პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა

საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. დოკუმენტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 1. კენჭისყრა დღეს, 26 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე გაიმართა.

დადგენილების პროექტი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დოკუმენტით შემუშავდა. კომისიის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის წევრი, გივი მიქანაძე იყო. ოპოზიცია სწორედ ამ პარტიის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბების მოტივით უარს ამბობდა საპარლამენტო საქმიანობის დაწყებაზე და 6 თვის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში იყო.

"გამოვავლინეთ კონკრეტული პრობლემები და ხარვეზები, გარკვეული ტექნიკური შეცდომები, რომელიც გადათვლის პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. აღნიშნული უკავშირდებოდა იმ გარემოებებს, რაც გამოწვეული იყო რიგ შემთხვევებში და უფრო მეტ შემთხვევებში, სტრესული გარემოთი და პანდემიური სიტუაციით, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების გულგრილობას, ხოლო რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა დაბალი კომპეტენციის ფაქტები", - განაცხადა კომისიის სხდომაზე თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ.

კომისიამ 41 ყველაზე პრობლემური უბანი შეარჩია, სადაც ფიქსირდებოდა ბიულეტენების მეტობისა და ნაკლებობის შემთხვევები. მათგან 3 უბანი უკვე გადათვლილი იყო. საბოლოო ჯამში, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ამ უბნებიდან შეირჩა 20 უბანი (13 ნაკლებობისა და 7 მეტობის შემთხვევებით).

კომისიის დასკვნით:

  • გადათვლის შედეგები შედარდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს და აღმოაჩინეს 0,01-0,02 იყო მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი;
  • ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს გამოაკლდა პრობლემურად მიჩნეული უბნების მონაცემები და დაფიქსირდა 0,01-0,02 მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი.

კომისიამ მონაცემების შედარების შედეგად დაადგინა, რომ ოფიციალურ მაჩვენებელთან გადათვლის შედეგად მიღებული მონაცემები "მიზერულად" განსხვავდებოდა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2021 წლის 17 თებერვალს შეიქმნა. კომისიამ მუშაობა დროებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის დროს შეაჩერა იმ იმედით, რომ მასში ყველა მხარე ჩაერთვებოდა. საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციიდან მხოლოდ ორი დეპუტატი ("ევროპელი სოციალისტები") მუშაობდა, კომისიის დანარჩენი ორი წევრი კი "ქართული ოცნებიდან" იყო, მათ შორის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი ამ დრომდე მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაყალბდა. ამ მოტივით ისინი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების გაფორმებამდე საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობდნენ. საბოლოოდ, დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები შეთანხმდნენ, რომ თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდება, ვერ აიღებს ხმების 43 პროცენტს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.