2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას. 22 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებების მომხრე 85 დეპუტატი აღმოჩნდა. იზრდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7,7 პროცენტამდე.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი ეს პროგნოზი დაადასტურა და მათი განახლებული პროგნოზიც ანალოგიურია", -აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

  • ცვლილებების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 600 მლნ ლარით იზრდება. კერძოდ, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი იზრდება 446 მლნ ლარით და შეადგენს 846 მლნ ლარს, მათ შორის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში არსებული გეგმის მიხედვით მოსახლეობის 60%-ის აცრისთვის საჭირო ვაქცინების შესყიდვის ხარჯებისათვის გათვალისწინებულია 150 მლნ ლარზე მეტი.
  • გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 36 მლნ ლარით და განისაზღვრება 642,8 მლნ ლარის ოდენობით. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 90 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 456,6 მლნ ლარის ოდენობით.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით: დეფიციტი მცირდება 7,6 დან 6,9%-მდე; სამთავრობო ვალი მცირდება 54,6 %-მდე; ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174,9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933,1 მლნ ლარს; ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით.

მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა, 2020 წელთან შედარებით, 4,3 პროცენტით უნდა გაზრდილიყო. გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არაერთი ბიზნესი გაჩერდა, ზოგი კი გაკოტრდა.