ნონა მამულაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელს თავზე გადაახია 19 აპრილის შეთანხმება

ნონა მამულაშვილი, დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი

Your browser doesn’t support HTML5

ნონა მამულაშვილი - "რუსულ თამაშს თამაშობს ეს მავნებელი ძალა და ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამ რუსულ თამაშში!"

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით „ქართულმა ოცნებამ“ ღიად გამოუცხადა ომი დასავლეთს. რადიო თავისუფლების“ დილის საუბრებში“ ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს პრაქტიკულად თავზე გადაახია 19 აპრილის შეთანხმება, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობას გადაახია თავზე ქვეყნის კონსტიტუცია. ნონა მამულაშვილის შეფასებით, ამის მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და რუსული ინტერესების გატარებაა:

„ჩვენ ვხედავთ როგორ ამყარებს „ქართული ოცნება“ დიქტატურას და ეს არის ნაბიჯები გადადგმული იქითკენ, რომ ფაქტიურად ბელორუსიის სცენარი, ან იანუკოვიჩის უკრაინის სცენარი წარიმართოს საქართველოში. ეს კარგად აქვს რუსეთს გამოცდილი ამ სახელმწიფოებში და ეხლა უკვე გადმოიტანა ეს სცენარი საქართველოში და ამას ახორციელებს "ქართული ოცნების" ხელით. რაც არ უნდა ილაპარაკოს "ქართულმა ოცნებამ" და ვისაც არ უნდა სცადოს გადააბრალოს, მან ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, როგორც მმართველმა პარტიამ აიღო ვალდებულება და კვლავ როგორც მმართველმა პარტიამ თავისი ინიციატივით დატოვა ეს ხელშეკრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის არანაირი დასავლური ღირებულება, არანაირი მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები აღარ დარჩა დასავლეთში და ის კრიტიკის ზღვა, რაც წამოვიდა ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, არის ამის მაჩვენებელი“, - განაცხადა ნონა მამულაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან პასუხი გასცა შეკითხვასაც „ქართული ოცნების“ იმ არგუმენტის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას და მის მიერ ხელშეკრულების პუნქტების პოლარიზაციის გაღრმავების მიზნით გამოყენებას შეეხებოდა:

„ჩვენთვის იყო მიუღებელი ის პუნქტი და ის პოლიტიკური შანტაჟი, რომელიც ამნისტიის სახით "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ნიკა მელიას წინააღმდეგ. ყველაფერ დანარჩენზე ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ. აბსოლუტურად ყველა პროცესში ჩავერთეთ, დავბრუნდით პარლამენტში და გავაგრძელეთ საქმიანობა პარლამენტში ისე, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად მივყევით შეთანხმებას... ასე რომ ჩვენ უარი არ გვითქვამს, შეგვესრულებინა ის პუნქტები, რაც იყო გაწერილი ამ ხელშეკრულებაში. ანუ რეალურად არც ყოფილა მცდელობა ჩვენი მხრიდან, რომ ჩაგვეშალა ეს შეთანხმება. წამოვედით სრულ თანამშრომლობაზე, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს სრული თანამშრომლობა "ქართულ ოცნებას" არ აწყობს“, - აღნიშნა ნონა მამულაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე კვლევებით დაინახა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტის აღებას ვერ შეძლებდა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველა წითელ ხაზს გადააბიჯა. „ეს არის დიქტატურა და სხვა არაფერი“, - აღნიშნა ნონა მამულაშვილმა „დილის საუბრებში“.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეაქცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოუხატავს.

ასევე ნახეთ საფრანგეთში შედგა შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა
ასევე ნახეთ შარლ მიშელი აქტორებთან და მხარეებთან კონსულტაციებს გადის
ასევე ნახეთ პრაისი: შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.