აშშ-ის რამდენიმე კანონმდებელს სურს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემდა სახელმწიფო დეპარტამენტს გამოექვეყნებინა ვინაობა იმ ოფიციალური პირებისა და ოლიგარქების, რომელთაც აკრძალული აქვთ შეერთებულ შტატებში შესვლა "სერიოზული არასასურველი საგარეო პოლიტიკური" მიზეზებით, რომელთა შორისაა კორუფცია და უფლებათა დარღვევა. ამ სიაში, შესაძლოა, ბევრი შევიდეს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.
2018 წლის დასაწყისში, როცა უკრაინულმა მედიამ საზოგადოებას აცნობა, რომ გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს შეერთებულ შტატებში მოგზაურობაზე უარი ეთქვა, ქვეყნის მთავარმა იურისტმა ეს ამბავი სასწრაფოდ უარყო და არცთუ უმიზეზოდ.
"ეს მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნებოდა", უთხრა რადიო თავისუფლებას დარია კალენიუკმა, ანტიკორუფციული მოქმედების კიევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.
დღემდე საჯაროდ არ არის ცნობილი, ლუცენკოს, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის საელჩოსთან კიევში, მისი კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულების შესახებ შეკითხვების გამო, ნამდვილად ეთქვა თუ არა უარი შეერთებულ შტატებში შესვლაზე: აშშ-ის კანონმდებლობა უმეტეს შემთხვევაში უკრძალავს სახელმწიფო დეპარტამენტს მსგავი ინფორმაციის გამხელას.
ახლა აშშ-ის ორპარტიულ ჯგუფს ამის შეცვლა სურს. კანონმდებლები მხარს უჭერენ კანონპროექტს, რომელიც უფლებას მისცემს სახელმწიფო დეპარტამენტს გამოავლინოს ვინაობა ოლიგარქების, ოფიციალური პირებისა და სხვა პირების, რომელთაც ის უკრძალავს ქვეყანაში შესვლას, რადგან მათთვის ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემას შეიძლება მოჰყვეს "საგარეო პოლიტიკისთვის სერიოზული არასასურველი შედეგები", რაც ხშირად დაკავშირებულია სავარაუდო კორუფციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვასა და ქვეყნებს შორის დაპირისპირებასთან.
კანონი გასაჯაროების შესახებ გააუქმებს იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის (INA) მუხლს, რომელიც კრძალავს ინფორმაციის საჯარო გავრცელებას იმ პირების შესახებ, რომელთაც აკრძალული აქვთ ქვეყანაში შესვლა საგარეო პოლიტიკური მიზეზების გამო.
თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნა, როგორც მისი მომხრეები ამბობენ, ის აშშ-ის მთავრობის უახლესი ინსტრუმენტი გახდება კორუფციასა და ადამიანის უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში იმ ფონზე, როცა ვაშინგტონში მატულობს შეშფოთება, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, დემოკრატიის უკანსვლის გამო მსოფლიოს მრავალ ნაწილში, რუსეთისა და რამდენიმე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის ჩათვლით.
"კლეპტოკრატებს ანონიმურობის იმედი აქვთ. როცა ჩვენ მათ გამოვააშკარავებთ, მოვთოკავთ მათ ძალას. შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაუშვას, რომ თაღლითები კონფიდენციალობის უკან იმალებოდნენ", - განაცხადა ბენ კარდინმა, დემოკრატმა მერილენდიდან და გასაჯაროების აქტის კანონის თანაავტორმა, 20 ივლისს, იმ დღეს, როცა ის კონგრესს წარუდგინეს.
"უზარმაზარი ნაბიჯი"
სერიქ მედეტბეკოვმა, ყაზახეთის სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის წარმომადგენელმა, ორგანიზაციისა, რომლის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია სხვადასხვა დემოკრატიული და უფლებადამცველი ჯგუფები ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კანონპროექტის მიღება დასავლეთის მხრიდან "მნიშვნელოვანი ნიშანი" იქნება უცხოელი აქტივისტებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც თავად არის.
