ფხვნილის რძე ბაღებს - მილიონობით ლარი იმპორტიორებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 60 ათასამდე ბავშვი დადის. მათი კვება 2021-22 წლებში სახელმწიფოს, დაახლოებით, 85 მლნ ლარი უჯდება. ამ თანხის სოლიდური ნაწილი, დაახლოებით, 17 მლნ ლარი, რძეზე დაიხარჯება. ბავშვებისთვის სასმელ რძეს შემოტანილი ფხვნილით ამზადებენ.

მერია ფხვნილზე დამზადებულ რძეში ადგილობრივ საღ რძეზე ძვირს იხდის. იგივე ხდება რეგიონების საბავშვო ბაღების უმრავლესობაში.

ამ გამოძიებაში რადიო თავისუფლება უპასუხებს კითხვებს, რატომ შეაჩერა ხელისუფლებამ არჩევანი იმპორტირებული ფხვნილის რძეზე, როგორ კონტროლდება ფხვნილის ხარისხი და რატომ ხარჯავს სახელმწიფო მრავალ მილიონს იმპორტზე, როცა შეუძლია ეს ფული ადგილობრივ მეწარმეებს გადაუხადოს.

თბილისის ტენდერი

თბილისის 170-ზე მეტი საბავშვო ბაღი ორ ჯგუფადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეა, მეორე - მარცხენაზე.

2020 წლის დეკემბერში საკვების შესაძენად ორი - ჯამში, 85 მილიონი ლარის ღირებულების - ტენდერი ჩატარდა. ტენდერებში სულ ორი, თითო სანაპიროზე თითო კომპანია მონაწილეობდა. შესაბამისად, ორივე კომპანია უკონკურენტო იყო. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე “ქართული რძის პროდუქტებმა” გაიმარჯვა - მას, დაახლოებით, 25 მლნ ლარი ერგო. მარცხენა სანაპიროს 60-მილიონიანი კონტრაქტი კი შპს „ეკოლუქსმა“ მოიპოვა.

60 ათასამდე ბავშვი მკაცრად განსაზღვრული რაციონით იკვებება. წინასწარაა განსაზღვრული ბაღებს ყოველდღე რა პროდუქტი, რა რაოდენობით და როდის უნდა მიაწოდონ. მარცხენა სანაპიროზე 2021-22 წლებში ბავშვებმა 3.2 მლნ ლიტრი რძე უნდა დალიონ, მარჯვენა სანაპიროზე კი - 1.6 მილიონი. საშუალოდ თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვები დღეში 6-7 ტონამდე რძეს სვამენ.

ტენდერით მერიისთვის მისაღებია, რომ ბაღების აღსაზრდელებმა აღდგენილი რძე სვან, კომპანიებმაც ბაღებში ფხვნილით დამზადებული რძის შეტანა დაიწყეს.

აღდგენილი რძე მთლიანად იმპორტირებული ნედლეულისგან მზადდება. უცხიმო მშრალ რძეში - იმავე რძის ფხვნილში - წყალს ურევენ და 3.2% ცხიმიანობის მისაღწევად ნაღების კარაქს ამატებენ. მცენარეული ცხიმების დამატება აკრძალულია.

რახან თბილისის მერია საქართველოში სასმელი რძის ყველაზე მსხვილი და სტაბილური შემსყიდველია, ლოგიკურია, რომ მას რძე საშუალოზე იაფი უჯდებოდეს, თუმცა ჩვენ საპირისპირო აღმოვაჩინეთ: მერია ბაღებისთვის აღდგენილ რძეს საშუალოზე ძვირად ყიდულობს.


მაგალითად, 2021 წელს ბათუმის საბავშვო ბაღებმა სანტეს 1 ლიტრ რძეში 80 თეთრით იაფი, 3 ლარი, გადაიხადეს. თბილისის მერია თითქმის იმავე მახასიათებლების რძეში 3.80 თეთრს იხდის, ანუ, 80 თეთრით ძვირს. გამოდის, რომ თბილისის მერია, ბათუმის მერიის ფასთან შედარებით, ჯამში, დაახლოებით 2.5 მლნ ლარით მეტს იხდის.

