ვიქტორ ორბანმა რეფერენდუმი მოიწვია ანტი-ლგბტ კანონის შესახებ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რეფერენდუმი მოიწვია ბავშვთა დაცვის საკითხებზე, რათა გაიზომოს მხარდაჭერა კამათის საგნად ქცეული კანონმდებლობისა, რომელსაც ევროკავშირი და აქტივისტები ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევენ.

ფეისბუკზე 21 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ორბანმა ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს, ევროკომისიას ძალაუფლების გადაჭარბებაში დასდო ბრალი, უნგრეთში ახლახან შემოღებული კანონმდებლობის კრიტიკის გამო.

ორბანის ამ სიტყვებს წინ უძღოდა ევროკომისიის მიერ გასულ კვირაში იურიდიული პროცედურის დაწყება ბუდაპეშტის წინააღმდეგ, იმ შესწორებებთან დაკავშირებით, რომლებიც, სხვა ზომებთან ერთად, სკოლებში კრძალავს ისეთი მასალების გამოყენებას, რომლებსაც ჰომოსექსუალობის ხელშემწყობად მიიჩნევენ.

"ბრიუსელმა უნგრეთზე აშკარა შეტევა მიიტანა ბოლო კვირებში, ამ კანონთან დაკავშირებით", - თქვა ორბანმა. მას არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება რეფერენდუმი, თუმცა თქვა, რომ ის ხუთ შეკითხვას მოიცავს, მათ შორის "უჭერთ თუ არა მხარს სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაკვეთილების ჩატარებას არასრულწლოვანთათვის საჯარო განათლების სისტემაში, მშობელთა თანხმობის გარეშე".

ბრიუსელის მიერ 15 ივლისს დაწყებული იურიდიული მოქმედებებით კანონის გარშემო, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი "სამარცხვინოს" უწოდებს, შესაძლოა ბუდაპეშტისთვის ევროკავშირის დაფინანსება შეჩერდეს.

კანონს, რომელიც მიმდინარე თვეში შემოიღეს, მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროკავშირის ლიდერების, ლგბტ თემის წარმომადგენლების და უფლებადამცველი აქტივისტების მხრიდან. ისინი ამ კანონს მიიჩნევენ დარტყმად ლგბტ ადამიანებზე, სექსუალური უმცირესობების სტიგმატიზების და სექსუალური ორიენტაციის შესახებ დისკუსიის ჩახშობის გზით.