ცაგერში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი ნემსაძე დაასახელა

გიორგი ნემსაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ცაგერში მერობის კანდიდატად დაასახელა.

ნემსაძემ პოლიტიკური კარიერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით დაიწყო. ის 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-დან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ნემსაძე საკრებულოს წევრად მეორედაც აირჩიეს, თუმცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მან ირაკლი შიხიაშვილთან და კიდევ ორ დეპუტატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დატოვა. მოგვიანებით გიორგი ნემსაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისის" თავმჯდომარე გახდა.

ნემსაძის საჯარო ცხოვრებაში განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2007 წლის მაისი. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა რამდენიმე საათში განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. ხელახალ არჩევნებში კი მონაწილეობა არ მიუღია.

გავრცელებული ინფორმაციით, ნემსაძეს თანამდებობის დაკავებაზე უარი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ათქმევინა, თუმცა ამ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მაშინდელმა მინისტრმა გოკა გაბაშვილმა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გიორგი ნემსაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თხოვნით გადადგა.

ასევე ნახეთ გორში „ოცნებამ“ მერობის კანდიდატად დაასახელა ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ასევე ნახეთ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ყველა ქალაქში დაასახელა მერობის კანდიდატები