"როცა ვიღაცას საჯაროდ აკრძალავ, ეს უზარმაზარი ნაბიჯია მთელი ანტიკორუფციული ბრძოლისთვის", თქვა მედეტბეკოვმა, რომელიც კონგრესში სანქციებს ლობირებს ყაზახეთის 22 მოქალაქის წინააღმდეგ.
კალენიუკმა განაცხადა, რომ ეს ასევე "მძლავრი გზავნილი“ იქნება ოფიციალური პირებისთვის, იქნება გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ ისინი "შეიძლება აღმოჩნდნენ შემდეგნი" ვიზის აკრძალვის სიაში, თუკი ჩართული იქნებიან კორუფციასა და ადამიანის უფლებათა დარღვევებში.
არ არსებობს საჯარო ინფორმაცია იმ ადამიანთა რაოდენობის შესახებ, რომელთაც აკრძალული აქვთ ქვეყანაში შესვლა იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის ამ მუხლის მიხედვით, თუმცა ეს თავისუფლად შეიძლება იყოს ასობით ადამიანი, ბევრი ოლიგარქისა და ოფიციალური პირის ჩათვლით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.
ზოგიერთების სახელები, რომლებიც, შესაძლოა, აკრძალული არიან იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის ამ მუხლის მიხედვით, შეიძლება შეიკრიბოს ფინანსთა დეპარტამენტის სანქციების სიებიდან, ინფორმაციის თავისუფლების კანონისა (FOIA) და შეერთებული შტატების ლობისტების განცხადებების შესაბამისად რომ გამოქვეყნდა.
ფინანსთა დეპარტამენტმა უნდა გამოაქვეყნოს იმ ადამიანების ვინაობა, რომელთაც სანქციები დაუწესდათ, რათა კერძო პირებმა და ფირმებმა შეერთებულ შტატებში იცოდნენ, რომ მათთან საქმეები არ უნდა აწარმოონ. სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ პირს ეკრძალება შეერთებულ შტატებში შესვლა, თუმცა ამის ალბათობა მაღალია, რადგან ვიზის აკრძალვა მსგავსი ზომების ჩვეულებრივი შემადგენელია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები ხანდახან გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს უცხოელი მაგნატებისა და ოფიციალური პირების შესახებ თავიანთ კორესპონდენციებში, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით. ეს შეხედულებები - როგორიცაა, მაგალითად, ვიღაცის მოხსენიება "კორუმპირებულად" - შეიძლება გულისხმობდეს, რომ აღნიშნულ პირს აკრძალული აქვს შეერთებულ შტატებში შესვლა, თუმცა პირდაპირი ურთიერთკავშირი არ არსებობს.
უცხოელი მაგნატები, რომელთაც აკრძალული აქვთ შეერთებულ შტატებში შესვლა, ხანდახან ქირაობენ ლობისტურ ფირმებს, რათა დაიხმარონ ისინი აკრძალვის გაუქმებაში.
ყაზახმა მილიარდერმა ალექსანდრ მაშკევიჩმა, რომელიც ეჭვმიტანილია მექრთამეობაში ბრიტანეთში მიმდინარე ხანგრძლივი გამოძიებით, თებერვალში დაიქირავა ვაშინგტონში არსებული Sonoran Policy Group (Sonoran პოლიტიკური ჯგუფი) აშშ-ის მთავრობის ლობირებისთვის "ბიზნესსა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ" საკითხებზე, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მას აკრძალული აქვს შეერთებულ შტატებში შესვლა.
უკრაინელმა მილიარდერმა იჰორ კოლომოისკიმ, რომელზეც, დიდი ხანია, დადის ხმები, რომ აკრძალული აქვს შეერთებულ შტატებში შესვლა, 2017 წელს 80 000 დოლარად დაიქირავა ფირმა სახელმწიფო დეპარტამენტის ლობირებისთვის "აშშ-ის E-2 Investor ვიზის გასაცემად".
ამა წლის მარტში სახელმწიფო დეპარტამენტმა მოულოდნელად საჯაროდ აუკრძალა კოლომოისკისა და მისი უშუალო ოჯახის წევრებს შეერთებულ შტატებში შესვლა 2014-2015 წლებში, რეგიონის გუბერნატორად მუშაობის დროს, კორუფციაში მონაწილეობისთვის.
