„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინთინ ბოკუჩავამ, საჩივარი შეიტანა პარლამენტის ეთიკის საბჭოში. დეპუტატი ითხოვს, პასუხისმგებლობა დაეკისროს „ქართული ოცნების“ წევრ პარლამენტარებს, შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, 18 ივლისს, როდესაც პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა, ოპოზიციის წევრებმა - მათ შორის თინა ბოკუჩავამ - 5 ივლისს მომხდარი ძალადობის გასაპროტესტებლად გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოები აღმართეს და შს მინისტრის გამოსვლას ხელი შეუშალეს.
უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის ხმამაღალი სიტყვიერი დაპირისპირებისას თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, იგი იძულებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჩამოიყვანა ტრიბუნიდან. თინა ბოკუჩავა რადიო თავისუფლებას მომხდარის შესახებ უყვება და ამბობს, რომ თავდაპირველად მის მიმართ ძალა ლევან მგალობლიშვილმა გამოიყენა:
„ტრიბუნის წინ ვიდექი მდუმარედ, გამოვხატავდით პროტესტს იმგვარი ფორმით, როგორც მედიის წარმომადგენლები ახორციელებდნენ ამას არაერთ ადგილას. იმისთვის, რომ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ფოტო არ გამოჩენილიყო, მგალობლიშვილი ჯერ წინ გადამიდგა, მე მეტი ხილვადობისთვის ფოტო ზემოთ ავწიე, ის კი ძალისმიერად ეცადა გამოეგლიჯა პოსტერი ხელიდან და მაჯის არეში მომაყენა ფიზიკური ტკივილი. ამ ფაქტზე რომ გადავწყვიტე პარლამენტის თავმჯდომარის ყურადღების გამახვილება, რომ უკვე ქალებზეც დაიწყეს ძალადობა, თორემ კაცებს შორის მუშტი-კრივის ინციდენტები უკვე არაერთი ვიცით, იმის გამო, რომ ხმაური იყო, გავემართე სპიკერატისკენ და მოხდა ის, რაც უკვე უამრავმა ადამიანმა ნახა”.
„ქალისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელია არასასურველი ნებისმიერი ტიპის შეხება, მით უმეტეს, ამგვარი დამამცირებელი და ძალადობრივი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს [საჩივრის შეტანა] მინდა გავაკეთო იმისთვის, რომ ამან წამახალისებელი როლი არ ითამაშოს, ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობისთვის ქვეყანაში, სადაც ეს არის უმწვავესი პრობლემა. გახსოვთ, გომელაური რომ მოვიდა პარლამენტში, [თქვა], გაზრდილია ქალთა მიმართ ძალადობა, მაგრამ რამ განაპირობა, ჩემთვის ცნობილი არ არისო. ამგვარ ფაქტებს შეხედოს, როდესაც მმართველი გუნდის სპიკერების მხრიდან ხდება ქალთა მიმართ ძალადობის წახალისება პლენარულ სხდომათა დარბაზიდან“, - ასე ხსნის თინა ბოკუჩავა თავისი გადაწყვეტილების მთავარ მიზეზს.
ამავე საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, უკვე მიმართეს წერილით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა.
„უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან პარლამენტის წევრებმა საჯაროდ და დემონსტრაციულად წაახალისეს ქალის მიმართ ძალადობრივი მოპყრობა; აჩვენეს საზოგადოებას, რომ ქალის "მიუღებელი" პროტესტი შესაძლოა კაცმა ფიზიკური ძალით ჩაახშოს“, - წერია წერილში, რომელსაც 30 ხელმომწერი ორგანიზაცია ჰყავს.
მიმართვის ავტორები პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, ადეკვატური შეფასება მისცეს მომხდარს, მათ შორის, დადგეს იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც იძალადა.
თავად პაპუაშვილი სხვაგვარად ფიქრობს და ასე ხსნის 18 ივლისს მომხდარს:
ინციდენტიდან მეორე დღესვე მომხდარის შესახებ ბოკუჩავას მხარდამჭერი კომენტარი გააკეთეს პარლამენტარებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ.
„ის, რასაც ჩვენ ვხედავდით დარბაზში, სხვა არაფერია, თუ არა ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა და იმის გაუაზრებლობა, რა პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს კოლეგა მამაკაცებს ამ დარბაზში. თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს. ამიტომ მე და ანა ნაცვლიშვილი მოვუწოდებთ ეთიკის კომისიას, განიხილოს ეს საკითხი და დაადგინოს, პარლამენტის კონკრეტული წევრების მიერ გუშინ განხორციელებული ქმედება არღვევდა თუ არა ამ ეთიკის კოდექსს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეფასებები ისმოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდანაც.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა
თავის ფეისბუკპოსტში დარბაზში მომხდარ ამბავს პროვოკაცია უწოდა და ქალ პოლიტიკოსებს მოუწოდა, მომავალში არ ჩაერთონ „დესტრუქციულ პროცესებში”.
„ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში. ასევე, ვისურვებდი, რომ დეპუტატების ფიზიკური ხელშეუხებლობა, განსაკუთრებთ კი ქალების, იყოს უზრუნველყოფილი“.
