავსების სქემა.

უცნობია, სად გადადის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი”, - ამბობს ეკა კიკნაძე.

„დღეს მიღებული ბრძანების თანახმად მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე. ეტყობა, მინისტრმა, რომელსაც ძალიან "ვუყვარვარ", ახალ დირექტორს უთხრა, "ჩამოალაბორანტებო". მას კი დოჩანაშვილი არ წაუკითხავს და პირდაპირ გაიგო“, - წერს ეკა კიკნაძე ფეისბუკზე.

ეკასთან ერთად სამუშაო პოზიციები შეეცვალა სხვა ორ თანამშრომელსაც, დარეჯან გოგაშვილს [მუზეუმის რესტავტაცია-კონსერვაციის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი] და დინარა ვაჩნაძეს [კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი]. საკადრო ცვლილებების შედეგად მუზეუმის თანამშრომლებს აღარ ექნებათ ევაკუაციის პროცესის მონიტორინგის საშუალება. ექსპონატების ევაკუაციის პროცესს კი დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და მისი ორი მოადგილე, ნელი კობიაშვილი და გია მარსაგიშვილი უხელმძღვანელებენ.

„დაუშვებელია ევაკუაციის დაწყება, სანამ ახალი გეგმა არ გახდება საჯარო ყველა დაინტერესებული პირისთვის და არ იქნება შეფასებული სპეციალისტების მიერ. შეგახსენებთ, რომ საუბარია სხვადასხვა შედგენილობის, სიძველის და მდგომარეობის (ხშირ შემთხვევაში, უმძიმეს) კოლექციებზე, რომელიც არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილებაა და რომელთა დაძვრისთვის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების არმიაა საჭირო.

ჩემი კოლეგები და მე ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას. ეს ჩვენი ბრძოლა იქნება”, - ამბობს ეკა კიკნაძე.

ასევე ნახეთ „არარენტაბელურია ბოსლის აღდგენა” - ანგრევენ თუ არა ხელოვნების მუზეუმს

სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ევაკუაციის გეგმას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის საცავების 6 თვეში დაცლას ითვალისწინებს, კრიტიკულად აფასებს სამი სახელოვნებო ორგანიზაცია და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ამ საკითხზე: ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი თვლიან, რომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ევაკუაციის გეგმა, არაერთ კითხვას აჩენს, მთავარი საკითხი კი ისაა, რომ 6 თვეში ამ მოცულობის ექსპონანტების სხვა ფონდებში გადატანა არარეალისტური და შეუძლებელია.

„მაგალითისთვის, როცა ეროვნული მუზეუმის მიერ განხორციელდა არასათანადო პირობებში დაცული ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთის ქვეყნების კოლექციის (5000-მდე ნივთი) ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის საცავში დროებით განთავსების პროექტი (EU twinning პროექტის ფარგლებში, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ექსპერტთა მონაწილეობით, 2009-2012), მას 2 წელი დასჭირდა. კოლექციების საგანგებო ევაკუაციისათვის აუცილებელია:

ა) კონსერვაციისა და კოლექციების მართვის სპეციალისტების მიერ დამუშავებული დეტალური გეგმა, რომელიც დაეფუძნება კოლექციების მდგომარეობის შეფასებას, აღწერილი იქნება რისკები, განსაზღვრული საჭირო მატერიალურ და ადამიანურ რესურსები;

ბ) პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების სპეციალისტები“, - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამივე ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა შენარჩუნდეს ხელოვნების მუზეუმის შენობა, მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კი უნდა მოხდეს საჯაროდ, ყველა დაინტერესებული მხარის და პროფესიონალების ჩართულობით.

კულტურის სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს 10-გვერდიანი ევაკუაციის გეგმა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატებს 6 ეტაპად გაიტანენ.

პირველ ეტაპზევე ხელოვნების მუზეუმიდან გადის ოქროს ფონდში შემავალი ნივთები, თუმცა ევაკუაციის გეგმაში დაკონკრეტებული არ არის, სად გადაიტანენ ამ ფონდს. გეგმა დეტალიზაციის გარეშე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შედგა. მანამდე, ეროვნული მუზეუმის გუნდი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდნენ ხელოვნების მუზეუმის დაცლის გეგმაზე.

„ევაკუაციის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, შენობის რეაბილიტაციის დასრულებამდე, კოლექციები განთავსდებოდა ეროვნული მუზეუმის კუთვნილ შენობებში: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (ოქროს ფონდი), ხელოვნების მუზეუმის ახალი სივრცესა და ეროვნულ გალერეაში. არცერთი კოლექცია ეროვნულ მუზეუმს არ ტოვებდა. ევაკუაციის პროექტი არაერთგზის წარდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროფესიული წრეებისთვის, განხილულია პარლამენტის საკომიტეტო მოსმენასა და კულტურის სამინისტროში მოწვეული უწყებათაშორისი კომისიის წინაშე (2018-2020 წწ.)”, - ამბობს მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე.

ძველ გეგმაზე უარი და ახალი გეგმა დეტალების გარეშე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებსაც და მის გულშემატკივრებსაც უჩენს ეჭვს, რომ სამინისტროს ნაჩქარევი მიდგომით ექსპონატები დაზიანდება, მუზეუმის შენობა დანგრევისთვისაა განწირული, ოქროს ფონდში შემავალი ხატები კი შესაძლოა სახელმწიფომ ეკლესიას გადასცეს.

ასევე ნახეთ ანჩისხატში ტყვიაგაუმტარი სახატე ვიტრინა დადგეს - გადაიტანენ ხატს მუზეუმიდან?