თამარ გაბუნია: მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, გარკვეული შეფერხებაა კოვიდსასტუმროებში პაციენტების გადაყვანაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისათვის კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ საავადმყოფოებში 6 000-მდე საწოლია მობილიზებული.

„გუშინ დაემატა კიდევ საწოლები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე აღარ მონაწილეობდნენ პროგრამაში იმის გამო, რომ შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი. ასევე მობილიზდა დამატებით ბავშვთა საწოლები“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ ქიმიურ რისკფაქტორთა კვლევის ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე გარკვეული შეფერხება არსებობს კოვიდსასტუმროებში იმ პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ:

„არის ბევრი მსუბუქი უსიმპტომო შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და უკვე დამატებით სასტუმროების მობილიზებაც ხდება. დღეს დაემატა 2 სასტუმრო და ასევე კიდევ მიდის მუშაობა ტურიზმის დეპარტამენტთან იმისთვის, რომ სასტუმროები კიდევ დაემატოს, რადგან სრულიად გაუმართლებელია მსუბუქი შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია და არც ჰოსპიტალური შესაძლებლობა იძლევა ამის საშუალებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტურიზმის დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ დროისათვის კოვიდის მართვის პროცესში სულ 26 სასტუმროა ჩართული. მათგან 22 კოვიდსასტუმროა, 4 კი საკარანტინო მიზნებისთვის გამოიყენება.

მეორე დღეა 2000-ს აჭარბებს ინფიცირების ახალი, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 627 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2415 შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. 20 ივლისს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო და 2616-ს შეადგენდა. 20 ივლისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ასევე 26 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, 21 ივლისისთვის სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 4584 ადამიანი იმყოფება, ხოლო კოვიდსასტუმროებში 1183 პირია განთავსებული.