ბაღებისთვის შეძენილი რძის საფასური ქალაქების მიხედვით

მარჯვენა სანაპიროს საბავშვო ბაღებს რძით “ქართული რძის პროდუქტები” ამარაგებს. თბილისის მერია 1 ლიტრ ასეთ აღდგენილ რძეში 3 ლარს იხდის, მაშინ როდესაც “ქართული რძის პროდუქტების” წარმოებული რძით კომპანია „ჰელსი ფუდმა“ გარდაბნის საბავშვო ბაღების მომარაგების ტენდერში მიიღო მონაწილოება და რძის ფასად 2.90 თეთრი წარადგინა.
გამოდის, რომ „ჰელსი ფუდს“ „ქართული რძის პროდუქტებმა“ აღდგენილი რძე 10 თეთრით ან უფრო ნაკლებად შესთავაზა, ვიდრე თბილისის მერიას - თან მაშინ, როდესაც თბილისის მერია დიდი რაოდენობის - დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლიტრის - შეკვეთას აძლევს.

მერია იმპორტიორების სამსახურში

რატომ ყიდულობს მერია საბავშვო ბაღებისთვის იმპორტირებული რძის ფხვნილზე დამზადებულ რძეს, მაშინ როცა შეუძლია უფრო იაფად ადგილობრივი რძე იყიდოს?

მერიას სატენდერო მოთხოვნებში ერთი სიტყვა “არააღდგენილი” რომ ჩაეწერა, ტენდერში მონაწილე კომპანიები იძულებული გახდებოდნენ ადგილობრივი რძე მიეწოდებინათ. ასე მოიქცა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება, რომელმაც წელს 140 000 ლიტრი რძე იყიდა ადგილობრივი მწარმოებლებისგან, ლიტრი 3 ლარად და 5 თეთრად. რუსთავის საბავშვო ბაღები წელს 28 ათას ლიტრ არააღდგენილ, ნედლ რძეზე დამზადებულ სასმელ რძეს ყიდულობენ და იმაზე იაფად, - 2.99 თეთრად, - ვიდრე თბილისის ბაღები აღდგენილ რძეს.

„ქართული რძის პროდუქტებიც“ და „ეკოლუქსიც“ - კომპანიები, რომლებიც თბილისის ბაღებს ამარაგებენ, გვეუბნებიან, რომ საქართველოში ხარისხიანი ადგილობრივი რძის დეფიციტია და ბაღებში ამიტომ შეაქვთ ფხვნილზე დამზადებული რძე. “შეიძლება რძე კი შეგვაქვს მაღალ ფასად, 3.80 თეთრად, თუმცა სხვა პროდუქტი შეგვაქვს იაფად”, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ეკოლუქსის“ დირექტორმა, დავით იაღანაშვილმა. იგივე გვითხრა მარჯვენა სანაპიროს მომმარაგებელი კომპანიის დირექტორმა, გიორგი ლიპარტელიანმა, რომ მათი რძის ფასს განსაზღვრავს რაოდენობა, დისტრიბუციის ხარჯი. რაკი ბევრ სხვა პროდუქტსაც აწვდიან ბაღებს, ფასები დაბალანსებული აქვთ.

დეფიციტი თუ გულგრილობა

შემოტანილ პროდუქტზე არჩევანი იმიტომ შევაჩერეთ, რომ ქვეყანაში ნედლი რძის დეფიციტია, - ამტკიცებს თბილისის მერიაც. რამდენად რეალურია ეს მიზეზი?
ბოლო წლებში საქართველოში რძის წარმოება, მართლაც, შემცირდა, საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს ქვეყანაში 604 მილიონ ლიტრამდე ნედლი რძე იწარმოებოდა, 2020 წელს კი - 35 მლნ ლიტრით ნაკლები. მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღი ერთად ქართული რძის წარმოების მხოლოდ 0.35 %-ს მოიხმარს. ყველა ბაღს ერთად დღეში, დაახლოებით, 10 ტონა რძე სჭირდება, მაშინ როცა კახეთის მხოლოდ ერთი ფერმა დღეში 23-25 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს.

რძის წარმოება საქართველოში ბოლო რვა წლის მანძილზე

“აქ ან უცოდინრობასთან გვაქვს საქმე, ანდა ჩინოვნიკების გულგრილობასთან... მთავარია ჩინოვნიკებს ჰქონდეთ ამის ნება და სურვილი”, - უთხრა ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა რადიო თავისუფლებას. ამასვე ამბობენ მერძევეობის ასოციაციაშიც.

“მხოლოდ ჩვენი გაერთიანების წევრ მსხვილ ფერმებს აქვთ დღიურად, დაახლოებით, 30-40 ტონა რძე და თუ იქნებოდა გარანტირებული მოთხოვნა, მიწოდებასაც შევძლებდით”, - ამბობს მერძევეობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან არქანია.

