აშკარა უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე -NGO-ები "ოცნების" გადაწყვეტილებას აფასებენ 

„შარლ მიშელის შეთანხმებიდან" „ქართული ოცნების" გასვლას ეხმაურება ოცი არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს აშკარა უარს ევროატლანტიკურ კურსზე.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია (Shame movement)
  • "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC)
  • საზოგადოება და ბანკები
  • საფარი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • ევროპის ფონდი (EPF)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • უფლებები საქართველო (RG)
ასევე ნახეთ სამადაშვილის თქმით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 28 ივლისს, გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა:

"რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა";

"რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა";

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს";

"დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ";

"თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია".

ასევე ნახეთ ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ".

ასევე ნახეთ „ლელო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ოპოზიციამ მმართველი პარტია "მიშელის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

ასევე ნახეთ გიგი უგულავა: ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან