მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ არის მღვდელ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისგან წერილი მიიღო. ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ არის მისი გათავისუფლების საფუძველი.

„მამა გიორგი მამალაძემ მომწერა წერილი... არ არის დიდი ხანი რაც მივიღე, ეს წერილი ციხიდან. ვერ გეტყვით, ძალიან ზრდილობიანი წერილი იყო-მეთქი, ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ უზრდელური იყო ნამდვილად. მაგრამ უზრდელობა არ არის კრიმინალური დანაშაული. ზნეობრივი ტიპის დარღვევაა... ამ წერილში მან გააჟღერა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ალბათ არც თქვენ იცით - რომ მას გაუვიდა სასჯელის მგონი 2/3 ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც აღარ შედის უკვე პრეზიდენტის პრეროგატივაში და შედის უკვე იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაში. და მე მთხოვა ამაში დახმარება. მე რამდენადაც ვიცი, ის, როგორც პატიმარი, კეთილსინიდისიერი პატიმარია, რაც არის საფუძველი იმისა, რომ გაათავისუფლონ, - თქვა მიტროპოლიტმა „მთავარი არის" გადაცემა „სხვა ნანუკას" ეთერში.

შეკითხვაზე, აღუთქვა თუ არა მან მამალაძეს დახმარება, მიტროპოლიტმა "უპასუხა: „წერილი მივიღე ციხიდან... პასუხი აგერ არის, ამ წუთას რასაც გეუბნებით... მეტი რაღა დავეხმარო, ასეთი რაღაც გაგაგებინეთ და ვთხოვოთ ერთად იუსტიციის მინისტრს და გაათავისუფლოს".

ასევე ნახეთ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო  

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.