თინა ბოკუჩავას შეფასებით, წილოსანის განცხადებაც ძალადობის წამახალისებელია და მას ამ თემის მიმართ მგრძნობელობა არათუ როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, არამედ როგორც მოქალაქესაც უნდა ჰქონდეს.
„წილოსანი ამგვარ პარადიგმას მიჰყვება: მაგალითად, როცა ქალს გამომწვევად ეცვა, გამამართლებელია, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა ვინმემ. რატომ გაუკვირდა ბოკუჩავას, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს, როცა გადაწყვიტა პროტესტის ეს ფორმა, ამას ამბობს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე”.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი ქალები თავად იქცევიან არაეთიკურად და სპიკერატიდან ისინი იძულებით, ძალისმიერი გზით გამოიყვანეს პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.
Your browser doesn’t support HTML5
„შეიძლება ვინმეს ესა თუ ის მშვიდობიანი ქმედება არ იყოს მოსაწონი სხვა მოქალაქისთვის, მაგრამ მას არ აქვს უფლება, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდეს [ამ მოსაზრებას]. ეს არის გამოხატვის თავისუფლების არსი და ამას ებრძვის სწორედ ივანიშვილის რეჟიმი. ბუნებრივია, რომ მის მონურ მორჩილებაში მყოფი დეპუტატები იმგვარ ინტერპრეტაციას აძლევენ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც თავად ივანიშვილი. გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება არაფერი, რაც მისი მოსაწონი არ არის“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან თინათინ ბოკუჩავა.
პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრი ფრიდონ ინჯია, ერთ-ერთი პარლამენტარი, ვინც უნდა ჩაიბაროს და შეფასება მისცეს თინათინ ბოკუჩავას განცხადებას, წინასწარ ამბობს, რომ, მართალია, პაპუაშვილის საქციელი მიუღებელია, მაგრამ დეპუტატი ნონა მამულაშვილი მოიქცა სახიფათოდ, როდესაც პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ავიდა.
„პაპუაშვილს ეს არ უნდა გაეკეთებინა, ქალბატონისთვის ხელი არ უნდა ეხლო, თუმცა ჩვენს გვერდით ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა და რომ არა ირაკლი ზარქუა, მან ისე ფაქიზად ჩამოაბრძანა ქვემოთ, თუ ის არ გააკეთებდა, მე გავაკეთებდი ამას. მეშინოდა, მამულაშვილი არ წაქცეულიყო“.
ანა ნაცვლიშვილი კი რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს იმ საფრთხეებზე, რომელთაც პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებები ქმნის და განმარტავს, რატომ არის მიუღებელი ქალების გამოხატვის თავისუფლების მამაკაცების მიერ ფიზიკურად შეზღუდვა.
„ვისაც არ მოეწონა დეპუტატის ასვლა მაგიდაზე, შეუძლია ეს ქმედება გააპროტესტოს ეთიკის საბჭოში, წესების დაცვით და არა ის, რომ ჩამოხსნას კაცმა ქალი.
ქალი მანდატური იმისთვის არსებობს, რომ კაცი არ შეეხოს და, მით უმეტეს, ასეთი ფორმით. რატომ გვჩხრეკენ აეროპორტში ქალებს ქალები, იმიტომ რომ ასეთ სიტუაციებში აქვს მნიშვნელობა გენდერს.
თან ვიზუალიზაცია იყო მძიმე. ქალი განხილულია როგორც რაღაც ობიექტი, რაღაც ნივთი, რომელიც შეგიძლია გადადგა. ეს თუ ნორმად იქნება აღქმული, ქუჩაშიც იგივე მოხდება, ოჯახშიც იგივე მოხდება და სკოლაშიც იგივე მოხდება”, - განმარტავს ანა ნაცვლიშვილი.
თინა ბოკუჩავა აპირებს, მომხდარს სამართლებრივი მსვლელობაც მისცეს, ამას იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს. მანამდე ეთიკის საბჭოს მიმართავს, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში არცერთი საქმე ჯერ არ განუხილავს.
ასევე იყო 2020 წლის დეკემბერშიც, რომლის შესახებაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც“ გააკეთა შეფასება და დაწერა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი არაქმედითი დოკუმენტია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა 2019 წელს მიიღო, ამ დრომდე ეთიკის საბჭო ყველა წევრით არ დაკომპლექტებულა და, შესაბამისად, არ განუხილავს საჩივრები და დეპუტატების მიერ ეთიკური კოდექსის ნორმების დარღვევები.
რაც შეეხება სანქციას, რომელიც შეიძლება დეპუტატის წინააღმდეგ ამოქმედდეს, ასეთია:
ბოკუჩავა პირველი დეპუტატია, რომელმაც თავად მიმართა საბჭოს. 14 წევრისგან შემდგარ ორგანოს (7 - ოპოზიციის წარმომადგენელი და ამდენივე - უმრავლესობის), დაახლოებით, ერთთვიანი ვადა აქვს ამ შემთხვევის განსახილველად.