პრაისი: შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას

აშშ საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს, ერთად იმუშაონ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის. ამის შესახებ ტვიტერზე წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.

პრაისის თანახმად, 19 აპრილის შეთანხმებიდან პარტია „ქართული ოცნების“ გასვლა ძირს უთხრის აუცილებელი რეფორმებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

ასევე ნახეთ ამერიკელი სენატორები საქართველოს აფრთხილებენ მხოლოდ კრემლისთვის მომგებიან შედეგზე

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ასევე ნახეთ შარლ მიშელი აქტორებთან და მხარეებთან კონსულტაციებს გადის

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეაქცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოუხატავს.