"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ანულირება გაუკეთოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით, 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას.
ვაშაძემ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს საქართველოში მოუწოდა, კონკრეტული აღსრულების მექანიზმები გამოიყენონ „ქართული ოცნების“ მიმართ.
მისი განცხადებით, მიშელის დოკუმენტის ცალმხრივი ანულირებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა არანაირი შეთანხმების გაფორმება და ჩვენ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერმა პოლიტიკურმა ძალებმა ვაიძულეთ ისინი წასულიყვნენ შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის. რის ანულირებას ახდენთ? საქართველოს ევროპული გზის ანულირებას ახდენთ? ევროპული ინტეგრაციის გზის? თუ ნატოში ინტეგრაციის გზის“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
მან დიპლომატურ კორპუსს მიმართა და მოუწოდა, იმოქმედონ შეთანხმების აღსრულების იძულებაზე.
„როცა ჩვენ ამ დოკუმენტზე ვაწერდით ხელს, მთავარი გარანტია ამ დოკუმენტის შესრულების იყო თქვენი მონაწილეობა, რაღა თქმა უნდა, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ ვენდობოდით, იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დღესაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი თაღლითობა, მაგრამ სწორედ თქვენი უშალო დახმარების და გარანტიების ქვეშ ჩვენ მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელი, ამიტომ დადგა დრო, კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იქნეს გამოყენებული „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს და ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სექტემბერში პირველი მოსმენით უნდა იქნეს მიღებული, ასევე 43%-იანი რეფერენდუმის საკითხი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად უნდა გაიმართოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ასევე ნახეთ უილიამ კორტნი: საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისგან უკან იხევს?პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 28 ივლისს, გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა:
"რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა";
"რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა";
"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს";
"დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ";
"თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია".
ასევე ნახეთ სააკაშვილი: ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ".
მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ოპოზიციამ მმართველი პარტია "მიშელის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ აშკარა უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე -NGO-ები "ოცნების" გადაწყვეტილებას აფასებენევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.