დმიტრი პესკოვი: საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული წვრთნა რუსეთს „ზომების მიღებას“ ავალდებულებს

დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, 29 ივლისს გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც, კრემლის მაღალჩინოსნის თანხმად, რუსეთს მასზე „ყურადღებით დაკვირვებას“ და „ზომების მიღებას“ ავალდებულებს.


"ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნატო თავის ინფრასტრუქტურით არა უბრალოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივაა, არამედ ეხება ჩვენს საზღვრებს. ეს (სწავლება) რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ძალიან ყურადღებით დაკვირვების საგანს წარმოადგენს. მთავარი ის არის, რომ ეს გვავალდებულებს მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს“,- აღნიშნა დმიტრი პესკოვმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ რა ზომების მიღებას ავალდებულებს ან აპირებს მოსკოვი მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნის პასუხად.

კრემლის პრესმდივანი გამოეხმაურა ასევე საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო წვრთნაში აზერბაიჯანის, იმ ქვეყნის ქვედანაყოფის მონაწილეობას, რომელთანაც, პესკოვის თქმით, რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს.

„მთავარია, რომ მსგავსი სწავლების სცენარი არ ითვალისწინებდეს შენიღბულ მოქმედებას ჩვენი მიმართულებით. მაგრამ სწავლების სცენარი იკვრება ნატოში, ხოლო ალიანსი არ მალავს, თუ ვინ არის მისი მთავარი მოწინააღმდეგე“, - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს არ დაუზუსტებია, ნიშნავს თუ არა მისი ეს სიტყვები, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ წვრთნაში აზერბაიჯანის ქვედანაყოფის მონაწილეობით.

მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და სწორედ ეს შეუწყობდა ხელს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის კომენტარებს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.

26 ივლისიდან საქართველოში სტარტი აიღო მრავალეროვნულმა სამხედრო სწავლებამ „მტკიცე სული“ - Agile Spirit 2021, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

სწავლებაში, რომელიც 6 აგვისტომდე გაგრძელდება, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის ძალების სამხედროების გარდა მონაწილეობას ღებულობენ დიდი ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები.

სწავლება, რომლის გზავნილია: „ძალა პარტნიორობაშია“, მიზნად ისახავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას და მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.