ერთ-ერთი ყველაზე არაჰუმანური და შემზარავი მეთოდი, რომელსაც საბჭოთა სისტემა დისიდენტების წინააღმდეგ იყენებდა, ჯანმრთელი ადამიანების ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამოკეტვა და იძულებითი მკურნალობა იყო.
საბჭოთა ფსიქიატრიის სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა ანდრეი სნეჟევსკიმ, შექმნა კონცეფცია, რომელსაც სისტემა იოლად იყენებდა, ზოგადად, არასტანდარტულად მოაზროვნეთა და მათ შორის დისიდენტების წინააღმდეგ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ანტისაბჭოთა შეხედულებების მქონე ადამიანებს იოლად გზავნიდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც მას სანიტრების მხრიდან ცემა, სულფოზინის (გოგირდოვანი ხსნარი, რომლის ხანგრძლივ გამოყენებას ახლავს ძლიერი ტკივილი, უძრაობა, კუნთების ნეკროზი) ინექციები, ფსიქოტროპული პრეპარატები და ინსულინოკომატოზური თერაპია ელოდა. ამ თერაპიის დროს პაციენტის ორგანიზმში დიდი დოზით შეჰყავთ ინსულინი, რომელიც მის ჰიპოგლიკემიურ კომაში ჩავარდნას იწვევს.
როგორ მიჰყავდათ ფსიქოზამდე
ფსიქიატრი ეკა ჭყონია ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის ტაქტიკა უმეტესად ის კი არ იყო, რომ ჯანმრთელი ადამიანი ფსიქიატრიულში გამოეკეტა, არამედ მიეყვანა იმ დონემდე, რომ მას ფსიქიატრიული ბუნებრივად დასჭირვებოდა.
„დასდევდნენ, დევნიდნენ, გასაქანს არ აძლევდნენ და ბოლოს რომ გამოდიოდა წყობიდან, მის ქცევას აღწერდნენ როგორც დაავადებას და შემდეგ 15 წლით ფსიქიატრიულში ათავსებდნენ. ადამიანის წყობიდან გამოყვანა ადვილია. თუ დევნი, ჯანმრთელი შეიძლება ისე დაიზაფროს, რომ ფსიქოზამდეც მივიდეს და თვითმკვლელობამდეც. „ძლიერი ადამიანი“ ძალიან არასწორი გამოთქმაა. თუ [ადამიანი] ისეთ გარემოში ამყოფე, სადაც ის დამცირებულია, შია, სწყურია, სცივა... შეუძლებელია გაუძლოს. ყველას მიყვანა შეიძლება ფსიქიკურ დაავადებამდე“.
პეტრე მეუნარგიას საქმე
თუ როგორ იყენებდნენ კომუნისტები ფსიქიატრიას პატიმრების წინააღმდეგ, ამის აღსაწერად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს პეტრე მეუნარგიას მაგალითი მოჰყავს.
პეტრე მეუნარგია კომუნისტი იყო და ხელმძღვანელ თანამდებობებზეც მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ანტისაბჭოთა ბიულეტენების წერა დაიწყო, რის გამოც ის 1956 წელს დააპატიმრეს. გასამართლებამდე მან გაიარა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაასკვნა, რომ ის შერაცხადი იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როდესაც ისევ შეამოწმეს, მეუნარგია შეურაცხადი „გახდა“. მისი საქმიანობა შეფასდა როგორც შეურაცხადობა, რომელიც ექვემდებარებოდა იძულებით მკურნალობას და იზოლაციას სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. პატიმარი ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადაჰყავდათ. საერთო ჯამში, პეტრე მეუნარგიამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში თითქმის ორი წელი გაატარა.
Your browser doesn’t support HTML5
ეკა ჭყონია ჰყვება, რომ საბჭოთა კავშირში ანტისაბჭოთა საქმიანობა უცნაურ საქციელად მიიჩნეოდა, უცნაური საქციელი კი, თავის მხრივ, შესაძლოა ფსიქიატრიულში მოხვედრის წინაპირობა ყოფილიყო.