იმპორტირებული ფხვნილი VS ადგილობრივი რძე

საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის უკრაინა, ბელორუსი, ირანი და აზერბაიჯანი ლიდერობენ. ამ ქვეყნებს ჭარბი რძე აქვთ და მისგან საექსპორტოდ ფხვნილს აწარმოებენ.

ჩვენთან მეტწილად უცხიმო ფხვნილი იმიტომ შემოდის, რომ უფრო მეტ მოგებას ღებულობენ, როდესაც მას უმატებენ საკმაოდ იაფფასიან მცენარეულ -  პალმისა და ქოქოსის - ცხიმებს.
ზურაბ პაპიაშვილი, რძის ტექნოლოგი

ქართული რძის პროდუქტების ბაზარი აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტითაა გაჯერებული, რეგულაციებით მხოლოდ ყველის ამოყვანისთვისაა სავალდებულო ნედლი რძე. დიდი კომპანიებისთვის მშრალი რძის გადამუშავება უფრო კომფორტულიცაა და მომგებიანიც, ფხვნილი სითხესთან შედარებით იოლად და ხანგრძლივად ინახება, მოგება კი აღდგენილს მაღალი აქვს.

“ჩვენთან მეტწილად უცხიმო ფხვნილი იმიტომ შემოდის, რომ უფრო მეტ მოგებას ღებულობენ, როდესაც მას უმატებენ საკმაოდ იაფფასიან მცენარეულ - პალმისა და ქოქოსის - ცხიმებს. როგორც კი ეს მავნე პრაქტიკა დაინერგა, ამან გაზარდა უცხიმო რძის ფხვნილზე მოთხოვნა და ფასი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ზურაბ პაპიაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების ინჟინერ-ტექნოლოგი, რომელიც დღეს რამდენიმე რძის საწარმოს კონსულტანტია.

სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ განსხვავება ფხვნილის აღდგენის შედეგად მიღებულ რძეზე დამზადებულ სასმელ რძესა და ადგილობრივი ნედლი რძის გადამუშავების შედეგად მიღებულ სასმელ რძეს შორის, თუ ორივე პროდუქტი მაღალი ხარისხისაა, უმნიშვნელოა, არააღდგენილი, ნედლი რძის სასარგებლოდ.

“თუ ფხვნილი ხარისხიანი რძისგანაა დამზადებული, ის არაფრით ჩამოუვარდება საღ რძეს, თუმცა, თუ იქნება მეწარმე, რომელიც ნედლი რძისგან დაამზადებს სასმელ რძეს, ამას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. თუ მეწარმე ფერმერებისგან შეიძენს ნედლ რძეს და ამას შესაბამისი ტექნოლოგიით გადაამუშავებს, ეს უკეთესი იქნება, ვიდრე აღდგენილი რძე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გივი ბასილაძემ, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა

როგორ კონტროლდება რძის ფხვნილი

საქართველოში რძის ფხვნილის (იგივე მშრალი რძე) შემოტანაზე თანხმობას სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს. იმპორტიორი კომპანია წარადგენს პროდუქტის ვეტერინარულ სერტიფიკატს - თანმდევ დოკუმენტაციას. ამ ცნობების საფუძველზე გაიცემა თანხმობა.
რადიო თავისუფლებამ სურსათის უვნებლობის სააგენტოს ჰკითხა, ამოწმებენ თუ არა იმპორტირებული ფხვნილის ხარისხს სისტემატურად და მრავალ კომპონენტზე? აღმოჩნდა, რომ არა. ბოლო 3 წელში ფხვნილი 30-ჯერ შეამოწმეს, ისიც მხოლოდ salmonella-ზე და დარღვევა არ უპოვიათ.

იმპორტისას ფხვნილი საბაჟო კონტროლსაც გადის. საბაჟოდან მიღებული ინფორმაციით, მოწმდება რძის ფხვნილის თანმდევი დოკუმენტაცია, ასევე მოწმდება მშრალი რძის სუნი, ფერი და გემო.

