მას შემდეგ, რაც ნომინანტებს შორის მოხვდა, პროზაიკოსმა ტორესა მოსიმ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ლიტერატურულ კონკურს „ლიტერაში“. კონკურსი მწერალთა სახლმა და კულტურის სამინისტრომ ერთობლივად გამოაცხადეს. „ლიტერას“ ექვსი ნომინაცია აქვს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით. რადიო თავისუფლება ტორესა მოსის კონკურსზე უარის თქმის მიზეზებზე გაესაუბრა.
- რატომ თქვით უარი ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობაზე?
- როდესაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, ზოგადად კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში მონაწილეობაზე ვთქვი უარი. თეა წულუკიანი არის გამორჩეულად ხისტი ადამიანი, რომელთანაც მარტივი ზრდილობის ფარგლებშიც კი შეუძლებელია ურთიერთობა. თუ ყველა წინა გამოცდილებას გავითვალისწინებთ და იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ ადამიანმა უკვე გადადგა, ველოდებით უარეს და უარესს. აქედან გამომდინარე, ჩემი პროტესტი ამ ფორმით გამოვხატე. მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზრდილობის და ურთიერთობის ფორმების დაცვა, სახელმწიფო სტრუქტურებს არ უნდა წარმოადგენდნენ, მით უმეტეს, კულტურას და ქართულ კულტურას.
- ახსენეთ გამოცდილება, თეა წულუკიანთან ურთიერთობის რა გამოცდილება გაქვთ?
- ეს ადამიანი რამდენი წელია საჯარო ფიგურაა. ის არ არის ახალი სახე. ვიცნობთ ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობიდან. ვიცით მისი დამოკიდებულებები, თუ როგორ მართავდა სამინისტროს, როგორ უშვებდა ხალს სამსახურიდან ფეისბუკპოსტების გამო. ეს ხომ ადამიანის თვისებაა, ამას ხომ ვერსად წაიღებ. ამ მეთოდებით და დამოკიდებულებებით კულტურის სფეროში მოსვლა არის დამღუპველი. თან კულტურა არის მოწყვლადი სივრცე, რადგან ყველა სამინისტროს გაერთიანების პირობებში მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი დაიკარგა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთბაშად არ ხდება, მაგრამ მე მაქვს მოლოდინი, რომ დადგება კრიზისი და ამ დროს ამ ადამიანთან კომუნიკაცია შეუძლებელი იქნება. ამიტომ ჯობს თავიდანვე ცხადი იყოს ყველაფერი და, საერთოდ, არ მქონდეს ბმა იმ სამინისტროსთან, რომელსაც ეს ადამიანი მართავს.
- „ლიტერაზე“ წარდგენილი იყო თქვენი წიგნი „ორდროშობანა“. ორიოდე სიტყვა რომ მითხრათ ამ წიგნზე.
- „ორდროშობანა“ საყმაწვილო რომანია, რომელიც შარშან "ინტელექტთან" ერთად გამოვეცი. უბრალოდ, სწორი კომუნიკაცია ვერ შედგა ჩემსა და გამომცემლობას შორის. მე საჯაროდ რომ გავაკეთე განცხადება, გამომცემელი არ გამიფრთხილებია და ტექნიკურად მოხდა ისე, რომ სხვა წიგნებთან ერთად "ორდროშობანაც" გაგზავნა კონკურსზე. შემდეგ დავურეკე გამომცემელს და ვთხოვე, ამოეღო.
- რა დააკლდება მწერალს ამ პროგრამებში მონაწილეობაზე უარის თქმით, კონკრეტულად თქვენ რა დაგაკლდებათ?
- ეს ბევრ რაღაცაზე უარის თქმას ნიშნავს, მათ შორის, მთარგმნელობით პროგრამებში მონაწილეობაზე უარის თქმას. თუ რომელიმე უცხოელი გამომცემლობა ჩემი წიგნით დაინტერესდება, ის პრაქტიკულად ჰაერში იქნება გამოკიდებული, რადგან უცხოელებთან ურთიერთობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მე ვეღარ ვისარგებლებ შესაბამისი პროგრამით. ეს შეიძლება შეეხოს სარეზიდენციო პროგრამებს, წიგნის ფესტივალებსაც, თუკი სამომავლოდ კულტურის სამინისტრო იქნება მათ სპონსორებს შორის. ბევრ ისეთ აქტივობას შეიძლება შეეხოს, რომელშიც, ზოგადად, ჩართული არის ხოლმე კულტურის სამინისტრო. მარტივი არ იქნება, მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის.
საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისადმი პროტესტის ნიშნად, ლიტერატურული კონკურსიდან „ლიტერა“ თავისი წიგნი „მივიწყებულნი“ მათე სარალიშვილმაც მოხსნა. „ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ“, - დაწერა მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე. „ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და, ალბათ, ვერ მიიღებს“, - წერს მათე სარალიშვილი.