ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარ არხს": მიკროფონთან დაკავშირებით რა მოხდა, არ ვიცი

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "არ იცის" რა ხდება "მთავარი არხის" მიკროფონთან დაკავშირებით. ასე უპასუხა მან ამ არხის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის წართმეულ მიკროფონს შეეხებოდა.

"თქვენი მიკროფონი არ ვიცი, რა ხდება მიკროფონთან დაკავშირებით?.. ეს არ არის დანაშაული, დანაშაულია ის, რასაც ჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი [მიხეილ] სააკაშვილი და მისი გუნდი", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მოგვიანებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტზე „მთავარი არხის“ კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.

ამ დრომდე არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება.

„მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის შეფასებით, ჟურნალისტ ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევით თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.