ყველა პარტიას ლაბორატორიულად არ იკვლევენ. საბაჟოდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ კონტროლი “ხდება საჭიროების შემთხვევაში და, მონიტორინგის გეგმის თანახმად, ნიმუშის აღება ლაბორატორიული კვლევისათვის. ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება ხორციელდება Salmonella spp და ტყვიის შემცველობაზე”.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე საბაჟოზე იმპორტირებული ფხვნილის 5 პარტიაში გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა, 4 პარტია განადგურდა, 1 კი მწარმოებელ ქვეყანაში დაბრუნდა.

“ეს მიდგომა არ არის სწორი. თუ სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს იმპორტირებულ ფხვნილს და ბაზარიც ამითაა გაჯერებული, მაშინ მისი საფუძვლიანი კონტროლიც უნდა აწარმოოს”, - ეუბნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციის, „მომავლის ფერმერის“, ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი რადიო თავისუფლებას და განაგრძობს:
“ერთი მხრივ, ქვეყანაში გაქვს მიღებული “რძის რეგლამენტი”, სადაც რძის ხარისხობრივი კონტროლის ყველა პარამეტრია ასახული, მსხვილი ფერმების რძე ყოველდღე მოწმდება და ამის საპირწონედ შემოგვაქვს იაფი მწარმოებელი ქვეყნების ფხვნილი, ქვეყნების, რომლებშიც სტანდარტები მოძველებულია. ფხვნილს მოჰყვება იმ ქვეყნების დოკუმენტები, რომლებიც საეჭვოა, ნაკლებ სანდოა და შესაძლოა კორუფციული გზით გაყალბებულიც კი იყოს (ამის პრაქტიკაც დაფიქსირდა, მაგალითად, რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაში). ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ეს ფხვნილი რომელი კატეგორიის რა ხარისხის რძითაა დამზადებული და ა.შ.. მით უფრო, როცა ქვეყნის მასშტაბით უამრავი ბავშვი მოიხმარს ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტს, უნდა ვიცოდეთ რამდენად უსაფრთხო და სარგებლიანია მისი მოხმარება გრძელვადიან პერსექტივაშიც”.

2021 წლის 6 თვეში საქართველოში 2 000 ტონაზე მეტი რძის ფხვნილი შემოვიდა, ღირებულებით 13 მლნ დოლარის, რაც, დაახლოებით, 20 მლნ ლიტრ ნედლ რძეს “უდრის”. ფხვნილის შესაძენად ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი გადის ქვეყნიდან. ბოლო წლების იმპორტის მონაცემები ასე გამოიყურება:

რძის ფხვნილის იმპორტი საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში

გასულ წელს, პანდემიის გამო რძის ფხვნილი რომ არ გაძვირებულიყო, სახელმწიფომ მისი ფასის სუბსიდირება დაიწყო. პანდემიის პერიოდში რძის ფხვნილის მსხვილმა იმპორტიორმა კომპანია “მეტეორმა” ბიუჯეტიდან 800 ათას ლარამდე თანხა მიიღო.

“პანდემიის დროს რძის ფხვნილის სუბსიდირება იყო ფერმერების სერიოზული დემოტივირება, ჩვენთვის იყო დამანგრეველი. როცა მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ფერმერებზე და მერძევეებზე რომ არ ფიქრობდა, ეს ფაქტია. ნამდვილად არ შეიძლებოდა ამის გაკეთება“, უთხრეს ამ ფაქტის შეფასებისას რადიო თავისუფლებას მერძევეობის ასოციაციაში.

ქართული რძის პარადოქსი - დეფიციტია, მაგრამ არ იყიდება

სახელმწიფო (მერია), ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ რძის ფხვნილის იმპორტს იმიტომ ახალისებს, რომ რძის ადგილობრივი წარმოება შემცირებულია, ფერმერები კი ამბობენ, რომ იმპორტთან კონკურენციის გამო ვერ ვითარდებიან.

მერძევეს არანაირი სურვილი არ უჩნდება, რომ წარმადობა გაზარდოს. რომ გაზარდოს სად წაიღოს რძე? ქვეყანაში, ფაქტობრივად,  რძის დეფიციტი გვაქვს, მაგრამ რა რძეც გვაქვს, ისიც არავის უნდა.
მერძევეობის ასოციაციის დირექტორი

მსხვილი მერძეული ფერმისა და შირაქის ბრენდის მფლობელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სახელმწიფოს არასწორი სტრატეეგიის გამო მისი ფერმა, რომელშიც 8 მილიონი ლარი დააბანდა, წამგებიანია და ძროხების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია:“ვერ ვუწევთ კონკურენციას რძის ფხვნილს. დოლარის კურსმა მოიმატა და საქონლის საკვები გაძვირდა. სახელმწიფო დარგის შესანარჩუნებლად ნაბიჯებს არ დგამს და წამგებიანი ფერმის შენახვას ვეღარ შევძლებ”.

