„ლიტერას" ჟიურის რიგები კიდევ ერთმა წევრმა ლელა კოდალაშვილმა დატოვა

ლელა კოდალაშვილი

რეზო თაბუკაშვილის შემდეგ ლიტერატურული პრემია „ლიტერას" ჟიურიდან კიდევ ერთი წევრი, ლელა კოდალაშვილი გავიდა.

„მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, მეც ვტოვებ ,,ლიტერას" ჟიურის. თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით. მთელი სტრატეგია დავსახე, სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა... ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ“, - წერს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ლელა კოდალაშვილი და განაგრძობს - „თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად“.

ავტორების შემდეგ პრემიას ჟიურის წევრებიდან პირველმა ბოიკოტი გამოუცხადა რეზო თაბუკაშვილმა.

ასევე ნახეთ "ლიტერას" ჟიურის წევრებიც ტოვებენ - პირველი რეზო თაბუკაშვილია

მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსს "ლიტერას" ავტორებმა პროტესტი მასობრივად მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 5-წევრიან ჟიურიში ერთს სამინისტრო ნიშნავდა. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა ჟიურის წევრად. ის ცნობილია ანტიდავლური განწყობებით, იყენებს სიძულვილის ენას, ლოიალურია ხელისუფლების მიმართ.

ასევე ნახეთ მწერლები კულტურის მინისტრს: დაუყოვნებლივ გაიწვიეთ სამინისტროს დანიშნული წევრი "ლიტერას" ჟიურიდან