„მაგალითად, ჩეხოსლოვაკიაში ტანკები რომ შევიდნენ, ვალერია ნოვოდვორსკაიამ პროკლამაციები გაავრცელა. ეს მაშინ უცნაური ქცევა იყო. პროკლამაცია კი არა, ანეკდოტის მოყოლა არ შეიძლებოდა მთავრობაზე. ეს ჩაუთვალეს არაადეკვატურ საქციელად და შიზოფრენიის დიაგნოზით ფსიქიატრიულში გააქანეს, სადაც წლები გაატარა. იგივე შამანაურის და მამა გაბრიელის (ურგებაძე) ამბავი... მამა გაბრიელმა ლენინის პორტრეტი რომ დაწვა, ეს იმ დროს მართლა უცნაური საქციელი იყო“, - ამბობს ეკა ჭყონია.
კოსტავას წერილი
დისიდენტ მერაბ კოსტავას საქმეში დევს წერილი, რომელიც მას საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს, მისწერა:
„1977 წ. 29 სექტემბერს შევიტყვე, რომ სახ. უშიშროების კომიტეტი აპირებს ჩემ გაგზავნას გამოკვლევაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ჩემთვის ცნობილია, რომ არაერთი ჯანმრთელი დისიდენტი გაუგზავნიათ ამგვარ გამოკვლევაზე და შემდეგ ავადმყოფად შეურაცხიათ ისინი. მაგალითად, ლეონიდ პლიუშჩი, ა. გრიგორენკო, ვ. ფეინბერგი და ა.შ. პრიმიტიული ლოგიკაც კი საკმარისია მისახვედრად, სახელდობრ, სხვაგვარად მოაზროვნეებს რად ხვდენიათ ხოლმე ჩვენში ამგვარი ხვედრი. რატომ მაინცდამაინც დისიდენტები გამოდიან ფსიქიატრიულად დაავადებულები? რატომ ერთხელაც არ მოგსვლიათ აზრად უშიშროების რომელიმე მუშაკი გაგეგზავნათ ექსპერიმენტისათვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში? დისიდენტებს იმიტომ ეკერებათ ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყი, იდეოლოგიური სტანდარტიდან გადახვევას რომ ვერ იტანს ჩვენი ოფიციალობა. მე ვხედავ საშიშროებას, არც მე ამცდება ზემოთქმულ პირთა ხვედრი. ჩემთან მჯდომი უშ. [უშიშროების] კომიტეტის პატიმრებიდან ჯერ არავინ გაუგზავნიათ ამგვარ ექსპერიმენტზე. ასეთ გადაწყვეტილებას უშ. კომიტეტისას პროტესტით ვპასუხობ, რადგან ზემოხსენებულ სამედიცინო პროცედურაში ვხედავ აშკარა ნეგატიურ მიკერძოებას დისიდენტების მიმართ“.
უნდობლობა ექიმების მიმართ
თუ როგორი რეპუტაცია ჰქონდა ფსიქიატრიულს საბჭოთა კავშირში, კარგად ჩანს დისიდენტ ვიქტორ კრასინის მონათხრობიდან. თავის წიგნში „ანტიკომუნისტის ჩანაწერები“ ის ასეთ შემთხვევაზე ჰყვება. მორიგი ანტისაბჭოთა დემონსტრაციის დროს დააპატიმრეს დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, პეტრე იაკირის, ქალიშვილი. იაკირზე ამ ფაქტმა ისე იმოქმედა, რომ ცუდად გახდა. ის ტახტზე იწვა, ბოდავდა, დროდადრო კი ფანჯრისკენ იწევდა გადასახტომად. მას მართლაც სჭირდებოდა ექიმი, მაგრამ დისიდენტები საავადმყოფოს არ ენდობოდნენ.
„არავითარ შემთხვევაში, ისინი პირდაპირ ფსიქიატრიულში უკრავენ თავს... როგორმე თვითონვე უნდა მოვიყვანოთ გონს, - ვუთხარი... როდესაც პეტრე ადგომას ცდილობდა, ზემოდან მთელი ძალით ვაწვებოდი, რომ დამეკავებინა, რადგან ვიცოდი, რატომ იწევდა ფანჯრისკენ. ამ დროს ხალხმა იწყო მოსვლა. ყველა სამზარეულოში იჯდა და ელოდა, რით დამთავრდებოდა ყოველივე ეს. შეგცვლითო, შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. მეშინოდა, რომ მის დაკავებას ვერ შეძლებდნენ და ფანჯრიდან გადახტებოდა“... - წერს ვიქტორ კრასინი.