ბოლო თვეში კიდევ რამდენიმე მსხვილ ფერმას შეექმნა პრობლემები. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს გარკვეულწილად ფერმერებისვე ბრალია.

საქართველოში რძის წარმოება პირობითად ორ ნაწილად იყოფა: ე.წ. “ბებოს რძე”, ანუ ოჯახებში მოწველილი რძე, და ინდუსტრიული რძე, რომელიც მსხვილ ფერმებში იწარმოება.
“ბებოს რძე” ინდუსტრიულ რძესთან შედარებით დაბალი ხარისხის და იაფი პროდუქტია, რადგანაც მის შეგროვებაში ბევრი რისკია, როგოც ხარისხის, ჰიგიენის, ასევე უსაფრთხოების მხრივ.

ინდუსტრიულ ფერმებში ხარისხი და უსაფრთხოება გაცილებით უკეთაა დაცული და მათი წარმოებაც სტაბილურია. თუ “ბებოს რძის” წლიური საშუალო ფასი 1 ლარზე ნაკლებია, ინდუსტრიული წარმოების რძის ფასი, დაახლოებით, 1.5 ლარია.როგორც მერძევეობის ასოციაციაში ამბობენ, სახელმწიფო ადგილობრივ პროდუქციას რომ უჭერდეს მხარს, მათი ინდუსტრია გაიზრდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე სახელმწიფო მილიონობით ლარს იმპორტირებულ რძის ფხვნილზე ხარჯავს.

“მერძევეს არანაირი სურვილი არ უჩნდება, რომ წარმადობა გაზარდოს. რომ გაზარდოს სად წაიღოს რძე? ქვეყანაში, ფაქტობრივად, რძის დეფიციტი გვაქვს, მაგრამ რა რძეც გვაქვს, ისიც არავის უნდა. ზაფხულში გვეუბნებიან, რომ “ბებოს რძის” [დაბალი ხარისხის და იაფი პროდუქტი -რ.თ] ფასად უნდათ ჩაიბარონ და ყველში გაუშვან. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ რძის ფხვნილით უფრო მაღალ მოგებას ნახულობენ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან არქანიამ, მერძევეობის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ფერმერები ამბობენ რომ ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა: ერთი მხრივ, რძის დეფიციტია, მეორე მხრივ კი, მსხვილი ფერმერები რძეს ვერ ყიდიან - მოთხოვნილებას ფხვნილი აკმაყოფილებს.

მერძევეები, წლებია, ითხოვენ დღგ-სგან გათავისუფლებას. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა 2018-19 წლებში განიხილა, თუმცა ეს ინიციატივა არ დაამტკიცა. ლევან არქანია ამბობს, რომ რძის გადამუშავება გათავისუფლებული უნდა იყოს დღგ-სგან, დღეს არსებული დაბეგვრის სისტემა დამატებით უპირატესობას აძლევს იმპორტირებულ რძის პროდუქტებს.

დღგს გაუქმება, დაახლოებით, 60 თეთრით გააიაფებდა 1 ლიტრ ნედლ რძეს მომხმარებლისთვის, რითიც ის დაუახლოვდებოდა აღდგენილი რძის ფასს და კონკურენციის მეტი შანსი ექნებოდა ადგილობრივ რძის პროდუქტებს შემოტანილთან შედარებით.

ხელისუფლება ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს დარგში, რომელიც უკან-უკან მიდის. მაგალითად, გაკოტრების პირას მისული შირაქის ფერმის 8- მილიონიან ინვესტიციაში 3 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება იყო. საქართველოს მთავრობამ მერძევეობის დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამაც კი წამოიწყო, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდიდან (IFAD) მიღებული18-წლიანი სესხით, 16 მლნ ევროთი ფინანსდება. ფერმერებისა და მეწარმეების დაფინანსება 2020 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება. სახელმწიფო დებს ფულს მერძევეობის განვითარებაში და მიღებულ რძეს სახელმწიფო დაწესებულებებიც კი არ ყიდულობენ და ქმნიან იმპორტისთვის სასათბურე პირობებს, რაც დარგს უკან და უკან ხევს.

რძე ფხვნილზე - ყველი ნატურალურ რძეზე?


