ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტი უნდა დატოვოს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტი უნდა დატოვოს. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ეს არის.

"არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ კვლავ და კვლავ ვაცხადებთ, ყველა პარტიამ, რომელიც შესულია პარლამენტში, დატოვოს პარლამენტი. როგორც კი პარლამენტში იქნება 100 დეპუტატზე ნაკლები, ავტომატურად დაინიშნება ვადამდელი არცევნები... ვინც არ დატოვებს პარლამენტს, მკაფიო იქნება, რომ ის გარიგებულია "ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა ოპოზიციას შალვა ნათელაშვილმაც, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა.

პარლამენტის დატოვება/არდატოვების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ "შარლ მიშელის შეთანხმებას" ეთიშებოდა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარლამენტის მანდატზე უარს ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

ასევე ნახეთ გია ვოლსკი საერთაშორისო პარტნიორებს პასუხობს: შეშფოთებულები ვართ ჩვენც

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.