„მეგრელთა საქმე“ და ფსიქიატრია
IDFI-ის წარმომადგენელი ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ ფსიქიატრიულებში ხალხის გამოკეტვის პრაქტიკა განსაკუთრებით 70-წლებში იყო გავრცელებული.
თუმცა მსგავსი რამ არც სტალინური ეპოქისთვის იყო უცხო. ჟურნალისტი ალეკო ასლანიშვილი თავის წიგნში „მეგრელთა საქმე“ იმოწმებს მეცნიერ აკაკი თოფურიას მონათხრობს, რომლის ძმა, ვანო, „მეგრელთა საქმის“ წარმოებისას დაპატიმრებულთა არმიაში მოჰყვა და „სამკურნალოდ“ ქუთაისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ძმის სანახავად ქუთაისში ჩასულ აკაკის ვანომ შესჩივლა:
„რა მინდა მე აქ, რატომ მომიყვანეს? რას მიგონებენ, რას მწამებენ. კოკაიასთან ერთად თურქეთში დადიოდი წყალქვეშა გემითო. ტყუილი უნდათ მათქმევინონ. ვინ გვყოლია პროკურორებად და მოსამართლეებად, ვინ ყოფილან! მიშველე, მიხსენი გიჟებისგან. ისევ სასამართლოში, ხალხის წინაშე დამაყენონ. იქ გავცემ მაგათ პასუხს“.
აკაკი თოფურიამ მთავარ ექიმს მიმართა, ხომ ხედავთ, სრულიად ჯანმრთელი ადამიანია. თქვენთან არასწორი დიაგნოზით მოხვდა და უკან დააბრუნეთო, რაზეც პასუხად მიიღო, რომ პაციენტი პროკურორის კონტროლზე იყო და მის გარეშე დიაგნოზის შეცვლის უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ ის უშუალოდ პროკურორ შიო რეხვიაშვილთან მიდის და მათ შორის ასეთი დიალოგი იმართება:
შ.რ: „მეგრელთა საქმეს“ უშუალოდ რუხაძე ხელმძღვანელობს... ფოთის პროკურატურას დავალებული აქვს მიაღწიოს პატიმრის მიმართ წაყენებული ბრალდების აღიარებას. როცა აღიარების რეალური სარჩული არ არსებობს, მიმართავენ უკიდურეს ზომას, მათ შორის სულიერი შერყევის ცდას. ასეთ დროს პიროვნება კარგავს ცნობიერების უნარს და ყველაფერზე შეგიძლია ხელი მოაწერინო.
ა.თ: ნაომარ კაცს აგიჟებენ? სად ვართ, ფაშისტურ გერმანიაში?
... პროკურორი ცხვირსახოცით ოფლს იწმენდდა. კრინტი არ დაუძრავს. მერე ტელეფონის ყურმილი აიღო და ფოთის პროკურორს დაელაპარაკა.
შ.რ: ქუთაისიდან დააბრუნებენ თქვენ მიერ დანაშაულებრივად საგიჟეთში მოთავსებულ ბრალდებულს, სასამართლო დაუნიშნეთ და შედეგი მაცნობეთ“.
სულ რამდენი ადამიანი გახდა იძულებული მკურნალობის მსხვერპლი, ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია, მონაცემები ამიშ შესახებ არასდროს გამოქვეყნებულა. ეკა ჭყონიას თქმით, საბჭოთა კავშირის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები, მათ შორის ქართველებიც რუსეთში, სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ინსტიტუტში მიჰყავდათ, რომელიც სწორედ ამ კუთხით იყო სპეციალიზებული. ამიტომ უშუალოდ საქართველოში ფსიქიატრიულის რეპრესიული ფუნქციით გამოყენების შემთხვევები შედარებით ცოტა იყო.
თუმცა, როგორც IDFI წერს, გარკვეული წარმოდგენა შეიძლება შეგვიქმნას იმავე სერბსკის ინსტიტუტის მიერ შემოწმებული ადამიანების რაოდენობამ: ყოველ ერთ შემოწმებულ ისეთ ეჭვმიტანილზე, რომელიც არ იყო გასამართლებული №70 მუხლით („ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“), მოდიოდა 40 ეჭვმიტანილი, რომელიც ამ მუხლით იყო გასამართლებული. №70 მუხლი იყო სწორედ ის საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც საბჭოთა კავშირი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ფსიქიატრიულში გამოსაკეტად იყენებდა.