ბაღებში შეტანილი სასმელი რძისგან განსხავავებით, ყველი, კანონით, ნედლი რძისგან უნდა იყოს დამზადებული.
„ვიტა პროდუქტი“ - ეს არის კომპანია რომლის წარმოებული ყველი მარცხენა სანაპიროს ბაღებში შედის, წელიწადში, დაახლოებით, 200 ტონა. ეს კომპანია ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა. თავდაცვის სამინისტრომ აღმოაჩინა, რომ ყველი, რომელსაც ჯარისთვის ყიდულობდნენ, რძის ფხვნილით იყო დამზადებული, რაც კანონით აკრძალულია. სამინისტრო ამ ყველს “ვიტა პროდუქტისგან” ყიდულობდა.

დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ყველში ფხვნილის გამოყენებას

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ერთ დღეს შეტანილი ყველის პარტიიდან ორი თავი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ერთი მათგანი რძის ფხნილით იყო დამზადებული. თავდაცვის სამინისტრომ დაასკვნა, რომ მიმწოდებელი არაკეთილსინდისიერად მოიქცა, რადგან იდენტური ეტიკეტის მქონე პროდუქციაში რეალურად ორი პარტია აღმოჩნდა - ერთი ნედლ, მეორე კი რძის ფხვნილზე დამზადებული. სამინისტროს მოთხოვნით ის ტენდერი გაუქმდა, რომელშიც „ვიტა პროდუქტს“ 2.5 მილიონი ლარის შეკვეთა ჰქონდა და ყველი თავდაცვის სამინისტროს გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი ქვემდებარე უწყებებებისთვის უნდა მიეწოდებინა.

რამდენიმე სხვადასხვა წყარო წალკიდან რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ვიტა პროდუქტის“ ქარხანა წალკაში, ბოლო წლებია, ადგილობრივ რძეს მცირე რაოდენობით იბარებს და მათი რძის გადამამუშავებელი ქარხანა რძის ფხვნილსა და გაყინულ იმპორტირებულ რძეზე მუშაობს.

რადიო თავისუფლებას „ვიტა პროდუქტის“ დირექტორმა და წილის მესამედის მფლობელმა კითხვებზე ნაწილობრივ უპასუხა: ”კი, შედიოდა ბაღში ჩვენი ყველი და არავითარი პრობლემა არ მქონია ლაბორატორიულ შემოწმებებთან... “ვიტა პროდუქტი” გაიყიდა, ბანკმა წაიღო. მორჩა, დასრულდა და რაღას არკვევთ?“ - გიორგაძემ ტელეფონი გაგვითიშა.

ტენდერით ბაღებშიც აკრძალულია ყველის ფხვნილისგან დამზადება და რძეში და რძის სხვა ნაწარმში მცენარეული ცხიმის გამოყენება. როგორ კონტროლდება ეს? როგორც გავარკვიეთ, საბავშვო ბაღები პროდუქტის მიმწოდებელი კომპანიების დაკვეთით ჩატარებულ ლაბორატორიულ დასკვნებს ენდობა. ბაღები არ ახდენენ ხარისხის ლაბორატორიულად გადამოწმებას.

ხომ არ არის შესაძლებელი ბაღებშიც განმეორდეს ის, რაც ჯარში დაფიქსირდა - ლაბორატორიის დასკვნით ხარისხიანად მიჩნეული პროდუქტის ნაწილი სხვა შემადგენლობისა და ხარისხის იყოს?

ამის გადამოწმების ერთადერთი გზა ლაბორატორიული კვლევებია. რადიო თავისუფლებამ ბაგა-ბაღების სააგენტოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჰკითხა, ამოწმებენ თუ არა ლაბორატორიულად ბაღებში შეტანილ რძის პროდუქტებს. ბაღების სააგენტომ კითხვებზე შაბლონურად გვიპასუხა, თუმცა გაირკვა, რომ გადამოწმებას თავად არ ახდენენ.

ბაღების სააგენტოს პასუხი - არსებობს თუ არა ბაღებში დამატებითი კონტროლი

ბაღების სააგენტოდან მოგვწერეს, რომ ბაღებში პროდუქტს სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში - გვითხრეს, რომ ბაღებში რძის პროდუქტების შემოწმება მათი ვალდებულება არ არის; თუ მათ მიმართავენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეამოწმებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მეტწილად მიმწოდებელი კომპანიების კეთილსინდისიერების იმედად არიან.