მან ეს გააკეთა უცხოური ოპერაციებისა და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონის 7031 (c) მუხლის შესაბამისად, რომელიც არა მხოლოდ ანიჭებს უფლებამოსილებას სახელმწიფო დეპარტამენტს აუკრძალოს პირს და მისი უშუალო ოჯახის წევრებს ქვეყანაში შესვლა, როცა არსებობს სარწმუნო მტკიცებულება მათი კორუფციაში ჩართულობის ან ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ, არამედ აძლევს მათი სახელების გასაჯაროების უფლებასაც.
შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ?
ალბანეთის ყოფილი გენერალური პროკურორის, ადრიატიკ ლალას, შერცხვენის მიზნით 2018 წელს 7031 (c) მუხლის პირველად გამოყენების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა საჯაროდ დაასახელა 160-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც აკრძალული აქვთ შეერთებულ შტატებში შესვლა ამ პირობის მიხედვით, რომელიც ოფიციალური პირების უშუალო ოჯახის წევრებსაც მოიცავს.
თუმცა ზემოხსენებული მუხლის გამოყენება პირის მიმართ აშშ-ში შესვლის ასაკრძალად უფრო შეზღუდულია იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონთან შედარებით, რადგან ის მეტ მტკიცებულებას მოითხოვს მათი ჩართულობის შესახებ კორუფციასა და ადამიანის უფლებათა დარღვევებში.
ასეთი მტკიცებულებები ხშირად ძნელი მოსაპოვებელია, რადგან უცხოეთის მთავრობებს შესაძლოა არ სურდეთ თანამშრომლობა და მასალების გაზიარება შეერთებული შტატებისთვის.
იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის ეს მუხლი "ბევრად სწრაფი, ბევრად უფრო მოქნილია და არ საჭიროებს იმ სარწმუნო მტკიცებულების სტანდარტს", - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლ მასარომ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის სახელითაც არის ცნობილი, აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი კომისიაა, რომელიც წინ წამოსწევს ადამიანთა უფლებებს და დემოკრატიას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მისმა სამმა მოწინავე წევრმა - კარდინმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა, სტივ კოენმა (დემოკრატი - ტენესი) და სენატორმა მარკო რუბიომ (რესპუბლიკელი - ფლორიდა) - წარადგინა აქტი გასაჯაროების შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა თებერვალში გამოიყენა იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონი, INA, იმისთვის, რომ აკრძალვები დაეწესებინა საუდის არაბეთის 76 მოქალაქისთვის, რომლებიც მიიჩნიეს, რომ უცხოეთში მყოფ პირებს, სხვაგვარად მოაზროვნეებს, ემუქრებოდნენ და დაკავშირებული იყვნენ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს ასევე საუდის არაბეთის მოქალაქეების თემას, შეიყვანონ თუ არა ისინი სიაში, 7031 (c)-ის შესაბამისად, და გამოაქვეყნონ მათი გვარები.
თუ ეს კანონი ინფორმაციის გამომზეურების შესახებ დამტკიცდა, ბლინკენს მიენიჭება უფლებამოსილება გამოაქვეყნოს მათი ვინაობა ისე, რომ არ დასჭირდეს სარწმუნო დასტურის მოპოვება.
სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ მიჰბაძონ აშშ-ის მაგალითს, რითაც გაფართოვდება ამ აქტის გავლენა, თქვა ოჰაიოელმა კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან. ის კანონის ერთ-ერთი თანაავტორია.
დოკუმენტს კანონის ძალა რომ მიენიჭოს, ამისთვის ის კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს და შემდეგ მას ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ბევრს არ ლაპარაკობენ კანონის გარშემო, მაგრამ მასარომ თქვა, რომ მას ორივე პარტია უჭერს მხარს და მოელის, რომ დოკუმენტს კანონად დაამტკიცებენ.
თუ კანონი გასაჯაროების შესახებ მიიღეს, იმ შემთხვევებში, როცა ამას აშშ -ის ეროვნული ინტერესები მოითხოვს, ადმინისტრაციას მაინც შეეძლება საიდუმლოდ შეინახოს ზოგიერთი პირის ვინაობა, რომლებსაც აკრძალვა დაუწესდათ „სერიოზული არასასურველი საგარეო პოლიტიკური მიზეზების" გამო.