დიდი ბრიტანეთის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს 19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლის გამო

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

„გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საელჩო აფასებს 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

„მოქმედი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება.