„ფალიაშვილი ოპერასა სწერსო“ - როგორ შეიქმნა „აბესალომ და ეთერი“

2021 წლის 16 აგვისტოს კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდება. 23 ივლისს იხურება ოპერის თეატრის სეზონი. ბოლო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის იუბილეს ეძღვნება.

ოპერის წერა მე დავიწყე 1912 წელს. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გამიგონია უკმაყოფილება, რომ ფალიაშვილი ოპერასა სწერსო და მის გამოქვეყნებას კი აქამდე არა ეშველა რაო! და ეს ერთნაირ ეჭვსაც ბადებდა საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადოებამ სრულიად არ იცოდა ის არა ნორმალური პირობები, რომელშიც მე მომიხდა ამ ვრცელი ოპერის წერა“ .

ამას ზაქარია ფალიაშვილი თავის ჩანაწერებში ჰყვება. არანორმალურ პირობებში კი იგულისხმება ის, რომ „აბესალომ და ეთერზე“ წერის პარალელურად კვირაში 40-45 საათი პედაგოგად მუშაობდა. ამას თან დაერთო მისი ერთადერთი შვილის, ირაკლის, გარდაცვალება, რის გამოც ზაქარია ორი წელი საერთოდ აღარ გაჰკარებია ოპერას.

„ირაკლი 10 წლის იყო, როცა დაიღუპა. ერთი ვერსიით, აგარაკზე ყოფნისას ხელზე მორი დაეცა და ორგანიზმში ინფექცია შეიჭრა. ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. ერთი წყარო ამბობს, რომ ზაქარიამ ოპერაზე მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, რაც შვილმა სიზმარში სთხოვა ოპერის წერა გაეგრძელებინა. კიდევ ერთი ვერსიით, მასზე ივანე ჯავახიშვილმა მოახდინა გავლენა“, - ამბობს მუსიკათმცოდნე მაია სიგუა.

„აბესალომ და ეთერის“ წერას 10-11 წელი დასჭირდა და საბოლოოდ 1919 წლის 21 თებერვალს დაიდგა. დირიჟორი თავად ზაქარია ფალიაშვილი იყო. წარმოდგენა 6 საათს გაგრძელდა და არნახული ტრიუმფი ერგო. „აბესალომ და ეთერი“ ქართულ სცენაზე შესრულებული რიგით მესამე ოპერა იყო. წინ მას უსწრებდა რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ და დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, თუმცა მაინც ითვლება, რომ ქართული კლასიკური ოპერის ისტორია სწორედ 21 თებერვალს დაიწყო და არა მანამდე.

რევაზ ტაკიძე რეპეტიციაზე

„თავიდან თბილისში მხოლოდ იტალიური ოპერები იდგმებოდა. ხალხმა ისე შეიყვარა ოპერა, რომ ბუნებრივად გაჩნდა ქართული ოპერის მოთხოვნილებაც. აბესალომ და ეთერიდადაისიდადგმისთანავე უაღრესად პოპულარული გახდა და დღემდე ხალხის საყვარელი ოპერებია. არ მოძველდა. როდესაც ნაწარმოები ხალხისთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და მისი გულიდან არის გამოსული, არასდროს მოძველდება. ეს ოპერა ხალხის წიაღიდან წამოვიდა და მასვე დაუბრუნდა“, - ამბობს დირიჟორი რევაზ ტაკიძე.

სახლი ნიჭიერი ბავშვებით

ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისში დაიბადა. მას ათზე მეტი დედმამიშვილი ჰყავდა და აქედან ოთხი მუსიკას გაჰყვა.

ზაქარია საკუთარ სახლს ამგვარად აღწერს: ჩემი მშობლები არც ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე არ უკრავდნენ და არც რამე მუსიკალური ინსტრუმენტი მოგვეპოვებოდა სახლში“. მიუხედავად ამისა, ზაქარიასაც და მის და-ძმებსაც კარგი სმენა აღმოაჩნდათ. მიზეზი შეიძლება კათოლიკური ეკლესია და ორღანი გამხდარიყო. ფალიაშვილები კათოლიკეები იყვნენ და ბავშვებიც პატარაობიდანვე ეკლესიაში გალობდნენ. გალობდა ზაქარიაც, როგორც თავად წერს, მას წკრიალა სოპრანო 18 წლამდე შერჩა.

სწორედ კათოლიკურ ეკლესიაში გატარებული წლების ზეგავლენით გახდა მისთვის ახლობელი ევროპული მუსიკა, რომელსაც შემდეგ უკვე თავად მოარგო ქართული ფოლკლორი. ასე მიიღო საზოგადოებამ, ზოგადად, კლასიკური ქართული მუსიკა და შემდეგ სამი უკვდავი ოპერაც.

მემუსიკე ფალიაშვილი

წერილებიდან ჩანს, რომ ზაქარია საკუთარ თავს მხოლოდ მემუსიკეს უწოდებდა და არა კომპოზიტორს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ზაქარია ფალიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ქართული კლასიკური მუსიკა შექმნა, მუსიკა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მან ქართული ფოლკლორი და ევროპა ერთმანეთს დაუკავშირა, ქართული ევროპულ ყაიდას მოარგო და - პირიქით. ეს იმ დროს, როცა არათუ ევროპული მუსიკის საქართველოში შემოტანა არ იყო ადვილი, ქართული ფოლკლორიც დავიწყებას ეძლეოდა. ფალიაშვილმა კახეთიდან სვანეთამდე სოფელ-სოფელ იარა, რომ ხალხური სიმღერები მოეგროვებინა და ფონოგრაფზე ჩაეწერა. საბოლოოდ, 300-ზე მეტი ფოლკორული ნაწარმოები შეკრიბა.

წერდა, კახეთში რომ მივდივარ, „ჩაკრულოსპატრონი ხალხი გიტარა პესნებსა დანიკო, ნიკო, რაზბორნიკოსმღერისო. ძალიან აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ ხალხური სიმღერები გარმოშკას ჰქონდა ჩანაცვლებული“, - ამბობს მაია სიგუა.

„აბესალომ და ეთერის“ რეპეტიცია

„რაც შეეხება პროგრამას ჩემს შემდეგის მუშაობისას, ვფიქრობ, რომ თუ ძალა შემწევს და არაფერი დაბრკოლება არ გადამეღობა წინ, შევუდგე წერას ახალი საშუალო ზომის ქართული ოპერისას. მასალა ამისთვის დიდი მომეპოვება, რამდენიმე სიუჟეტი ქართული ცხოვრებისა უკვე დასახული მაქვს. ლიბრეტოს შედგენასაც ბევრნი დამპირდნენ“, - წერდა ზაქარია ფალიაშვილი.

მეორე ოპერა, „დაისი“, 1923 წელს დაიდგა, კიდევ 5 წლის მერე შედგა „ლატავრას“ პრემიერაც.1932 წელს ზაქარია ფალიაშვილი ღვიძლის კიბოთი გახდა ავად. ამის შემდეგ მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა. ზაქარია ფალიაშვილი მისივე სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში დაკრძალეს 1933 წელს.