საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამართეს არაფორმალური შეხვედრა, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ეს ინფორმაცია შეხვედრის ადგილის და დროის მითითების გარეშე, დღეს დილით გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაარკვია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთმანეთს 28 ივლისს, საფრანგეთში შეხვდნენ.
28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეაქცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოუხატავს.
ასევე ნახეთ შარლ მიშელი აქტორებთან და მხარეებთან კონსულტაციებს გადის